თავის ტკივილი – მართვის საფუძვლები

      გიორგი გეგელაშვილი


ამონარიდები მონოგრაფიიდან: "შაკიკის საიდუმლო"                                                         
გიორგი გეგელაშვილი. თბილისი, 2011 




.
როდის უნდა მიმართოთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას  

აუცილებლად მიმართეთ გადაუდებელი თერაპიის განყოფილებას ("ემერჯენსს") ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუ თავის ტკივილი:

განვითარდა უეცრად და ტკივილმა პიკს სწრაფად მიაღწია:

წამებიდან 5 წუთამდე!

სრულიად უჩვეულო, არაბუნებრივი და ძლიერია!

თავზარდამცემია!

ანუ როდესაც იგი "მეხის გავარდნას" ან "თავის გასკდომას" ჰგავს.

ვითარდება ისეთ უჩვეულო მოვლენებთან ერთად, როგორიცაა:

ცნობიერების შეცვლა,

შემეცნების დარღვევა,

მხედველობის გაბუნდოვნება,

სიბრმავე,

ღებინება,

კიდურების სისუსტე ან დაბუჟება

გულყრა

ძალიან ძლიერია და თან ახლავს ტემპერატურის მომატება.


ასეთ შემთხვევებში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს მეორადი თავის ტკივილი. ამისათვის კი შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალისტის გადაუდებელი კონსულტაცია, დამატებითი გამოკვლევები და ინტენსიური მკურნალობა.

როდის უნდა იჩქაროთ ექიმთან მისვლა  

აუცილებლად იჩქარეთ ექიმთან მისვლა, თუ თავის ტკივილი:

განსხვავდება აქამდე ჩვეული ტკივილისგან;

ჩვეულია, მაგრამ შეიცვალა მახასიათებლები:

სიძლიერე,

მდებარეობა,

სიხშირე,

თანმხლები მოვლენები.

იცვლება სხეულის მდებარეობის ცვლის მიხედვით;

ძლიერდება დახველების, სიცილის, გაზმორების ან გაჭინთვის დროს;

განვითარდა სხეულის მომატებული ტემპერატურის, სიყვითლის ან მანამდე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ავადმყოფობის ფონზე;

განვითარდა ღამით და ტკივილმა არ დაგაძინათ;

ძლიერდება ღეჭვის ან კბილების დაკრეჭის დროს;

იმატებს, მიუხედავად ტკივილგამაყუჩებლების მიღებისა.


ასეთ შემთხვევებშიც უნდა გამოირიცხოს მეორადი თავის ტკივილი. შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალისტის კონსულტაცია, დამატებითი გამოკვლევები და დროული მკურნალობა. მეორადი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:

ინფექციური,

ტრავმული,

სისხლძარღვოვანი და

სიმსივნური ავადმყოფობები,

მოწამვლა,

სხვადასხვა სისტემური პროცესები,

ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება და

სხვა გარემოებები.


რა უნდა მოუყვეთ ექიმს, როდესაც თავის ტკივილი დროდადრო გაწუხებთ  
თავის ტკივილის დახასიათება  

განმარტეთ, როგორ აღიქვამთ თავის ტკივილს:

ფეთქვა (პულსაცია), ჭრა, დაწოლა, ბურღვა, წვა თუ სხვა რამ;

ტკივილი ერთგვარია, თუ იცვლის ხასიათს.

მიუთითეთ თავის ტკივილის მახასიათებლები:

დრო

ტკივილის დაწყებიდან პიკის მიღწევამდე;

ადგილმდებარეობა

თავის ზედა ნაწილი, უკანა მხარე, შუბლი, მთლიანი თავი, თავის ნახევარი;

სიძლიერე

მსუბუქი, ზომიერი, ძლიერი;

სიხშირე

ტკივილის საშუალო რაოდენობა კვირაში, თვეში, წელიწადში, სეზონურად;

ხანგრძლივობა

წამები, წუთები, საათები, დღეები;

ზეგავლენა

ფიზიკური ფაქტორებიდან რა აძლიერებს და რა ამსუბუქებს ტკივილს.


ტკივილის დაწყება და მიმდინარეობა  

არ გამოგრჩეთ, როდის იგრძენით პირველად თავის ტკივილი და უკავშირებთ თუ არა იგი რაიმე მოვლენებს:

ტრავმას,

ტემპერატურის მომატებას,

სხვა ავადმყოფობას,

რომელიმე მედიკამენტის მიღებას ან

სხვა სამკურნალო ღონისძიებას.

გაიხსენეთ ტკივილის დაწყების პერიოდები:

სეზონი,

თვეები,

მენსტრუალური ციკლის პერიოდი,

დღის მონაკვეთი,

ამინდი.

დაახასიათეთ შეტევამდელი, შეტევის და შეტევის შემდგომი პერიოდები;

მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, დიაგნოზი ეფუძნება თქვენს მონათხრობს!

მნიშვნელოვანია როგორ იცვლებოდა თავის ტკივილი უკანასკნელი 6 თვის მანძილზე და ცხოვრების განმავლობაში.

ჩამოაყალიბეთ შეტევის მანიშნებელი ფაქტორები;

შეგიძლიათ თუ არა გამოიცნოთ ტკივილის მოახლოება?

გაიხსენებთ თუ არა მოვლენებს, რომლებიც ტკივილს მოასწავებენ (საათებით ან დღეებით ადრე)?

ტკივილის მანიშნებლებს გრძნობთ ყოველთვის, ზოგჯერ თუ არასდროს?

თუ იპოვით რომელიმე მანიშნებელს, ჩაინიშნეთ, ეს მნიშვნელოვანია!


ტკივილის თანმხლები მოვლენები  

ყურადღება მიაქციეთ ტკივილის თანმხლებ სხვა სიმპტომებს:

გულისრევა, ღებინება, მხედველობის დარღვევა;

თავბრუხვევა, დაბუჟება, ჩხვლეტა, ხელ-ფეხის სისუსტე, მეტყველების გაძნელება;

უმადობა ან ცალკეული საკვების მიმართ ზიზღი;

მომატებული მგრძნობელობა შუქის, ხმაურის, სუნის მიმართ;

ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, ცრემლდენა, ქუთუთოს შეშუპება ან დაშვება;

გარემოს აღქმის შეცვლა.

შეაფასეთ თქვენი უნარები შეტევამდე და შეტევის დროს:

აცდენთ თუ არა თავის ტკივილის გამო სამსახურს ან მეცადინეობას;

გიჭირთ თუ არა თავის ტკივილის გამო კითხვა, წაკითხულის აღქმა, ფიზიკური აქტივობა;

გიფუჭდებათ თუ არა თავის ტკივილის გამო ხასიათი;

ერიდებით თუ არა თავის ტკივილის გამო თავყრილობებს, მეგობრებთან ყოფნას;

გეუფლებათ თუ არა დაწოლის სურვილი და იძინებთ თუ არა ტკივილს დროს (ყოველთვის, ხანდახან, არასდროს).


მკურნალობის გამოცდილება  

არ დაივიწყოთ არც ერთი მედიკამენტი, რომელიც თავის ტკივილის დროს მიგიღიათ:

გაიხსენეთ ზუსტი დოზები, მიღების დრო;

შეაფასეთ თითოეული მედიკამენტის ავკარგიანობა;

შეგიძლიათ თან იქონიოთ წამლის კოლოფები ან ფლაკონები და უჩვენოთ ექიმს;

დაითვალეთ სამკურნალო დანახარჯები.

მოუყევით ექიმს რა გშველით თავის ტკივილის დროს:

თავის გაკვრა, ღებინების გამოწვევა;

სითბო ან სიცივე თავზე, კომპრესი, შხაპი, რაიმეს შეზელვა კანში;

სიბნელე, სიჩუმე, განმარტოება, წოლა, ძილი.


ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა  

თან იქონიეთ თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

სამედიცინო დასკვნები, ძველი დანიშნულებები, ჩანაწერები, გამოკვლევების პასუხები, რენტგენის ან ტომოგრაფიის სურათები.

ექიმისთვის საინტერესოა თქვენი

ბავშვობა,

განვითარება,

ყველა გადატანილი და თანმხლები ავადმყოფობა.


სხვა აუცილებელი ინფორმაცია  

თავის ტკივილის ოჯახური ისტორია:

თავის ტკივილის დადასტურებული ან საეჭვო არსებობა ოჯახის წევრებში და სისხლით ნათესავებში.

ცხოვრების ისტორია:

კვება, ძილი, ოჯახი, სექსუალური აქტივობა, სამსახური, სოციალური მდგომარეობა, ჩვევები, მისწრაფებები, დაზღვევა, პრობლემები, დასვენება, შვებულება, გართობა, ჰობი.


თავის ტკივილის სამახსოვრო  

ისწავლეთ სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილის ერთმანეთისგან გარჩევა და მოსალოდნელი შეტევის გამოცნობა.

აწარმოეთ თავის ტკივილის დღიური, ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი მოვლენები.

მოერიდეთ შეტევის ხელშემწყობ ფაქტორებს.

თან ატარეთ "განუყრელი მედიკამენტები".

აცნობეთ ექიმს ჯანმრთელობასთან და სოციალურ ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება.

განსაკუთრებულ თავის ტკივილს განსაკუთრებულ მეურვეობა ესაჭიროება

იყავით გულახდილნი ექიმთან.

არ მოგერიდოთ იმის გამხელა, რომ ყველა მითითებას ვერ ასრულებთ.

იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

თქვენ გაქვთ უფლება იცხოვროთ ტკივილის გარეშე!


  Copyright 2012