ტკივილის კლასიფიკაცია ხანგრძლივობის მიხედვით

      გიორგი გეგელაშვილი

ხანგრძლივობის მიხედვით ტკივილი კლასიფიცირდება, როგორც:

მწვავე ტკივილი 

ქრონიკული ტკივილი

ზოგჯერ განასხვავებენ 3 ტიპის ტკივილს

მწვავე ტკივილი

ქვემწვავე ტკივილი

ქრონიკული ტკივილი

ტკივილის კლასიფიკაცია ხანგრძლივობის მიხედვით

მწვავე

ქვემწვავე

ქრონიკული

ტკივილის ხანგრძლივობა 

1 თვემდე

ტკივილის ხანგრძლივობა 

1-2 თვე

ტკივილის ხანგრძლივობა 

2 თვეზე მეტი

მწვავე ტკივილი  

ფილოსოფიური არსით მწვავე ტკივილი ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირების "მოდარაჯე საგანგაშო" სიგნალია. იგი წარმოიშვება სხეულის ნებისმიერი ხელყოფის მცდელობის საპასუხოდ, რათა დროულად მოხდეს შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება.

მაგ., ცხელ საგანზე ხელის შეხებისას აღმოცენებული არასასიამოვნო შეგრძნება ამცნობს ადამიანს მოახლოებულ ხიფათს და აიძულებს მას დაიცავას თითები დამწვრობისაგან.


იმისათვის, რომ დროულად და ეფექტურად განხორციელდეს მოცილების რეაქცია, მყისიერად "იღვიძებს" სიმპათიკური ნერვული სისტემა, ხოლო პარასიმპათიკური – ითრგუნება. ამ დროს სისხლში გამოიყოფა ნეიროშუამავლები – კატექოლამინები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანგაშო მზაობას და თავდაცვითი ან აგრესიული ქმედებების განხორციელებას ანუ "ბრძოლის და სრბოლის" რეაქციას.[1]


ქირურგიული ჩარევის შემდგომი (პოსტოპერაციული) ტკივილიც კვალიფიცირდება, როგორც მწვავე ტკივილი. მისი ფუნქციაც ქსოვილების შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებაა, თუმცა ტკივილმა ამ შემთხვევაში შეიძლება პრობლემები შეუქმნას ადამიანს.


მაგ., კუჭის ოპერაციის შემდგომი ტკივილი არ აძლევს პაციენტს საშუალებას თავისუფლად ისუნთქოს, რაც შესაძლებელია ფილტვების ანთების საბაბი გახდეს. სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია და სტრესული რეაქცია კი, ხშირად ოპერაციის შემდგომი პერიოდის გახანგრძლივების მიზეზია.

ქრონიკული ტკივილი  

როდესაც ტკივილი ავადმყოფობის (ან დაზიანების) მწვავე პერიოდის გავლის შემდეგაც რჩება – ქრონიკულს უწოდებენ. ეს უკანასკნელი პაციენტს ხელს უშლის ჭრილობის მოშუშებაში, ხოლო ექიმს მკურნალობის თავსატეხს უჩენს. [2]


გაჭიანურებული ტკივილი სულაც არ არის ორგანიზმის სასარგებლო ფენომენი. იგი არყევს ჯანმრთელობას და მრავალი გართულების საბაბია.[3] ქრონიკულმა ტკივილმა ადამიანი შეიძლება დიდ განსაცდელამდე მიიყვანოს; დაუკარგოს მას ნორმალური აქტივობის სურვილი და სრული სოციალური განდეგილობაც კი გამოიწვიოს.


ქრონიკული ტკივილის გაუვნებლობა მეტად რთულია. პრობლემის გადაჭრას მხოლოდ მკურნალობა ანუ პრეპარატების დანიშვნა და მიღება არ შველის. ტკივილის მართვა მკურნალობასთან ერთად სხვადასხვა სპეციალისტების ჩართვას და მრავალი ღონისძიების ჩატარებას ანუ მრავალმხრივ ("მულტიმოდალურ") მიდგომას მოითხოვს. იგულისხმება ფიზიოთერაპიული, ფსიქოლოგიური, ინტერვენციული და სხვა მეთოდები.

მწვავე და ქრონიკული ტკივილი განსხვავება  
 

მწვავე ტკივილი

ქრონიკული ტკივილი

დამცველობითი ფუნქცია

აქვს გარკვეული დამცველობითი ფუნქცია როგორც წესი, დაკარგული აქვს დამცველობითი ფუნქცია

ტკივილის გაყუჩება

მარტივია ან ნაკლებად რთულია რთულია, ხშირად პრობლემურია

დამოკიდებულება

უჩვეულოა ჩვეულია

ფსიქოლოგიური კომპონენტი

ჩვეულებრივ არ გვხვდება ან მინიმალურია ხშირად დიდი პრობლემაა

ორგანული მიზეზი

ჩვეულებრივია აღარ არის ან იშვიათია

წამომწყებები (ტრიგერები)

დაკავშირებულია თანდათან აღარ ხდება დამოკიდებული

გარემოს ზეგავლენა და ოჯახის ჩართულობა

მცირეა მნიშვნელოვანია

ადგილმდებარეობა

ზუსტადაა განსაზღვრული ინდივიდუალურად იცვლება

უძილობა

ჩვეულებრივ არ გვხვდება ხშირია

მკურნალობის მიზანი

ტკივილის გაყუჩება ფუნქციების აღდგენა

დეპრესია

უჩვეულოა ჩვეულია

დაავადების პროცესის არსი

ავადმყოფური მდგომარეობა გამოხატული ავადმყოფობა

 

ლიტერატურა  

[1] Villanueva L, Dickenson AH, Ollat H. The pain system in normal and pathological states, A primer for clinicians. Seattle: IASP Press, 2004. xviii, 347. ISBN: 9780931092534
[2] Merskey H, Bogduk N. Classification of chronic pain, Descriptions of chronic pain syndromes anddefinitions of pain terms. 2nd ed. Seattle:IASP Press, 1994. xvi, 222. ISBN: 9780931092053. Available from: www.worldcat.org/oclc/30112456.
[3] Shipton EA, Tait B. Flagging the pain. European Journal of Anaesthesiology 2005;22:405–12.

  Copyright 2012