მცირე დოზა - ხანმოკლე დროით!

არასტეროიდები და თირკმელი:

      გიორგი გეგელაშვილი

გვერდითი მოვლენების პათოფიზიოლოგია  

პროსტაგლანდინები, განსაკუთრებით PGE2 და PGI2 ზრდიან სისხლნაკადს თირკმელში, ააქტივებენ გლომერულურ ფილტრაციას და ამცირებენ წყლის უკუშეწოვას (რეაბსორბციას). ამავე დროს, PGE2, PGI2 და PGD2 ხელს უწყობენ რენინის გამოთავისუფლებას თირკმლის ქერქიდან. ეს უკანასკნელი განაპირობებს კალიუმის ექსკრეციას რენინ-ანგიოტენზენ-ალდოსტერონის სისტემაზე ზემოქმედების შედეგად.



პროსტაგლანდიბის სინთეზის დათრგუნვა ამცირებს თირკმლის სისხლნაკადს და, შესაბამისად, გლომერულურ ფილტრაციას. საკომპენსაციოდ მომატებულმა პროქსიმალურმა მილაკოვანმა აბსორბციამ შეიძლება თავისი მხრივ თირკმლის უკმარისობის განვითარებას შეუწყოს ხელი და გამოიწვიოს ნატრიუმის და წყლის შეკავება ორგანიზმში. ყოველივე ეს ამცირებს კალიუმის სეკრეციას და ზრდის მის კონცენტრაციას სისხლში.



ინტერსტიციული ნეფრიტი არასტეროიდების ალერგიული გართულებაა და არ შეიძლება მისი პროსტაგლანდინების დათრგუნვით აიხსნას. ალერგიით განპირობებული ნეფრიტი თანხლებულია ცხელებით და ეოზინოფილიით. ინტერსტიციულმა ნეფრიტმა შეიძლება თირკმლის ქრონიკული უკმარისობა გამოიწვიოს. აუცილებელია ამ გართულების არასტეროიდების პროსტაგლანდინური გვერდითი მოვლენებისგან გამიჯვნა.

 

  Copyright 2012