|
დაძაბული ტიპის თავის ტკივილი დეა ცუცქირიძე, გიორგი გეგელაშვილი
ბატონო გიორგი, ჯერ განმარტება... რა არის დაძაბული ტიპის თავის ტკივილი?
რა არის თავისი არსით, იქამდე მოგვიანებით მივალთ, ჯერ მისი გამოვლინების ფორმებზე ვისაუბროთ. დაძაბული ტიპის თავის ტკივილი მოჭერითი ან დამწოლი ტკივილია. ტკივილი გვხვდება შუბლში, საფეთქლებში; ხშირად მთელ თავს მოიცავს; არც თუ იშვიათად ტკივილი "მოგზაურობს" (იცვლის ადგილმდებარეობას); ზოგჯერ ვრცელდება კისრისკენ ან მისგან მომდინარეობს. თავის ტკივილი, როგორც წესი, ორმხრივია, ინტენსივობით – მსუბუქი ან ზომიერი, მაგრამ იშვიათად შეიძლება იყოს ძლიერიც; არა აქვს თანმხლები სიმპტომები, მაგრამ ზოგი ადამიანი ასეთ დროს ვერ იტანს კაშკაშა შუქს, ხმაურს, კარგავს მადას. პაციენტები ასეთ ტკივილს "ვიწრო ქუდის თავზე მოჭერას", "ჩაჩაქანის (შლემის) თავზე ჩამოცმას", "თავის გირაგში ("ტისკებში") გაჭედვას", "მჭიდრო სახვევით თავის გაკვრას" ადარებენ. ხატოვნად მას "ნევროზულ ჩაჩქანს" უწოდებენ. ჩვენ მასზე ყურადღება მისი აქტუალურობის გამო შევაჩერეთ...
დიახ, ის თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს "ეწვიოს" სიცოცხლეში ერთხელ მაინც. ავადმყოფობად, ანუ გამოკვეთილ საწუხარად მას საქართველოს მოსახლეობის ყოველი მესამე აღიარებს. ასეთი გავრცელების (37.3%) დონე აჩვენა პროფესორ ზაზა ქაცარავას მიერ კოლეგებთან ერთად ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ (2009წ). დამაინტერესა მისმა სახელწოდებამ, არაპროფესიონალისთვის ის ცოტა დასახვეწად, ნაწვალებად გამოიყურება. სახელწოდება ვერ ცვლის კლინიკურ სურათს, მაგრამ მაინც საინტერესოა მისი წარმოშობის ისტორია.
ამ ტკივილის საერთაშორისო სახელწოდებაა Tension-Type Headache. ქართულად თარგმანი ქართული თავის ტკივილის შესწავლის ფუძემდებელმა, ცნობილმა ნევროლოგმა პროფესორმა ცოტნე ჩხიკვიშვილმა გასულ საუკუნეში შეასრულა. იმ დროს სიტყვა "ტიპი" სახელწოდებაში არ ფიგურირებდა, ამიტომ ბატონმა ცოტნემ ასეთი თარგმანი შემოგვთავაზა – "დაძაბულობის თავის ტკივილი". თქვენ რასაც ნაწვალებს უწოდებთ, მე დაზუსტებულს დავარქმევდი. თავიდან სიტყვა "ტიპი" – ინგლისურ ვერსიაში ოფიციალურად 2004 წელს გაჩნდა. სემანტიკურად ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ამ დროს თავად კი არ იძაბება, როგორც ფიზიკური დატვირთვის, დაძაბვის დროს, არამედ საკუთარი ნების გარეშე აქვს თავის და კისრის კუნთები დაჭიმული. ინგლისურ ვერსიაში "დაჭიმვა (დაძაბვა)" აუცილებლად არ გულისხმობს "ნერვების დაჭიმვას (დაძაბვას)". ასეთი ტკივილისას პალპაციით ზოგჯერ მართლაც შესაძლებელია კუნთების დაჭიმვის აღმოჩენა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ის ყოველთვის იყოს. ანუ მიუხედავად იმისა, ექიმი პალპაციის დროს აღმოაჩენს თუ არა დაჭიმვას, თავის ტკივილის ხასიათი ერთი და იგივეა. ამიტომ გაჩნდა დასახელებაში სტყვა "ტიპი" მსგავსის ანუ მსგავსების ხაზგასასმელად. ამის გარდა, როგორ გინდა 220 ფორმის თავის ტკივილი მოკლე დასახელებებით აღწერო. კიდევ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ოფიციალურ სახელწოდებას აქვს შესაბამისი მოკლე სამედიცინო ჟარგონი ან შემოკლება (აბრევიატურა).
მაგ., "Tension-Type Headache"-ის ოფიციალური აბრევიატურაა "TTH" - ამგვარად იწერება სამეცნიერო სტატიები და ზეპირსიტყვიერებაში მას "თი-თი-ეიჩ"-ად მოიხსენიებენ. რომც მოვინდომოდ "შანთით და მახვილით", გაგვიჭირდება "დტთტ"-ს შემოტანა და ქართულ ყურს "დონ-ტან-თან-ტან" მაინც და მაინც არ ესიამოვნება.
დაგვრჩა სამედიცინო ჟარგონი, რომელიც სულაც არ არის უცხო სამედიცინო-ბიოლოგიური აზროვნებისთვის. სამედიცინო ურთიერთობებში შეგვიძლია მოვიხსენიოთ: "დაძაბული თავის ტკივილი", მაგრამ დიაგნოზი და ოფიციალური სახელწოდება ისევ და ისევ ოფოციალურს უნდა შეესაბამებოდეს: "დაძაბული ტიპის თავის ტკივილი". ამ შემთხვევაში "დაძაბული" უფრო "მსუბუქი" და მოკლეა, ვიდრე "დაძაბულობის", ეს არის და ეს.
ვფიქრობთ ბოლოსართი "-ობის" ამოღებით არაფერი დააკლდება სახელწოდების არსს, ვინაიდან "დაძაბული" არც ფსიქოლოგიურ და არც ფიზიკურ დაძაბულობას არ გამორიცხავს. ამავე დროს ადამიანი შეიძლება ერთჯერადად იყოს "დაძაბული" და დროში არ გრძელდებოდეს "დაძაბულობის" სახით. იგივე სიტუაციასთან გვექნებოდა საქმე, რომ გვეთარგმნა, როგორც "დაჭიმული", ვინაიდან ნერვებიც და კუნთებიც შეიძლება "დაჭიმული" იყოს. მაგრამ ამით უფრო დავშორდებოდით ჩვენი მასწავლებლის იდეას. ცოტა უფრო მეტ პრინციპულობას ვხვდებით "დაჯგუფებული" და "ჯგუფური" თავის ტკივილის შემთხვევაში. და ბოლოს, ახლა უმჯობესია ცოტა ვიწვალოთ და არ მოვამრავლოთ ისეთი ტერმინები ქართულ სამედიცინო დამწერლობასა და ზეპირსიტყვიერებაში, რომელთაც ქართულად საუკეთესო შესატყვისები აქვთ, მაგრამ რატომღაც გვხიბლავს სიტყვები: "მენეჯმენტი" (მართვა), "ვერტიგო" (თავბრუ, თავბრუხვევა), "იმბალანსი" (ბარბაცი), "მონიტორინგი" (დაკვირვება, ზედამხედველობა), "ლონგიტუდინური" (ხანგრძლივი).
მე თუ მკითხავთ, "პრევალენტობასაც" არ ესაჭიროება მაინც და მაინც თარგმანი – "გავრცელებადობა", როდესაც შეიძლება გავრცელებაც იმავე აზრით ვიხმაროთ; ასევე, "ინციდენტობა''-ს ვფიქრობ ისევევ შეესაბამება მარტივად - "ავადობა", როგორც ცოტა უფრო გართულებულად - "დაავადებიანობა". ქართული ენის თავისებურება ნაკლებად ეთვისება აბრევიატურებს თუ ჰყავს ,,რჩეულები" ანუ ვის აწუხებს დაძაბული ტიპის თავის ტკივილი ყველაზე ხშირად?
პერიოდულად ასეთმა ტკივილმა შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც შეაწუხოს. მისი გამოვლინების პერიოდი ყმაწვილობიდან იწყება და ავადობის პიკს 30 წლისთვის აღწევს; ოდნავ უფრო ხშირია ქალებში. მაფიქრებს, რომ ამასთან დაკავშირებით, ბოლო დროს ძალზე გავრცელდა თვითშეფასების მცდელობა – "ნევროზი მაქვს" ან "ნევროზი ხომ არ მაქვს?".
არ შეიძლება ამ ტენდენციას დავეთანხმოთ და "ნერვიულობა" ასე გავაზვიადოთ. თავის ტკივილის ეს ფორმა ლამის მთელ მსოფლიოს აწუხებს, კაცს და ქალს, თეთრკანიანს და შავკანიანს, ასაკოვანს თუ ლამის ახალშობილს – შეუძლებელია ყველას "ნევროზი" ჰქონდეს! მითუმეტეს, რომ ასეთი ტკივილი შეიძლება თავის ბალიშზე უხურხულად დადების ან კაკლის გატეხვის შემდეგაც დაიწყოს და არა "გამოკვეთილი სტრესის'' შემდეგ. მთელ მსოფლიოს აწუხებსო, ბრძანეთ... მხოლოდ აწუხებს და არანაირ საშიშროებას არ უქადის ადამიანის ჯანმრთელობას?
იშვიათი ფორმები ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის სრულიად უსაფრთხოა, ოღონდ ეგაა, რომ ხშირად განმეორებადი ტკივილი ადამიანებს გამუდმებით უქმნის პრობლემებს, აფერხებს მათი ცხოვრების ნორმალურ რიტმს, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ამიტომაც, ხშირი და მითუმეტეს ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილით შეწუხებული ადამიანისთვის უპრიანია მიაკითხოს ექიმს და მისი დახმარებით სცადოს გაუმკლავდეს ერთი შეხედვით ვითომცდა ,,უწყინარ'', მაგრამ "აბეზარ" ტკივილს. მით უფრო რომ ამ ტკივილის რამდენიმე ფორმა არსებობს და მათ გამკლავებას აუცილებლად სჭირდება ცოდნა. დაძაბული ტიპის თავის ტკივილის ფორმები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან? მოდით, დავახასიათოთ ისინი.
კი ბატონო, ეპიზოდური არახშირი დაძაბული ტიპის თავის ტკივილი მას ,,ნორმალურ'', ,,რეგულარულ'', ,,ჩვეულებრივ'' თავის ტკივილადაც მოიხსენიებენ თავის ტკივილი შესაძლებელია 30 წუთიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს ეპიზოდების სიხშირე კი ყოველთვის განსხვავებულია სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე ასეთ ტკივილს ადამიანები, როგორც წესი, პრობლემად არ თვლიან. ხშირი ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი 30 წუთიდან 7 დღემდე გრძელდება ტკივილიანი დღეები: თვეში 1-15 დღე (3 და მეტი თვის განმავლობაში) წელიწადში ტკივილიანი დღეების რაოდენობა 12-დან 180-მდეა. ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილი ტკივილიანი დღეები: თვეში 15 დღე და მეტი (3 და მეტი თვის განმავლობაში) წელიწადში ტკივილიანი დღეების რაოდენობა 180-ზე მეტია დამატებითი სიმპტომებიდან შესაძლოა უმადობა ან მსუბუქი გულისრევა ყოველი ასი ადამიანიდან სამ-ოთხს შეიძლება აწუხებდეს. ქრონიკული ფორმის დროს ადამიანი გამუდმებით განიცდის ტკივილს, მისი ცხოვრების უფრო დიდი ნაწილი ამ ტკივილის ფონზე მიმდინარეობს, უტკივილო დღეები კი გაცილებით მცირეა. ზოგიერთ შემთხვევაში ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილი მუდმივია. შეიძლება მსუბუქიც კი იყოს, მაგრამ მთლიანად არასდროს ტოვებს ადამიანს. ამიტომაც, ასეთი ტკივილით შეპყრობილი ადამიანი გამუდმებული სტრესის ქვეშ არის და ბუნებრივია რომ მისი ცხოვრების ხარისხი ყველა მიმართულებით ფუჭდება. საინტერესოა რა იწვევს დაძაბული ტიპის თავის ტკივილს?
ემოციური დაძაბულობა მომატებული ღელვა და სტრესი ფიზიკური დაძაბულობა ქვედა ყბის დაჭიმვა, თვალების გადაღლა მოუხერხებელ პოზაში ხანგრძლივი მუშაობა ტვირთის უხერხულად აღება. შეიძლება ავხსნათ რა ფიზიოლოგიური მოვლენები მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში დაძაბული ტიპის თავის ტკივილის დროს?
ვარაუდობენ, რომ ის დაკავშირებულია თავის (სკალპის) და კისრის კუნთების და იოგების დაძაბვასთან. ამავე დროს შეცვლილია ტკივილის აღქმა - გაღებულია "ტკივილის კარიბჭე". მართალი რომ გითხრათ, ამ ტკივილის მასშტაბურობამ შემაშინა...როგორ უნდა ვუშველოთ საკუთარ თავს?
რელაქსაცია შესვენებები გაწელილი სამუშაოს პერიოდში თავისა და კისრის მასაჟი თბილი აბაზანა სუფთა ჰაერზე სეირნობა ვარჯიში ცურვა. სტრესის დაძლევა თუ თქვენი სამუშაო ემოციურად გძაბავთ, ან უბრალოდ გადაეყარეთ სტრესულ სიტუაციას, რომელსაც ვერაფრით აიცილებთ თავიდან, სცადეთ გააკეთოთ სუნთქვითი და მომადუნებელი ვარჯიშები ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაძაბული ტიპის თავის ტკივილი. რეგულარული ტანვარჯიში დაძაბული ტიპის თავის ტკივილი, უფრო ხშირად, იმ ადამიანებთან გვხვდება, რომლებსაც მსუბუქი ფიზიკური დატვირთვაც კი არა აქვთ ("ცხოვრების მჯდომარე ტიპი") ხშირად ისეირნეთ, ნუ ისარგებლებთ ლიფტით, ივარჯიშეთ... და ეს თქვენი ცხოვრების წესად გადააქციეთ! დეპრესიის მკურნალობა თუ თქვენი უხასიათობა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, მიმართეთ ექიმს. იდეალური სიცოცხლის სურათი დავხატეთ. ,,ჯანმრთელი ცხოვრების წესი'', როგორც ამას ექიმები მოიხსენიებთ. ალბათ აქ დასამატებელია ჯანმრთელი საკვები და რეგულარული კვება... და თუ ამ ინსტრუქციებს ვასრულებთ, მაგრამ მაინც გვაწუხებს ტკივილი?
ცოტა ჩქარობთ. თავის ტკივილის პრობლემა მასშტაბურიცაა და მკურნალობისას დიდ დროსა და ძალისხმევასაც მოითხოვს პაციენტის და ექიმის მხრიდან. აი, ვსაუბრობთ და არაფერი გვითქვამს დიაგნოსტიკაზე. იცით რომ დღესდღეობით, არ არსებობს ტექნიკური მეთოდი - აპარატურა, რომელიც დაადასტურებს დაძაბული ტიპის თავის ტკივილის დიაგნოზს? ამიტომ, ექიმი დიაგნოზის დასმის დროს მთლიანად პაციენტის მონათხრობს ეყრდნობა. სწორედ პაციენტი ახასიათებს ტკივილს და მოუთხრობს ექიმს იმ სიმპტომების შესახებ, რაც მას ახლავს. ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ სხვა თერაპიული ჩივილები ( სხვა დაავადება) სამედიცინო გამოკვლევის დროს არ დადასტურდეს ანუ გამოირიცხოს. ექიმები თავის ტკივილის დღიურის წარმოებასაც ურჩევთ პაციენტებს. მეც ერთ–ერთი ვარ დანარჩენი მსოფლიოდან და ხშირად მტკივა თავი. რას მომცემს დღიურის წარმოება?
დღიურში ჩანაწერების გაკეთება საშუალებას მოგცემთ შეკრიბოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენი თავის ტკივილის შესახებ: რამდენად ხშირად გტკივათ თავი რა შემთხვევაში რამდენ ხანს გრძელდება თავის ტკივილი როგორი სიმპტომები ახლავს მას თან. ეს ინფორმაცია დიდ ღირებულებას წარმოადგენს სწორი დიაგნოზის დასმის დროს, ის საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ტკივილის გამომწვევი ფაქტორები და შევაფასოთ უკვე ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა. ისე გავიგე, რომ დაძაბული ტიპის თავის ტკივილის სამკურნალოდ, აუცილებელია მივაკითხოთ ექიმს...
არასწორი ინტერპრეტაციაა. ეპიზოდური და იშვიათი ფორმების დროს ექიმი სულაც არ არის საჭირო. თავის ტკივილის დროს შეგიძლიათ მიიღოთ მარტივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, როგორიცაა ასპირინი ან იბუპროფენი. პარაცეტამოლი შედარებით სუსტია, მაგრამ ზოგიერთ ადამიანზე ისიც საკმაოდ კარგად მოქმედებს. მაგრამ ქრონიკული ან ხშირი დაძაბული ტიპის თავის ტკივილის დროს არ არის საკმარისი მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. საჭიროა ვუმკურნალოთ ტკივილის გამომწვევ მიზეზებს. როგორ ვიმკურნალოთ?
თუ თქვენ ქრონიკული ან ხშირი დაძაბული თავის ტკივილი გაქვთ, ტკივილგამაყუჩებლების მიღება პრობლემას ვერ გადაგიჭრით. პირიქით კი შეიძლება მოხდეს –ტკივილგამაყუჩებლების რეგულარულმა მიღებამ შესაძლებელია თავის ტკივილი გაახშიროს, მისი მიმდინარეობა კი გაართულოს და გაახანგრძლივოს. ამ შემთხვევაში საჭიროა პროფილაქტიკური მკურნალობა. თუკი ეპიზოდური თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლებს ვიღებთ მხოლოდ ტკივილის დროს, პროფილაქტიკისთვის დანიშნული მედიკამენტები საჭიროა ყოველდღიურად მივიღოთ. ეს დაკავშირებულია ამ ჯგუფის პრეპარატების მოქმედების სხვადასხვა მექანიზმებთან. პროფილაქტიკური თერაპია მიმართულია ტკივილის მიმართ თქვენი მგრძნობელობის დათრგუნვისკენ და ახალი ტკივილიანი ეპიზოდების განვითარების აღსაკვეთად. სამკურნალო საშუალებებზეც ვისაუბროთ. ხშირად პაციეტს უჩნდება უნდობლობის განცდა, როდესაც გამოწერილი მედიკამენტების უზარმაზარ სიას დასცქერის... როდესაც ათვალიერებს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალს...
თქვენი ექიმი შეგირჩევთ პროფილაქტიკური თერაპიისთვის წამლებს და გაგაფრთხილებთ მათი გვერდითი მოვლენების შესახებაც. ამ პრეპარატების დიდი ნაწილი, თავდაპირველად სულ სხვა დაავადებების სამკურნალოდ შეიქმნა, ამიტომ არ უნდა გაიოცოთ, თუკი თქვენ ტკივილის დასაძლევად ანტიდეპრესანტების ჯგუფის რომელიმე პრეპარატს, ეპილეფსიის სამკურნალო ან კუნთების მომადუნებელ საშუალებას დაგინიშნავენ, რადგანაც ასეთი მკურნალობა ეფექტურია დაძაბული ტიპის თავის ტკივილის დროსაც. პრეპარატების დანიშვნის შემდეგ, აკურატულად მიჰყევით ინსტრუქციას, რადგან გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ მკურნალობის ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებასთან. თქვენმა ექიმმა, სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, შესაძლებელია დაგინიშნოთ ფიზიოთერაპიაც თავისა და კისრის მიდამოებში. ზოგიერთ ადამიანს ეს ძალიან კარგ ეფექტს აძლევს. ამის გარდა, არსებობს მკურნალობის სხვა მეთოდებიც: ელექტრო სტიმულაცია ( როგორც ტკივილის თერაპიის მეთოდი), რელაქსაციური თერაპია, ბიოლოგიური უკუკავშირი, აკუპუნქტურა, იოგა. ეს მეთოდები ხშირად არც თუ ისე ეფექტურია, მაგრამ მათი იგნორირება არ შეიძლება, რადგან გარკვეულ შემთხვევებში ის ძალიან კარგ შედეგებს იძლევა, ამიტომ ამ მეთოდების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაც ექიმმა უნდა მიიღოს. იქნება თუ არა მკურნალობა ეფექტური?
სწორი მკურნალობით ეპიზოდური თავის ტკივილი იშვიათად გადადის უფრო რთულ ფორმაში. ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილის დროს სახიფათოა თვითმკურნალობა. გაჭიანურებული ფორმების დროს როგორც ავადმყოფისგან, ისე ექიმისგან, დიდი მოთმინებაა საჭირო. მხოლოდ წამლის მიღება არ არის საკმარისი, საჭიროა პაციენტმა თავად "გამოიბრძოლოს" საკუთარი უტკივილო ცხოვრების უფლება. უმჯობესია მიმართოთ ქრონიკული ტკივილის სფეროში გაწაფულ ექიმს (დასავლეთში ზოგან მათ "ალგოლოგებს" უწოდებენ) ან მიმართოთ ტკივილის მართვის სპეციალიზირებულ კლინიკას (ცენტრს). |
|
|