წელკავი

მაკა მანია, ქეთევან კობახიძე, გიორგი გეგელაშვილი

წელკავი – „წელის გაშეშების“ ანუ მწვავე წელის ტკივილის ყველაზე ხშირი (90%-მდე) მიზეზია. ასეთი ტკივილი სხვადასხვა სიძლიერისაა – ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც მსუბუქი, ასევე ძალიან ძლიერი ტკივილითაც. მისი წარმოშობის მექანიზმები ჯერ კიდევ ბოლომდე ახსნილი არ არის.


წელკავის მიღმა არ დგას რაიმე დადასტურებული და კონკრეტული ანუ სპეციფიური ავადმყოფობა. ამის გამო წელკავს ოფიციალურ ლიტერატურაში ხშირად არასპეციფიურ წელის ტკივილად მოიხსენიებენ.


სპეციალისტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ წელკავს კუნთებისა და იოგების მექანიკური, გადაჭარბებული დაჭიმვა იწვევს. ამის გამო წელკავს სხვაგვარად მექანიკური წელის ტკივილი ეწოდება.


ზოგჯერ წელკავის სავარაუდო მიზეზად ზოგჯერ სახელდება მალთაშუა დისკის ან ფასეტური სახსრების მინიმალური დაზიანება. ამ ვარაუდის დადასტურება შეუძლებელია თანამედროვე სადიაგნოზო საშუალებების გამოყენებით. ამიტომაც ასეთ შემთხვევაში ექიმი ვერ გეტყვით, თუ რატომ გტკივათ წელი ან საიდან მომდინარეობს ტკივილი.


ზოგიერთ პაციენტში უნდობლობას იწვევს როდესაც ექიმი ტკივილის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს. მაგრამ თუ ექიმი გიხსნით, რომ თქვენ არასპეფიციური წელის ტკივილი გაქვთ, რომელიც სერიოზულ მიზეზებსა და დაავადებებს გამორიცხავს, ეს დამაჯერებელი არგუმენტი უნდა იყოს თქვენთვის და თავი მშვიდად უნდა იგრძნოთ.


წელკავის ხელშემწყობები  

წელის ტკივილის აღმოცენებას ხელს უწყობს შემდეგი რისკის ფაქტორები:

სიმსუქნე

ხანდაზმული ასაკი

პროფესია

მძიმე ფიზიკური სამუშაო

სიმძიმის აწევა

საგნების უხერხულად აწევა

მჯდომარე სამუშაო რეჟიმი

თამბაქოს მოხმარება

არასასურველი სამუშაო

ფსიქოლოგური ფაქტორები

შფოთვა

დეპრესია


პროფესია  

წელკავი ყველაზე ხშირი პროფესიული ავადმყოფობაა და „N1 დამნაშავეა” ადამიანის სამუშაოდან მოცდენაში.[1] ამერიკის ქიროპრაქტიკის ასოციაცია გამოჰყოფს 10 ყველაზე რისკიან პროფესიას. ყველაზე ხშირად წელკავი ემუქრება შემდეგი პროფესიის ადამიანებს:



სიმპტომები  

წელკავი შეიძლება აღმოცენდეს სიმძიმის აწევის ან უხერხული მოძრაობის დროს. ზოგჯერ კი იგი ვითარდება რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე. მთელ რიგ შემთხვევებში პაციენტს წელის ტკივილი პირველად დილით გამოღვიძებისთანავე აწუხებს.


ტკივილის ინტენსიობა სხვადასხვაგვარია. ის შეიძლება იყოს მსუბუქი ან ძალიან ძლიერი. ჩვეულებრივ, ტკივილი ლოკალიზდება წელის არეში, თუმცა ზოგჯერ ვრცელდება დუნდულოებისა და ქვემო კიდურების მიმართულებით ერთ ან ორივე მხარეს. ტკივილი, როგორც წესი, მცირდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (წამოწოლისას). ტკივილის გაძლიერებას ხელს უწყობს ფიზიკური აქტიურობა, ხველება, ცემინება და სხვ.


არასპეციფიური წელის ტკივილი ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, დაახლოებით ერთ კვირაში, მაგრამ ზოგჯერ უფრო ხანგრძლივადაც გრძელდება. აღსანიშნავია, რომ თუ წელის ტკივილმა ერთხელ მაინც შეგაწუხათ, სავარაუდოდ ის მომავალშიც განმეორდება. შიგადაშიგ იგრძნობთ ყრუ ტკივილს წელის არეში. ზოგჯერ წელის ტკივილი რამოდენიმე თვეც კი გრძელდება და ქრონიკულ ხასიათს იძენს.


დიაგნოზის დასმა  

მწვავედ აღმოცენებული წელის ტკივილის დროს პაციენტები უმეტესად ცდილობენ გაუძლონ ტკივილს ან თვითონვე სცადონ გარკვეული მკურნალობის ჩატარება. თუ ტკივილი ძლიერი არ არის და თანმხლები ნიშნები არ აქვს, შესაძლებელია მართლაც მალევე გაქრეს, მაგრამ საეჭვო შემთხვევებში უსათუოდ მიმართეთ ექიმს.


ექიმი გამოგკითხავთ, თუ რა ტიპის ჩივილები გაქვთ; ობიექტური გასინჯვის დროს შეეცდება გაარკვიოს წელის ტკივილის სიმძიმე და საყურადღებო თანმხლები სიმპტომების არსებობა. გასინჯვის მიზანი წელის ტკივილის გამომწვევი სახიფათო მიზეზების გამორიცხვაცაა. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა თქვენს ტკივილს შესაბამისი შეფასება. თუ თანმხლები სიმპტომები არ აღმოგაჩნდებათ და სახიფათოც არაფერია, თქვენ წელკავის ანუ არასპეციფიური წელის ტკივილის დიაგნოზს დაგისვამენ.


სახიფათო სიმპტომები, ჩვეულებრივ ძალიან იშვიათია. მაგრამ მიუხედავად ამისა უმჯობესია, წარმოდგენა გქონდეთ მათ შესახებ, რათა ასეთ სიმპტომებსა და ნიშნებს გულისყურით მოეპყრათ და მათი არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.


წელის ტკივილის ან მასთან თანმდევი სახიფათო სიმპტომები  

შემპარავად და თანდათანობით აღმოცენებული ტკივილი, რომელიც თანდათანობით ძლიერდება დღეებისა და კვირეების მანძილზე;

მუდმივი წელის ტკივილი, რომელიც არ მცირდება წამოწოლილ მდგომარეობაში და მოსვენების დროს;

ტკივილი, რომელიც გადაეცემა გულმკერდის მიდამოს;

ფეხის ან ტერფის სისუსტე;

მგრძნობელობის დაქვეითება ან დაბუჟების შეგრძნება გავისა და ფეხის არეში;

სტეროიდებით ანუ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა რამდენიმე თვეზე მეტხანს;

სიმპტომები, რომლებიც ანთებითი პორცესების (მათ შორის მაანკილოზებელი სპონდილიტის) სასარგებლოდ მიუთითებენ. მათ შორის უმთავრესია:

ტკივილი უფრო ძლიერია ღამის მეორე ნახევარში ან გამოღვიძებისას;

ზურგის კუნთებში ტკივილის გარდა გამოხატულია შებოჭილობის შეგრძნება დილით ადგომისას, რაც 30 წთ-ზე უფრო დიდხანს გრძელდება;

ტკივილი მცირდება (და არ უარესდება) ფიზიკური აქტივობის შედეგად;

სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ რაშის კუდის სინდრომზე. ასეთ დროს წელის ტკივილის გარდა გამოხატულია შემდეგი უმთავრესი სიმპტომები:

დაბუჟება შორისის არეში;

შარდის ბუშტის სიმპტომატიკა. მაგ.:

მოშარდვის სურვილის გაქრობა

შარდვის პროცესზე კონტროლის მოსპობა

შარდის შეუკავებლობა;

განავლის შეუკავებლობა.

სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ხერხემლის მოტეხილობაზე. მათ შორის უმთავრესია:

წელის ტკივილი, რომელიც აღმოცენდება მძიმე ტრავმის შემდეგ

ავტოსაგზაო შემთხვევა

სიმაღლიდან ვარდნა;

წელის ტკივილი, რომელიც აღმოცენდება მსუბუქი ტრავმის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ოსტეოპოროზი.

სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ინფექციაზე ან სიმსივნეზე. მათ შორის უმთავრესია:

წელის ტკივილის აღმოცენება ხანდაზმულ ასაკში ან ძალიან ახალგაზრდა ასაკში;

თუ ტკივილი არ მცირდება წამოწოლის შემდეგ;

მღრღნელი ტკივილი, რომელიც არღვევს ძილის პროცესს;

ტკივილის გარდა სხვა ისეთი სიმპტომები და ნიშნები როგორიცაა:

ნებისმიერი ორგანოს სიმსივნე წარსულში;

ისეთი ზოგადი სიმპტომები, როგორიცაა აუხსნელი კლება წონაში, ცხელება და სხვ.;

დაქვეითებული იმუნიტეტი, მაგ: ქიმიოთერაპიის ფონი, შიდსი და სხვ.


გამოკვლევები  

ჩვეულებრივი წელკავის დროს გამოკვლევების ჩატარება არ არის საჭირო. დიაგნოსტიკა ხორციელდება ჩივილების შეკრებისა და ობიექტური გასინჯვის საფუძველზე.


როგორც უკვე ზემოთ აღნიშნეთ, ვერც ერთი კვლევის მეთოდი ვერ დაგვიდასტურებს ან ვერ გამორიცხავს წელკავის დიაგნოზს. ზოგიერთი ავტორი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ამ დიაგნოზის შემთხვევაში გამოკვლევების ჩატარების მავნებლობა აღემატება მათ სარგებლიანობას. ასე მაგალითად: თანამედროვე დიდი ბრიტანეთის გზამკვლევები ცალსახად მიუთითებენ, რომ ისეთი რუტინული გამოკვლევა, როგორიცაა რენტგენოგრაფია არ უნდა ჩატარდეს წელკავის დროს.


რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია და სისხლის ანალიზები პაციენტებს დაენიშნებათ მხოლოდ განსაკუთრებულ და სპეციფიურ შემთხვევებში, რაც ზემოთ მეტ-ნაკლებად მიმოვიხილეთ.


რენტგენოგრაფია გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ საეჭვოა:

მალების ტრავმული მოტეხილობა;

დესტრუქციული დაზიანება;

ოსტეოპოროზი და სხვ.

რენტგენოგრაფია ვერ გვაძლევს საკმარის ინფორმაციას დისკის თიაქარის ან სპინური სტენოზის შესახებ;

კომპიუტერული ტომოგრაფია – CT და მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა – MRI გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების აღმოსაჩენად:

დისკის თიაქარი;

ხერხემლის სტენოზი;

სიმსივნური პროცესი;

ინფექციური დაზიანება.

კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა რუტინულად არ სრულდება.

ეს მეთოდები რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგ.:

ტკივილის გაჭიანურება;

ოპერაციული მკურნალობის საჭიროების განსაზღვრა და სხვ.


ლიტერატურა  

1. Cohen SP, Argoff ChE, Carragee EJ. Management of low back pain. BMJ 2008; 337:a2718 doi: 10.1136/bmj.a2718

2. Nonspecific Lower Back Pain in Adults. www.backcare.org.uk;

3. http://www.mayoclinic.com/health/back-pain

  Copyright 2012