|
ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი დეა ცუცქირიძე, გიორგი გეგელაშვილი
ბატონო გიორგი, მოდით დღეს ვისაუბროთ ქრონიკულ ყოველდღიურ თავის ტკივილზე. საინტერესოა, რატომ არ განიხილავთ მას ავადმყოფობად და მხოლოდ სინდრომად მოიხსენიებთ?
თუკი ადამიანს ყოველდღიური თავის ტკივილი აქვს, ტკივილის სიხშირისა და ინტენსივობის გამო იძულებულია ყოველ დღე მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი და ეს დაუსრულებელი პროცესია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არ გახლავთ ეპიზოდური ,,წამოტკივება’’ და საქმე ავადმყოფობასთან გვაქვს. მაგრამ არსებობს რამდენიმე სახის თავის ტკივილი, რომელიც 15 დღიდან სამ თვემდე გრძელდება. ამიტომ მედიცინაში დამკვიდრდა ტერმინი ,, ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილის სინდრომი’’, რომელიც ყველა მსგავს თავის ტკივილს აერთიანებს. როგორც მივხვდი, ამ ტერმინის არსებობა საშუალებას იძლევა კომპლექსურად მივუდგეთ პრობლემას ანუ დიაგნოზის დასმისას, როდესაც ადამიანი ასეთ გახანგრძლივებულ ტკივილს უჩივის, განვიხილოთ ტკივილის წარმოშობის ყველა შესაძლო ვარიანტი. მე გამიჩნდა შეგრძნება, რომ ამ ტერმინის შემოღება შეცდომების ალბათობასაც შეამცირებს.
არა, უფრო ვიტყოდი, რომ ტერმინი აუცილებლობამ მოიტანა. ნებისმიერი პროფესიონალი ვალდებულია ასეთი ავადმყოფობის დიაგნოზირებისას ყველა მსგავსი სიმპტომატიკის ავადმყოფობა განიხილოს. ასეა თუ ისე, არაპროფესიონალის კვალობაზე, სწორ გზას ადგახართ. არსებობს რამდენიმე ტიპის ქრონიკული თავის ტკივილი რომელიც ერთმანეთისაგან მხოლოდ წარმოშობის მიზეზით განსხვავდება. ყველაზე გავრცელებული მათ შორის დაძაბული ტიპის თავის ტკივილი და წამლების ჭარბი მოხმარების თავის ტკივილია. ეს უკანასკნელი კი შეიძლება განვითარდეს შაკიკის ან დაძაბული ტიპის თავის ტკივილის მიზეზით მიღებული მედიკამენტებისგან. ისე გამოდის, რომ ეს გარკვეულწილად წრედია, რომელიც ერთმანეთთან ან მუდმივად კავშირშია ან შეიძლება მათი გზები ნებისმიერ მომენტში გადაიკვეთოს. და მათ ერთნაირი სიმპტომებიც ახასიათებთ?
დიახ, ძირითადი სიმპტომი ერთია – გამუდმებული, შემაწუხებელი ტკივილი. ძირითადი სიმპტომის გარდა, გვაქვს სხვა სიმპტომებიც – დაღლილობა, მოთენთილობა, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა. შეიძლება თავის ტკივილის ინტენსივობა გაიზარდოს და აუტანელი გახდეს, შემდეგ ისევ შემცირდეს. ... გამოდის, რომ გვათამაშებს ტკივილი... ეს ტკივილი, რომელსაც ექიმები ახასიათებთ როგორც სიცოცხლისათვის უსაფრთხოს, საბოლოო ჯამში ნამდვილად არ იწვევს ფატალურ შედეგს, მაგრამ ადამიანის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს. ყოველდღიური ტკივილი ან ტკივილის მოლოდინი... საშინელი პერსპექტივაა მთელი დარჩენილი სიცოცხლისთვის. როგორ მოვერიოთ ამ ტკივილს?
მხოლოდ თავდადებით. თუ გულხელს არ დავიკრებთ, ეს შესაძლებელია. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ აქვს მხოლოდ ორი ვარიანტი – შეეგუოს ტკივილს ან იბრძოლოს მასთან გამუდმებით და დაძლიოს იგი. ვფიქრობ, ბრძოლა უპრიანია, მაგრამ შეუძლებელია ამ ბრძოლაში მარტომ გაიმარჯვოთ, თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ექიმი. მაგრამ არსებობს უამრავი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა აფთიაქებში...
ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც ნაჩვენებია შაკიკის ან დაძაბული ტიპის თავის ტკივილის სამკურნალოდ, რა თქმა უნდა მოგცემთ დროებით შვებას, მაგრამ როდესაც არ არსებობს თერაპიული სტრატეგია, შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება. ამას როცა ვამბობ, არ მინდა ისე გაიგოთ, რომ არასდროს მიიღოთ მარტივი ტკივილგამაყუჩებელი ექიმის ნებართვის გარეშე. ჩვენ უკვე განვიხილეთ თავის ტკივილის ტიპები, სადაც მივუთითეთ კიდეც რომელი ტკივილგამაყუჩებლებია უპრიანი ამა თუ იმ შემთხვევის დროს. რომ არ მივუბრუნდეთ ისევ გავლილ საკითხებს, მოდით ვისაუბროთ წამლის გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეულ თავის ტკივილზე და მასთან ბრძოლის მეთოდებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში სოციალური ფონის გათვალისწინებით, ბევრი ადამიანი ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილით, სწორედ ამ მიზეზით იტანჯება.
მარტივად ეს ასე შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ექიმთან უსახსრობის გამო ვერ მიდის, გარდა ამისა, თვლის რომ სიცოცხლისათვის უსაფრთხო თავის ტკივილს შეუძლია თავადაც გაუმკლავდეს ან სულაც მოითმინოს... ნებისმიერმა სამკურნალო საშუალებამ, თუ მას დიდი ხნის მანძილზე იყენებთ თავის ტკივილის დროს, შეიძლება გამოიწვიოს „აღკვეთის თავის ტკივილი“. ასპირინმა, პარაცეტამოლმა, იბუპროფენმა, კოდეინმა – პრაქტიკულად ყველა გამაყუჩებელმა, თუკი მას გადაჭარბებულად იყენებს პაციენტი შეიძლება წარმოშვას ეს პრობლემა.
ტრიპტანები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება შაკიკის დროს და საკმაოდ კარგად აყუჩებს ქრონიკულ ყოველდღიურ ტკივილსაც, მაგრამ აქაც რომ იგივე სურათი იხატება? ეს საშუალებებიც მხოლოდ თერაპიული დოზებითაა წამალი, გადაჭარბებული მოხმარების დროს კი ბუმერანგის ეფექტს გვაძლევს. კოფეინზე რაღას იტყვით? დიახ, მეღიმება, ჩვენ ხომ ყავას მივირთმევთ და თან ვსაუბრობთ...
რა თქმა უნდა, ამ თემას უნდა შევხებოდით... მსგავი თავის ტკივილი ნამდვილად შესაძლებელია რომ კოფეინის გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარებამაც გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, კოფეინს ჩვენ ყავის ან ჩაის სახით ვიღებთ, მაგრამ მას კომბინირებული ტკივილგამაყუჩებლებიც შეიცავენ... ეპიზოდური თავის ტკივილის დროს გამაყუჩებლებზე უკეთესი საშუალება არ არსებობს, მაგრამ მკითხველმა მინდა იცოდეს – ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც კვირაში სამ აბზე მეტს იღებს, შეიძლება რომ თქვენი დამოკიდებულების, შემდეგ კი უკუჩვენების საგანი გახდეს. რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელიც მიხვდა, რომ დამოკიდებულია წამალზე, რომელიც მის საწამლავად გადაიქცა?
ერთადერთი საშუალება, რომელიც ამ დროს საშველია – იმ პრეპარატის შეცვლაა, რომელმაც დამოკიდებულება გამოიწვია. კლინიკურმა გამოკვლევებმა მრავალჯერ დაგვარწმუნეს რომ ,,დამნაშავე’’პრეპარატის შეცვლას ყოველთვის სასარგებლო შედეგამდე მივყავართ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ეს შედეგი რომ იგრძნოთ... საჭიროა დრო. დაახლოებით სამი თვე... თუმცა, წამლის შეცვლის შემდეგ, თავის ტკივილის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, ეს ტკივილი გაცილებით მსუბუქია და აჩენს გამოჯანმრთელების იმედს. მოდით მოვუყვეთ პაციენტებს პრეპარატის შეცვლის ტექნიკაზეც.
ეს შეიძლება მოხდეს ერთბაშად ან თანმიმდევრულად, დოზის შემცირებით და სხვა პრეპარატის ჩანაცვლებით. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი გზაც არ უნდა აირჩიოთ, საჭიროა ბევრი სითხის მიღება, კოფეინის შემცველ სასმელებზე უარის თქმა. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ თუკი პრეპარატს ერთბაშად შეცვლის, შესაძლებელია განუვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გაძლიერებული თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ზოგჯერ გულისრევა, აგზნებადობა, ძილის დარღვევები. ეს სიმპტომები წამლის შეცვლიდან 48 საათში ჩნდება და ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. გამოდის, რომ პაციენტებს უნდა ურჩიოთ თანდათანობით შეცვალონ პრეპარატი.
აქ ერთი პრობლემაა, დაუზუსტებელია რა მიზეზით, მაგრამ სასურველ ეფექტს, ერთბაშად შეცვლის შემთხვევაში უფრო ხშირად ვიღებთ, ვიდრე თანდათანობითი ცვლილების დროს... გამოდის, რომ გზა პაციენტმა უნდა აირჩიოს. |
|
|