ჯგუფური თავის ტკივილი

      დეა ცუცქირიძე, გიორგი გეგელაშვილი

საუბრები ტკივილზე  
მესამე საუბარი  
ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა – მჯობნის მჯობნი არ დაილევაო. აქ დადებითი დატვირთვაა, მაგრამ დღეს როდესაც თქვენთან სასაუბროდ მოვდიოდი და ბუნებრივია ვფიქრობდი ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაზე, ვიფიქრე რომ ის, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მართლაც გაცილებით ,,სჯობს’’ და ,,სჯაბნის’’ თავის მონათესავე ჯგუფის ტკივილებს თავისი სისასტიკით. თქვენს წიგნში ,,შაკიკის საიდუმლო’’ ამოვიკითხე, რომ მას თავისი ხასიათის გამო ,,თვითმკვლელობის’’ თავის ტკივილსაც უწოდებენ. 
მოდით დღეს პირველადი თავის ტკივილის ამ ერთ-ერთ იშვიათ ფორმაზე, ჯგუფურ თავის ტკივილზე ვისაუბროთ. მართლაც ასეთი ”სასტიკია” იგი, თუ ცოტა გადამეტებულია შეფასება?

ჯგუფური ანუ ”კლასტერული”, როგორც მას დასავლეთში ეძახიან, მართლაც რომ ყველაზე ძლიერი და უნიკალური პირველადი თავის ტკივილია, რაც კი შეიძლება ადამიანმა გამოსცადოს. ამ დროს ადამიანები ღმუიან ტკივილისგან და, ეს ადამიანები რატომღაც მამაკაცები არიან უფრო ხშირად. ამ გენდერული თავისებურების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.

რატომ ”ჯგუფური”, ვინ უწოდა ასე?

თავის ტკივილის შესწავლით დაინტერესებულმა მეცნიერებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაეთანხმა. ერთ დროს მას ”ჰორტონის თავის ტკივილს” უწოდებდნენ. ნევროლოგიაში ჩემი პირველი ნაბიჯების დროს ასე ეწოდებოდა და ჩემი მასწავლებელიც პროფესორი ცოტნე ჩხიკვიშვილიც ასე ეძახდა თავიდან. მაგრამ ამერიკელი ნევროლოგი ბაიარდ ჰორტონი არ იყო პირველი აღმწერელი, თანაც ჰორტონის თავის ტკივილი ჰორტონის ავადმყოფობაში ხშირად ერეოდათ და მეოცე საკუნის ბოლოს გადაწყვიტეს გვარი ამოეღოთ დასახელებაში. ამავე დროს ისიც გაითვალისწინეს, ალბათ, რომ ”გული არ დაწყვეტოდათ” სხვა მეცნიერებსაც, რომელთაც არანაკლები დრო დაუთმეს მის შესწავლას.

და ვის უნდა დაწყვეტოდა გული?

მაგალითად, მე-16 საუკუნის იტალიელ ქირურგს და ანატომს ვიდუს ვიდიუსს (იგივე გუიდო გუიდის), მე-17 საუკუნის ინგლისელ ნევროლოგს, ფსიქიატრს და ანატომს თომას უილისს, მე-19-20 საუკუნეებში მოღვაწე ამერიკელ ყელ-ყურ-ცხვირის პროფესორ გრინფილდ სლუდერს, მე-20 საუკუნის გამოჩენილი ნეიროქირურგს ჯეიმს გარდნერს და ბაიარდ ჰორტონის კოლეგებს, მე-20 საუკუნის ცნობილ ნევროლოგებს ვილფრედ ჰარისისს და რობერტ ბინგს.

ასე გულის წყვეტაზეა საქმე თქვენთან, ნევროლოგიაში?

არა საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ. ამ ადამიანების სახელები უკვე ერქვა ამ თავის ტკივილს. თითოეული მათგანი ფიქრობდა, რომ ახალი ავადმყოფობა აღწერა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ერთი და იგივე თავის ტკივილი ყოფილა. თავის ტკივილის შემსწავლელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უარი თქვა გვარებზე და იმ დროს მოქმედი სინონიმებიდან ძალაში დატოვა ”კლასტერული თავის ტკივილი”, რომელიც ასახავს ავადმყოფობის განსაკუთრებულ მიმდინარეობას. ჩვენც ავიღეთ და ”კლასტერი” ვთარგმნეთ, როგორც „ჯგუფური“ ანუ „დაჯგუფებული“. “Cluster” ხომ მსგავსი საგნების ერთობლიობას ან მსგავსი მოვლენების განმეორებას ნიშნავს.

და ”ორი სახელი” გამოგივიდათ ”ცისფერი მთებივით”?

არა ცისფერი მთებივით არ გამოგვივა, თუ ”მურვანიძემ წაიკითხა და ხელი მოაწერა” დარჩება ”ჯგუფური”. ისე, მე ”დაჯგუფებული” მერჩივნა, მაგრამ ცოტა უფრო დიდია. ფრჩხილებში ”კლასტერი” მაინც დავტოვეთ, რადგან გარდამავალ პერიოდში ეცოდინებათ ექიმებს რაზეა საუბარი. ”მურვანიძემ” და თქვენც შეგიძლიათ დააწკაპუნოთ და უფრო დეტალურად ნახოთ თარგმანის თავისებურებები. შეგიძლიათ ჩაებათ პოლემიკაში. ამ თავის ტკივილს პოლემიკა ”ყვარებია” როგორც ხედავთ.

პირველი აღმწერელის სახელი რომ ეწოდებინათ და ამით დამთავრებულიყო საქმე, მაგალითად ვიდიუსის. თქვენს ჩამონათვალში ხომ ის ყველაზე ადრეულია?
საქმე იმაში გახლავთ, რომ ვიდიუსიც არ იყო პიონერი. როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, პირველად ამ ტკივილს შეეხო ექიმი ნიკოლაას ტულიპი 1641 წელს [Dr Nicolaeus Tulip (1593-1674)]. მაგრამ ტულიპი არ იყო მეცნიერი, იგი მხოლოდ კარგი და გამჭრიახი ექიმი იყო, ამიტომ არ ”დაუმადლეს”. თუმცა, იგი უკვდავყო რემბრანტმა ცნობილი ქმნილებით ”დოქტორ ტულიპის ანატომიის გაკვეთილი” (1632).

დეა, თქვენ ”ჯგუფური” გეხამუშათ და ”ტულიპის კონის თავის ტკივილი” რომ დაგვერქმია რა მოხდებოდა? კლასტერის სხვა მნიშვნელობა ხომ ყვავილების კონაა. ამას გარდა, პათოფიზიულოგიური თვალსაზრისით, შეტევის დროს ჰისტამინის რაოდენობა მკვეთრად იმატებს და ერთერთი სინონიმიც ”ჰისტამინური ცეფალგიაა”. თუ ამასაც დავუმატებთ გამოვა ”ტულიპის კონის ჰისტამინური თავის ტკივილი” აი, უხერხულობა მაშინ გენახათ...

უი, სულ დამაბნიეთ. ე.ი. ტკივილების ჯგუფები და არა ადამიანების ჯგუფი ტკივილი – ეს გავიგე. და როგორია თავის ტკივილის ჯგუფი მაინც?
ჯგუფურ თავის ტკივილს ახასიათებს “სერიული” მიმდინარეობა ანუ მიდრეკილება შეტევების დაჯგუფებისკენ. ტკივილის სერია სულაც არ ჰგავს სერიალს, რომელიც დღეში ერთხელ, სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებშია. იგი ხშირად ღამითა და დასვენების დღეებში იწყება, როდესაც ადამიანი (მამაკაციც ხომ ადამიანია) ლუდს დააგემოვნებს, ტყვიამფრქვევის ჯერივით ”მიაყრის” და რამოდენიმე კვირა ან თვე გრძელდება. შეტევების დაჯგუფებას თან სდევს სრულიად უტკივილო პერიოდები რამდენიმე კვირის, თვის ან წლის განმავლობაში.

და თავად ტკივილი რატომაა ასე ”ულმობელი”, უფრო დეტალურად შეიძლება აგვიწეროთ?

ჯგუფური თავის ტკივილი:

ინტენსივობით ძლიერია და აუცილებლად ცალმხრივი.

ტკივილის ეპიცენტრი მდებარეობს თვალბუდეში, მის უკან, ირგვლივ ან საფეთქლის მიდამოში (ეპიცენტრიდან ტკივილი შეიძლება გავრცელდეს თავის სხვა არეებში).

ნებაზე მიშვებული შეტევა გრძელდება 15-180 წუთი.

დღის განმავლობაში შეტევათა რაოდენობა შეიძლება იყოს 1-დან 8-მდე.

თავის ტკივილს თან ახლავს ფორიაქი, მოუსვენრობა ან, სულ მცირე, ერთი შემდეგი სიმპტომი ცალმხრივ, მხოლოდ ტკივილის მხარეს:

თვალის ჩაწითლება

ცრემლდენა

ცხვირის გაჭედვა

გამონადენი ცხვირიდან (”ცალმხრივი სურდო”)

შუბლის და სახის ოფლიანობა

გუგის შევიწროვება (მიოზი)

ქუთუთოს შეშუპება და დაშვება (ფტოზი).

ბატონო გიორგი, ახლა მე წარმოვიდგინე ტკივილით გამოღვიძებული კაცი როგორ ბორგავს და დადის ღამით, ცალი თვალით როგორ ტირის, როგორ ნანობს რატომ დავლიეო. პირველად შემეცოდეთ კაცები. მაგრამ ჩვენც ხომ ვიტანჯებით შაკიკით.

დიახ, სამწუხაროდ სწორედ ასეთი ტკივილია. მაგრამ მკითხველს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჯგუფური თავის ტკივილით დაავადებული მამაკაცები მსმელები არიან. პირიქით, ხვდებიან რა, ალკოჰოლის (განსაკუთრებით ლუდის) უარყოფით გავლენას – საერთოდ წყვეტენ ალკოჰოლის მიღებას. მამაკაცებსა და ქალებს შორის განსხვავებაც პირობითია: 


ნებისმიერი პირველადი თავის ტკივილი შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში.

მაგრამ ჯგუფური თავის ტკივილი ხომ ერთ-ერთი იშვიათი ფორმაა.

... დაძაბული ტიპის თავის ტკივილზე და შაკიკზე კი, მაგრამ ისე ძალიან იშვიათი არ არის. საერთო პოპულაციაშია ცოტა იშვიათი (1000-დან ერთს თუ აქვს), თორე ოჯახის ექიმის პრაქტიკაში 100 თავის ტკივილიდან 4 – ასეთია. ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ქალასშიდა ჰიპერტენზია, ოსტეოქონდროზით ან სისხლძარღვების შევიწროვებით განპირობებული თავის ტკივილი ერთად აღებული.

არადა სულ მესმის თავი მტკივა და ”შიდა ქალის წნევა მაქვს”, ”თავი მტკივა და მარილების ბრალია”, ”თავი მტკივა სისხლძარღვების სპაზმი დამიდგინეს”

კიდევ გიმეორებთ ქალას შიდა ჰიპერტენზია, ოსტეოქონდროზი ან სისხლძარღვების შევიწროება არ არის ანგარიშში ჩასაგდები მიზეზი თავის ტკივილის დროს. და, თუ ყველას პირზე აკერია, ”ბოდიში მომითხოვია... ახლა ყველაფერს ნუ მალაპარაკებთ...”

არაპროფესიონალისთვის თავის ტკივილი და შაკიკი გაიგივებული ცნებებია. კლასტერულ თავის ტკივილს თუ აქვს რაიმე საერთო შაკიკთან, რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც არანაკლებ მტკივნეული პრობლემაა საზოგადოებისთვის?

კლასტერულ თავის ტკივილს ზოგჯერ მართლაც განიხილავდნენ, როგორც შაკიკის ვარიანტს – ”წითელ შაკიკს”. მაგრამ ეს მცდარი მიდგომაა, რადგან ის თავის ტკივილის განსაკუთრებული ფორმაა და სრულებით განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებს.

შეცდომით დასმულმა დიაგნოზმა ამიტომაც შესაძლებელია, რომ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.

იცით, თუ ,,მძიმედ’’ მხოლოდ ფატალურ შედეგს განვიხილავთ, რა თქმა უნდა ეს საშიშროება არ დგება. მაგრამ წლების განმავლობაში არასწორად შერჩეული მედიკამენტების სმა, აუტანელი ტკივილით ცხოვრება და უიმედობის განცდა, ვფიქრობ – სწორედაც რომ უმძიმესი ტვირთია ანუ ”მძიმე შედეგია’’ – როგორც თქვენ მას უწოდეთ.

მაგრამ კლასტერულ ტკივილს საკმაოდ დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს. რა შეიძლება გახდეს შეცდომის დაშვების საბაბი?

ყველაზე ხშირად ეშლებათ სამწვერა ნერვის ნევრალგიაში და პაციენტები წლების მანძილზე სვამენ კარბამაზეპინს.

ხშირად ეშლებათ ფრონტიტში და ჰაიმორიტში და ენდობიან რა რენტგენით ნანახ ”წიაღების დაჩრდილვას” - აკეთებენ წიაღებისის პუნქციებს.

პუნქციას ვინ დაეძებს, ოპერაციებსაც კი.

ეშლებათ შაკიკში და ღებულობენ შაკიკის პრეპარატების კრებულს წლების მანძილზე სრულიად უმიზნოდ და უშედეგოდ.


...გავაგრძელო?

არა აღარ გააგრძელოთ.... კი მაგრამ რა აპარატურა უნდა დავდგათ დიაგნოზები რომ დავსვათ?

პირველადი თავის ტკივილის დიაგნოზის დასმას სჭირდება:

პაციენტის მოსმენა

პაციენტზე დაკვირვება

კრიტერიუმების წაკითხვა


...და, ცოტა გამოცდილება, რა თქმა უნდა.

და მაინც როგორ?

როგორ და დიფერენციული დიაგნოზით. სულ რამოდენიმე სიმპტომს დააკვირდით:

სამწვერა ნერვის ნევრალგია

3-5 წუთზე მეტხანს არ გრძელდება და თავის თმიან ნაწილზე არ გადადის

არის მხოლოდ დღისით. ხშირად იწყება კბილების გამოხეხვის, პირის გაპარსვის, კანზე ტემპერატურული კონტრასტის შექმნის ან სხვა გამღიზიანებლის საპასუხოდ.

ფრონტიტი და ჰაიმორიტი

წუთები და საათები არ მიმდინარეობს

შეტევები არ ახასიათებს

ჯგუფური თავის ტკივილისგან განსხვავებით ტკივილებს შორის უხვი სიმპტომებია

ზოგჯერ ”იტყუება” რენტგენი და ამიტომაც კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება.

შაკიკი

შაკიკის დროს ადამიანები სრულიად უუნარონი და "მიმკვდარუნებულნი" არიან; ჯგუფური შეტევებისას კი აჟიტირებულები.

შაკიკს არა აქვს ცალმხრივი ტირილი და სურდო

დაბოლოს შაკიკი 4 საათზე მეტხანს გრძელდება.


გარდა ამისა, როგორც ჩვენს მიერ უკვე განხილულ თავის ტკივილებში, შაკიკის დროს, დიაგნოსტიკა მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის მონათხრობს, მისი დაკვირვების უნარს, გადმოცემის ეფექტურობას, სწორი აქცენტების, სწორი შეფასების შესაძლებლობას ეყრდნობა. 


არ იფიქროთ, რომ ამას მხოლოდ ინტელექტუალური ადამიანები ახერხებენ. ეს უნარი ნებისმიერ ადამიანს თანდაყოლილი აქვს და ექიმს კი მათი გამომჟღავნება, სწორ კალაპოტში მოქცევა ევალება.

მგონი გაგანაწყენეთ... მაგრამ წარმოვიდგინე ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ტკივილატანილი ოთახის კედლებს აწყდება და იმიტომ რომ ჯერ არ გამოუგონებიათ ზოგადად თავის ტკივილებისთვის გამოსაკვლევი ინსტრუმენტი, თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობს.

არა, ამას ჩვენც განვიცდით, მაგრამ აუცილებელია გავიაზროთ, რომ თავის ტკივილის მსოფლიო ცენტრების მუხლჩაუხრელი შრომის მიუხედავადაც კი, ჩვენ მაინც კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ ამ მიმართულებით.


არასწორი დიაგნოზის დასმისშემთხვევაში პაციენტი ხშირად ღებულობს არასაჭირო მედიკამენტებს. ამ შემთხვევაში ჯგუფურ ტკივილს თან მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით გამოწვეული ტკივილიც ერთვის თან.

მაგრამ აქაც მედლის მეორე მხარე – თავის ტკივილები ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვენ. თუ ამ ადამიანს ერთხელ გაუცრუვდა იმედი, შესაძლოა მას ნებისყოფა არც ეყოს ახალი მკურნალობის ბოლომდე მისაყვანად და ისევ გაქცევა სცადოს.

არა, არც ასე ცუდადაა საქმე. სწორი მკურნალობის ეფექტს პაციენტი საკმაოდ მალე (რამოდენიმე დღეში) გრძნობს. განსხვავებას ხედავს, სიმშვიდე ეუფლება და ნდობით აგრძელებს მკურნალობას. თქვენ ანდაზით დაიწყეთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, მეც ასე გიპასუხებთ – მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? ან – ცდა როდის მერე აღარ არის ბედის მონახევრე?

აბსოლუტურად გეთანხმებით... დავუბრუნდეთ "კლასტერს". თქვენ წარმატებით დავსვით დიაგნოზი, "კლასტერული ცეფალგია", რომელიც იშვიათი ავადმყოფობაა და 1000 ადამიანიდან შესაძლებელია, რომ დაახლოებით 3 ჰქონდეს. ამ სამი ადამიანიდან ორი აუცილებლად ქალია?

არა, კლასტერი შაკიკისგან განსხვავებით ქალებს მამაკაცებზე მეტად ინდობს მამაკაცებთან ის 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება. მაგრამ ეს მაინც არ არის მისი ამოცნობის მყარი ნიშანი. არც ის, რომ, როგორც წესი, პირველი შეტევა 20 დან 40 წლამდე ვითარდება, რადგან შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. ნახეთ, ჩვენი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ კლასტერს აქვს სიმპტომებიც და მინიშნებებიც, ეს უკანასკნელი კი ყოველთვის ვერ იქნება დასაყრდენი.

კლასტერული ტიპის თავის ტკივილი ერთგვაროვანია თუ აქაც გვაქვს განსხვავებები?

გამოარჩევენ ჯგუფური, კლასტერული თავის ტკივილის ორ ქვეტიპს: ეპიზოდურს და ქრონიკულს.


ეპიზოდური კლასტერული თავის ტკივილი


ყველაზე ხშირად გვხვდება – შემთხვევების 80%-ში. ამ ფორმისთვის დამახასიათებელია მტკივნეული პერიოდების ცვლა, რომლის დროსაც ყოველდღიურად ხშირად დღისა და ღამის ერთსა და იმავე პერიოდში ვითარდება აუტანელი ტკივილი, რომელსაც უტკივილო პერიოდი ცვლის.


ჩვეულებრივ ტკივილის შეტევები 6–12 კვირას გრძელდება, მაგრამ შეიძლება დამთავრდეს 2 კვირის თავზე ან გაგრძელდეს 6 თვეს. მტკივნეულ პერიოდებს სეზონური ხასიათი ახასიათებთ ანუ ისინი ჩნდებიან წელიწადის ერთსა და იმავე დროს. შეტევების დაჯგუფების ”შეყვარებული” წელიწადის დროებია გაზაფხული და შემოდგომა, თუმცა ნებისმიერ თვეში შეიძლება ”გვეწვიოს” და ტყვიამფრქვევის ჯერივით ”აკაკანდეს”.


ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ტკივილების ორი სამი დაჯგუფება წელიწადში, ზოგს კი რემისია 2–3 წელიწადს უგრძელდება. რემისიის დროს პაციენტს არავითარი ჩივილი არა აქვს.


ქრონიკული კლასტერული ტიპის თავის ტკივილი 


ხასიათდება ყოველდღიური ან პრაქტიკულად ყოველდღიური თავის ტკივილის შეტევებით, რომლებიც წლიდან წლამდე გრძელდება და არა აქვს ნათელი პერიოდები, ან იშვიათად შესაძლებელია ჰქონდეს წელიწადის 12 თვიდან ერთი თვე. ქრონიკული ფორმის სიხშირე არ აღემატება 10%. ეპიზოდური კლასტერული ტიპის თავის ტკივილი შესაძლებელია გადავიდეს ქრონიკულში და პირიქით.

რა მიზეზები იწვევს კლასტერულ თავის ტკივილს?

უამრავი კვლევების მიუხედავად, კლასტერული ტკივილის წარმოშობის მიზეზები გაურკვეველია. ვარაუდობენ, რომ მტკივნეული პერიოდების რიტმული გაჩენა კავშირში უნდა იყოს თავის ტვინის მიდამოებში ჰიპოთალამუსის აქტივობასთან, რომელსაც ,,ბიოლოგიური საათი’’ ჰქვია და განსაზღვრავს ბიოლოგიურ ცვლებს – ცირკადულ რიტმს ადამიანის ორგანიზმში.

თქვენ ბრძანეთ, რომ ამ ტკივილს განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდება. საინტერესოა,როგორი მკურნალობის მეთოდები არსებობს?

შეტევის მკურნალობის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს 100%-იანი ჟანგბადის შესუნთქვა, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებისთვის სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო, რაც სახლის პირობებში მის გამოყენებას ართულებს. ლიდოკაინის ჩაწვეთება ცხვირში ნაკლებად ეფექტურია. გაცილებით იოლია სუმატრიპტანის ინექციებით შეტევის მოხსნა ან ზოლმიტრიპტანის ჩასუნთქვა, მაგრამ ჩვენთან ეს პრეპარატები არ მოიპოვება. სამაგიეროდ ყველა საშუალება გვაქვს ჯგუფური თავის ტკივილის პრევენციისთვის.

პირველადი თავის ტკივილის დროს მართლაც არ არის თავის გადაღება საჭირო?

დიახ, მაგრამ თუკი ექიმი დიაგნოზის სიზუსტეში დაეჭვდა, თავის ტკივილის სხვა მიზეზების გამოსარიცხად, მან შეიძლება დანიშნოს კვლევის დამატებითი მეთოდები: კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა. თუ ექიმი ასეთი კვლევის საჭიროებას ვერ ხედავს და დარწმუნებულია დიაგნოზში, ამ ტიპის გამოკვლევები ზედმეტია.

  Copyright 2012