წელის ტკივილის ზოგადი მიმოხილვა

      მაკა მანია, ქეთევან კობახიძე

წელის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული შეგრძნებაა. იმდენად, რომ ყოველი 10-დან 8 ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც უჩივის ამ ტკივილს. მისი გამომწვევი მიზეზები უფრო ხშირად არცთუ სახიფათოა, ზოგჯერ კი გაურკვეველიც რჩება. ასეთ შემთხვევაში წელის ტკივილს „არასპეფიციური“ ანუ „მექანიკური წელის ტკივილი“ ჰქვია. მწვავედ აღმოცენებულ წელის ტკივილს „წელის გაკავებას“ ანუ „წელკავს“ ვუწოდებთ. ხშირად ის რამდენიმე დღეში ან კვირაში უკუვითარდება, ოღონდ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსალოდნელია მისი განმეორებითი აღმოცენება.


ზოგჯერ ტკივილი ქრონიკულ ხასიათს ატარებს. ამ შემთხვევაში სამედიცინო მეურვეობის პრინციპები და მკურნალობის მეთოდები ნაწილობრივ განსხვავებულია.


წელის მოკლე ანატომია  

„წელის ტკივილის“ სახელწოდებაში მოიაზრება წელისა და გავის მიდამოს ტკივილი. აღნიშნული მიდამო ძირითადად წარმოდგენილია კუნთოვანი სისტემით, რომელიც მიმაგრებულია ხერხემლის მალებთან. ხერხემლის მალებს შორის არსებული მალთაშუა სივრცე ამოვსებულია ფიბროზული რგოლით და მასში მოთავსებული რბილი მალთაშუა დისკით (იხ. სურათი N1). ეს უკანასკნელი „ამორტიზატორის“ როლს ასრულებს. გარდა ამისა, რბილი მალთაშუა დისკების წყალობით ხერხემალს შესწევს უნარი, მოიხაროს.



მალებზე მიმაგრებულია ძლიერი იოგოვანი აპარატი, რომელიც ხერხემლისათვის საყრდენის ფუნქციას ასრულებს. ზურგის ტვინი მოთავსებულია ხერხემლის არხში და კარგადაა დაცული ძვლოვანი სტრუქტურებით. მასში უამრავი ნერვული გზა მოძრაობს. ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვები გადიან მალთაშუა ხვრელებს და მიემართებიან პერიფერიისაკენ. აღნიშნული ნერვები მოძრაობენ ყველა მიმართულებით და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს გადასცემენ ინფორმაციას, ასევე პერიფერიიდან მიღებულ ინფორმაციას აწვდიან ცენტრალურ ნერვულ სისტემას.


ხერხემლის სვეტი ოთხ ნაწილად იყოფა:


კისრის სეგმენტი

შეიცავს 7 მალას (CI-VIII)

გულმკერდის სეგმენტი

შეიცავს 12 მალას (TI -XII)

წელის სეგმენტი

შეიცავს 5 მალას (LI -V)

გავა-კუდუსუნის სემგენტი

შეიცავს შესაბამისად 5 და 4 მალას.


წელის ტკივილის ტიპები  
წელკავი – არასპეციფიური წელის ტკივილი  

ყოველი 20-დან 19 შემთხვევაში წელის ტკივილი არასპეციფიურ ხასიათს ატარებს. ასეთი სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ, როგორც წესი, არასპეფიციური წელის ტკივილის დროს ვერ ხერხდება ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტკივილის მიღმა არ დგას არც ერთი ავადმყოფობა ან სხვა კონკრეტული მიზეზი. ასეთი ტკივილის ინტენსიობა სხვადასხვაგვარია. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც მსუბუქი ტკივილის სახით, ასევე ძალიან ძლიერი ტკივილითაც. არასპეფიციური წელის ტკივილის დეტალური აღწერილობა იხ., http://www.pain.org.ge/patients/backpain/nonspecific/


ფესვობრივი ტკივილი (რადიკულოპათია)  

წელის არეში აღმოცენებული მწვავე ტკივილის დაახლოებით 20-დან ერთ შემთხვევაში პაციენტს უყალიბდება რადიკულოპათია. ფესვობრივი ტკივილი განპირობებულია იმით, რომ ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვის ფესვი ზეწოლას განიცდის მალთაშუა ხვრელის დონზე. ამის გამო პაციენტი ტკივილს აღიქვამს ნერვის გაყოლებაზე ფეხში, ზოგჯერ წვივამდე და ტერფამდეც კი. ამასთან, საინტერესოა, რომ ტკივილი შეიძლება უფრო ინტენსიური იყოს წვივისა და ტერფის არეში, ვიდრე წელის მიდამოში.


რადიკულოპათია უფრო ხშირად მალთაშუა დისკის პროლაფსით არის გამოწვეული. დისკის პროლაფსის დროს რბილი დისკი მის ირგვლივ არსებული ფიბროზული რგოლის დასუსტებული ადგილიდან გარეთ გამოდის (ე. წ. დისკის თიაქარი). სწორედ ასეთი პროლაბირებული დისკი აწვება ფესვს მალთაშუა სივრცეში (იხ. სურათი N2). ფესვზე ზეწოლა სხვა მიზეზების გამოც შეიძლება აღინიშნოს, მაგრამ დისკის თიაქარი ყველაზე უფრო ხშირი მიზეზია.



რაშის კუდის სინდრომი  

რაშის კუდის სინდრომი – იშვიათი, მაგრამ საყურადღებო და სახიფათო მდგომარეობაა. რაშის კუდი წარმოადგენს ზურგის ტვინის ფესვების ერთობლიობას, რომლებიც თავმოყრილია ზურგის ტვინის დაბოლოებასთან და მოიცავს ქვედა სეგმენტების ფესვებს (წელის, გავისა და კუდუსუნის ფესვები).


აღნიშნული ფესვები ინერვაციას უწევენ არა მარტო ქვემო კიდურებს, არამედ მცირე მენჯის ღრუს ორგანოებსაც (შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი). ამდენად, რაშის კუდის სინდრომის დროს აღინიშნება როგორც წელის ტკივილი, ასევე მოშარდვისა და დეფეკაციის დარღვევა. მაგალითად, პაციენტს შეიძლება აღენიშნოს შარდვის შეკავება. ჩვეულებრივ, გამოხატულია ასევე დაბუჟება შორისის არეში. ზოგჯერ ვლინდება ერთი ან ორივე ქვემო კიდურის სისუსტეც. ასეთ დროს აუცილებელია მკურნალობის დროულად დაწყება, რათა მოშარდვისა და დეფეკაციის დარღვევამ მუდმივი ხასიათი არ მიიღოს.


თუ თქვენ რაშის კუდის სიმპტომები გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!


სპონდილოლისტეზი  

სპონდილოლისტეზი წარმოადგენს ხერხემლის მალების დაცილებას, როდესაც ერთ-ერთი მალა ხერხემლის სვეტში შედარებით წინ ან უკან გადანაცვლდება. მალების ასეთმა პათოლოგიურმა განლაგებამ შეიძლება გამოიწვიოს წელის ტკივილი ან რადიკულოპათია. სპონდილოლისთეზი ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში მისი გამოვლინება შემთხვევით სხვა გამოკვლევების დროს ხდება.


სპინური სტენოზი  

სპინური სტენოზი ხერხემლის არხის შევიწროვებაა. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. შეძენილი მიზეზები მრავალგვარია. სპინური სტენოზი უფრო მეტად გვხვდება ხანდაზმულებში. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან იწვევს წელის ტკივილს და ნეიროგენულ კოჭლობას, ანუ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ პაციენტს ეწყება ტკივილი არა მარტო წელის არეში, არამედ წვივებშიც. წვივების ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ პაციენტი იძულებულია გაჩერდეს, შეისვენოს და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოს სიარული. ასეთი სახის ჩივილი ბუნებრივია, აუცილებლად მოითხოვს ექიმის დახმარებას.


წელის ტკივილის შედარებით უფრო იშვიათი მიზეზები  

ზოგჯერ ხერხემლის მალებს შორის არსებულ შესახსრებებში ვითარდება ანთება (ართრიტი), რასაც შეუძლია გამოიწვიოს წელის ტკივილი. ასეთი ანთებითი პროცესი ხშირად ოსტეოართრიტის სახით მიმდინარეობს. ეს უკანასკნელი, უმთავრესად, ხანდაზმულ ასაკში ვლინდება.


მაანკილოზებელი სპონდილიტი ასევე ართრიტით მიმდინარე ავადმყოფობაა, რომელიც ჩვეულებრივ ახალგაზრდა ასაკში იჩენს თავს. მისთვის დამახასიათებელია ზურგისა და წელის მიდამოს ტკივილი და შებოჭილობა. რაც შეეხება რევმატოიდულ ართრიტს, ის ასევე აზიანებს ხერხემალს, ამავდროულად პროცესში ჩართულია კიდურების სახსრებიც.


სხვა მიზეზებიდან უნდა დავასახელოთ სიმსივნეები, ინფექციები და სხვა, რაც საკმაოდ იშვიათია. ასე მაგალითად, წელის ტკივილის მქონე 100 პაციენტიდან ასეთი სახიფათო მდგომარეობა შეიძლება აღენიშნებოდეს მხოლოდ ერთ მათგანს. ამდენად, ამ რუბრიკაში უმთავრესად ვისაუბრებთ წელკავზე ანუ არასპეფიციურ წელის ტკივილზე, რაც ყველაზე უფრო ხშირი და გავრცელებული მიზეზია http://www.pain.org.ge/patients/backpain/nonspecific/.


ლიტერატურა  

1. Nonspecific Lower Back Pain in Adults. www.backcare.org.uk;

2. http://www.mayoclinic.com/health/back-pain

  Copyright 2012