ანტიდეპრესიული საშუალებები

      გიორგი გეგელაშვილი

ანტიდეპრესანტები 

ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება 2 კლასის ანტიდეპრესიული საშუალებები: [1]

ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები – ტცა

ამიტრიპტილინი

იმიპრამინი

კლომიპრამინი

ნორტრიპტილინი

დესიპრამინი

სეროტონინის და ნორეპინეფრინის (ნორადრენალინის) უკუმიტაცების (უკუშთანთქმის) სელექციური ინჰიბიტორები – სნუმსი

ვენლაფაქსინი

დულოქსეტინი


ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები 

ტრიციკლური ანტიდეპრესიული (ტცა) საშუალებები ამუხურჭებენ ნორეპინეფრინის და/ან სეროტონინის ნეირონულ უკუმიტაცებას. ამ გზით ტცა ააქტიურებს ტკივილის დამამუხრუჭებელ მონოამინერგულ სისტემას. გარკვეულწილად ტცა-ს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც, რაც უზრუნველყოფილია ნატრიუმის და/ან კალციუმის არხების ბლოკირებით. ამას გარდა, ტცა-ს ანტიქოლინერგულადაც მოქმედებს, რაც იწვევს გვერდით მოვლენებს და ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია მათი გამოყენების დროს [Jensen TS, 2009; EMEA, 2008]. [2]


ტცა-ს კლასი წარმოადგენს პირველი რიგის, არჩევის პრეპარატებს და იაფ საშუალებებს ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობაში (აივ-ნეიროპათიის გარდა) [Kieburtz K, 1998; Saarto T- Cochrane Database Syst Rev, 2007; Shlay JC, 1998]. [3][4][5]


გვერდითი მოვლენები:

გაბრუება

პირის სიმშრალე

ორთოსტატიკული ჰიპოტენზია

ძილიანობა

შარდის შეკავება

წონაში მატება

მადის აღძვრის გამო

კარდიოტოქსიკურობა

გულის გამტარებლობის შეფერხება (ბლოკი, ბლოკადა)

გულყრის ზღურბლის დაქვეითება

პროკონვულსიური მოქმედება.


გამოხატული სისტემური გვერდითი მოვლენების გამო აუცილებელია დოზის ხანგრძლივი და თანდათანობით მატება – გატიტრვა. შესაბამისად, სასურველი ეფექტის მიღწევას დიდი დრო სჭირდება [6] [O'Connor AB, 2009].


ტცა განსაკუთრებით ცუდი ასატანია ხანდაზმულებისთვის და მაღალია ზედოზირების რისკი. ყურადსაღებია ფსიქიატრიულ კონტინგენტი, სადაც ტცა-მ შეიძლება გააუარესოს ფსიქიკური მდგომარეობა და სუიციდისკენ სწრაფვა გამოიწვიოს [EMEA, 2008].


ტცა-ს ანალგეზიური ეფექტი უფრო ადრე იწყება (3-7 დღიდან), ვიდრე მათი ანტიდეპრესიული მოქმედება (2-3 კვირიდან). ტკივილგამაყუჩებელი დოზაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ანტიდეპრესიული მოქმედებისთვის საჭირო დოზა.


სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები


სეროტონინის (5HT) და ნორეპინეფრინის (NE - ნორადრენალინის) უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სნუმსი)ზრდიან სეროტონინისა და ნორეპინეფრინის კონცენტრაციას და შესაბამისად, მათ დამთრგუნავ ზემოქმედებას ტკივილის გადაცემის პროცესზე.


სნუმსი, აგრეთვე, ავლენს მცირე ჰისტამინურ, მუსკარინულ და ალფა-1-პოსტსინაფურ აგონისტურ მოქმედებასაც. სნუმსი-ის უსაფრთხოების პროფილი და ასატანობა უკეთესია ვიდრე ტცა-ის.


სნუმსი-ის ჯგუფიდან მტკივნეული ნეიროპათიის დროს მოზრდილებში ნაჩვენებია ვენლაფაქსინი და დულოქსეტინი.


გვერდითი მოვლენები:

გულისრევა

ატაქსია

პირის სიმშრალე

ძილიანობა.


ტცა-სთან შედარებით სნუმსი ხასიათდება მინიმალური კარდიოტოქსიკურობით, მაგრამ შედარებით ძვირია.

 

ლიტერატურა 

[1] Dworkin RH et al. Recommendations for the pharmacological management of neuropathic pain: an overview and literature update. Mayo Clin Proc. 2010;85(3):S3-S14.
[2] Jensen TS, et al. Pharmacology and treatment of neuropathic pains. Curr Opin Neurol 2009;22(5):467–474.
Rosemont Pharmaceuticals Limited. Summary of product characteristics: Amitriptyline oral solution 50 mg/5 ml. 2008. European Medicines Agency, London, UK. www.emc.medicines.org.uk
[3] Kieburtz K, et al. A randomized trial of amitriptyline and mexiletine for painful neuropathy in HIV infection. AIDS Clinical Trial Group 242 Protocol Team. Neurology 1998;51(6):1682–1688.
[4] Saarto T, Wiffen PJ. Antidepressants for neuropathic pain. Cochrane Database Syst Rev 2007;4(4):CD005454.
[5] Shlay JC, et al. Acupuncture and amitriptyline for pain due to HIV- related peripheral neuropathy: A randomized controlled trial. Terry Beirn Community Programs for Clinical Research on AIDS. JAMA 1998;280(18):1590–1595.
[6] O'Connor AB, Dworkin RH. Treatment of neuropathic pain: An overview of recent guidelines. Am J Med 2009;122(10 Suppl.): S22–S32.

  Copyright 2012