სამედიცინო შეცდომის პრევენცია: რეგულირების გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში

      მოამზადა გიორგი გეგელაშვილმა
      მონაწილეობდნენ: ჯუმბერ ჩოლობარგია, მაკა დანელია, მანანა კრავეიშვილი და გიორგი მირცხულავა

რეგულირების გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში

"XXI საუკუნე - უსაფრთხოების საუკუნე იქნება"  

პრევენცირებადი მოვლენების სიხშირე და მოცულობა კარგად არ იყო გააზრებული XX საუკუნის 90-იან წლებამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ანგარიშებში გამოვლინდა პაციენტთა დაზიანებებისა და სასიკვდილო გამოსავლის მქონე უბედური შემთხვევების რიცხვის ყოველწლიური მატება.


XX საუკუნის ბოლოს ამერიკელმა მკვლევრებმა გამოაქვეყნეს მონაცემები, რომ აშშ-ში სამედიცინო შეცდომებით ყოველწლიურად ზიანდება 1 მილიონი, ხოლო კვდება 100.000-მდე ადამიანი. 1999 წელს, ზემოხსენებული ანგარიშების გამოქვეყნებიდან 2 კვირაში, აშშ-ის კონგრესმა დაიწყო სპეციალური მოსმენები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა კი მთავრობას დაავალა, ვრცლად შეესწავლათ კონგრესის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების დანერგვის საჭიროება.


მსგავსი გამოცდილება აღინიშნა სხვა ქვეყნებშიც. თავიდან აცილებადი სამედიცინო შეცდომების შედეგად ყოველწლიურად 18 000 სიკვდილის შემთხვევა გამოვლინდა ავსტრალიაში, 24 000-მდე – კანადაში, 850.000 პაციენტი დაზიანდა დიდ ბრიტანეთში.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაფასა არსებული მდგომარეობა და დაასკვნა, რომ მსოფლიოში, საშუალოდ, ყოველი მეათე ჰოსპიტალიზებული ავადმყოფი ზიანდება სამედიცინო შეცდომის შედეგად.


XXI საუკუნის მედიცინა ორიენტირებული იქნება პაციენტის უსაფრთხოებაზე. 2002 წლის მაისში, ჯანმრთელობის 55-ე მსოფლიო ასამბლეამ (WHA) მიიღო რეზოლუცია 55.18, რომელიც წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებდა, მეტი ყურადღება მიექციათ პაციენტთა უსაფრთხოების საკითხებისათვის. 2004 წლის მაისში, ჯანმრთელობის 57-ე მსოფლიო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საერთაშორისო ალიანსის შექმნას (193 ქვეყნის გაერთიანება), რაც საერთაშორისო დონეზე პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესების მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნებოდა.


2004 წლის ოქტომბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო ალიანსი, რომლის მიზანია .

წევრი სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემებში უსაფრთხოების კულტურის ამაღლება,

პაციენტთა უსაფრთხოების განმტკიცების მექანიზმების შემუშავება,

პაციენტთა უსაფრთხოების მოძრაობაში თავად პაციენტების ჩართვა,

პოლიტიკური ვალდებულებების ჩამოყალიბება და გლობალური გამოწვევების მხარდაჭერა.


2005-2006 წლებში პაციენტთა უსაფრთხოების გლობალური გამოწვევა სახელწოდებით „სუფთა მკურნალობა უსაფრთხო მკურნალობაა” ფოკუსირებულ იქნა სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებულ ინფექციებზე. 2007-2008 წლებში მთავარი გამოწვევა გახდა უსაფრთხო ქირურგიული ოპერაციები - „უსაფრთხო ქირურგია სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია“.


სოციალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ნაწილობრივი შეთანხმების ფარგლებში ევროპის საბჭომ ჩამოაყალიბა მედიკამენტური უსაფრთხოeb მკურნალობის ექსპერტთა კომიტეტი. მისი რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად 2006 წელს შეიქმნა ანგარიში სახელწოდებით: „მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების გაუმჯობესება ევროპაში: უსაფრთხო მედიკამენტური მკურნალობის პრაქტიკის დანერგვა”. (’’Creation of a better medication safety culture in Europe: building up safe medication practices’’).


დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ: 

”პაციენტისა და მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი (გლოსარიუმი) და მედიკამენტური მკურნალობის შეცდომების პრევენციისა და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკა”


ამ რეკომენდაციის მიხედვით, მთავრობებს მოეთხოვებათ:

პრიორიტეტად ცნონ მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოება,

ხელი შეუწყონ წამლის უსაფრთხო გამოყენების ევროპული სტანდარტების დანერგვას და

მედიკამენტური მკურნალობის შეცდომების მონაცემებისა და სტრატეგიების შეგროვებას.


2006 წლის 26 მაისს ევროპის საბჭომ წევრ სახელმწიფოთათვის მიიღო რეკომენდაცია „პაციენტის უსაფრთხოების მართვა და არასასურველი მოვლენების პრევენცია ჯანმრთელობის დაცვაში“.


პაციენტთა უსაფრთხოების სამართლებრივი რეგულირება  

რეპორტირების სისტემა შეუთავსებელია ისეთ გარემოსთან, სადაც ინფორმაციის გამომჟღავნებას შეიძლება მოჰყვეს სასამართლო დავა ან დისციპლინური სახდელი. ამიტომაცაა, რომ მრავალ ქვეყანაში არასასურველი შემთხვევის რეპორტირებული ინფორმაცია დაცულია გავრცელებისგან და მასზე ხელი მიუწვდებათ მხოლოდ ჯანდაცვის შესაბამის სპეციალისტებსა და უწყებებს. ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში ხდება საჩივრებისა და კომპენსაციების ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისტემების შექმნა, რათა პაციენტი და ჯანდაცვის მუშაკი არ აღმოჩნდნენ ურთიერთ დაპირისპირებულ სიტუაციაში. საჭიროა პაციენტთა უსაფრთხოების ინიციატივების ეფექტური და ადეკვატური საკანონმდებლო რეგულირება. კანონმდებლობა უნდა ქმნიდეს პაციენტთა უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის შესაქმნელად აუცილებელ მექანიზმებსა და პირობებს.


მთელს მსოფლიოში კანონმდებლობა სულ უფრო მეტად გამოიყენება პაციენტთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ეფექტური საკანონმდებლო ბაზა უზრუნველყოფს ჯანდაცვის მუშაკთა სამუშაო პირობების, სამედიცინო მოწყობილობებისა და მედიკამენტების, არასასურველ შემთხვევათა შეტყობინების სისტემების, კომპენსაციისა და საჩივრების და ასევე პაციენტთა უსაფრთხოების სხვა ფუნდამენტური ასპექტების დარეგულირებას.


ამერიკის ცალკეულმა შტატებმა უკვე შექმნეს კანონმდებლობა პაციენტთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ. სხვადასხვა შტატში შექმნილია არასასურველ და ბეწვზე გადარჩენის შემთხვევათა სარეპორტო სისტემები, რომელიც სხვადასხვა შტატში განსხვავებულ საკანონმდებლო დაცვას ექვემდებარება. როგორც წესი, ასეთი მოხსენებებით მიღებული ინფორმაცია არ დაიშვება მტკიცებულებად სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე და პირს არ შეიძლება ასეთი ქმედებისთვის დაეკისროს დისციპლინური სახდელი.


მათ განსაზღვრეს ის შემთხვევები, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო რეპორტირებას, ასევე შექმნეს ნებაყოფლობითი რეპორტირების მექანიზმები.


ინფორმაციის მიწოდების დაგვიანებისთვის ზოგიერთ შტატში დაწესებულია ჯარიმა, ზოგან ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ გვერდებზე მხოლოდ პირთა განსაზღვრული წრისთვის. ხოლო 2005 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა სენატორების ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის ინიცირებულ და კონგრესის მიერ მიღებულ ფედერალურ კანონს პაციენტთა უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ქმნის სამედიცინო შეცდომების ანონიმურ სარეპორტო სისტემას და უზრუნველყოფს რეპორტირებული ინფორმაციის დაცვას.


აშშ არ არის ერთადერთი სახელმწიფო, სადაც შეინიშნება კულტურული ცვლილებების ტენდენცია. დანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც შექმნა არასასურველი შემთხვევებისთვის სავალდებულო ეროვნული შეტყობინების სისტემა.


დანიური მოდელი აღსანიშნავია იმით, რომ იგი რეპორტირებულ ინფორმაციას იცავს, არა მხოლოდ ადმინისტრაციული, დისციპლინური თუ სამოქალაქო წარმოებისაგან, არამედ სისხლის სამართალწარმოებისგანაც. დანიაში შექმნილია საჩივრებისა და კომპენსაციების ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისტემები, რათა პაციენტი და ჯანდაცვის მუშაკი არ აღმოჩნდნენ ურთიერთდაპირისპირებულ სიტუაციაში


სხვა სახელმწიფოებიც, როგორებიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და სხვები ახორციელებენ საკანონმდებლო რეფორმებს. პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით იქმნება სამედიცინო პროდუქციის მარეგულირებელი კანონმდებლობა. აშშ-ში ეს გულისხმობს არა მხოლოდ სამედიცინო პროდუქციასთან დაკავშირებული არასასურველი შემთხვევების რეპორტირებას, არამედ სამედიცინო პროდუქციის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასებას, ასევე მათი მარკირების, შეფუთვისა და წარმოების სტანდარტების შექმნასა და გაუმჯობესებას. დანია, გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია და ა.შ. აუმჯობესებენ ჯანდაცვის მუშაკების სამუშაო საათების მარეგულირებელ კანონმდებლობას, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ გადაღლილობა არის არასასურველ შემთხვევათა გამომწვევი მნიშვნელოვანი მიზეზი და აწესებენ პასუხისმგებლობას იმ დაწესებულებების ან პირებისთვის, რომლებიც ხელს უშლიან სამედიცინო პერსონალს ასეთი შემთხვევების თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნებაში ან ასეთი ინფორმაციის გამჟღავნების გამო ახდენენ მათ დისკრიმინაციას.


სამედიცინო შეცდომით გამოწვეული ზიანის კომპენსაცია საქართველოში  

საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო პროფესიული განვითარების საბჭოს მეშვეობით. საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია: სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი; თუ სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტის ჯანმრთელობას რაიმე ზიანი მიადგა ან არსებობს ზიანის მიყენების რისკი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას.


პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში, ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში. ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).


დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები:

წერილობითი გაფრთხილება;

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება;

სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება;

ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა;

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.


პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.


სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება გახდება საფუძველი სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმებისა.


დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დააზღვიოს პროფესიული შეცდომა, რომლის შედეგადაც პაციენტს მიადგა ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი.


არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც, ანუ ქვეყანაში მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური სამართალი, რომელიც პრინციპულად გამორიცხავს სამედიცინო მომსახურების გაწევისას დაშვებულ შეცდომებზე სწავლების შესაძლებლობას, რაც, როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, უძლიერესი ბერკეტია მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის.


 

  Copyright 2012