|
თავის ტკივილი ბავშვთა ასაკში მამუკა შალამბერიძე, დეა ცუცქირიძე ბავშვებსაც ხშირად სტკივათ თავი. ტკივილი როგორც მოზრდილების შემთხვევაში შეიძლება პირველადიც იყოს და მეორადიც. პირველადი თავის ტკივილი თავის ტკივილი ავადმყოფობის მთავარი სიმპტომია ანუ თავად არის ავადმყოფობა. ამ დროს არც გასინჯვით და არც გამოკვლევებით ორგანულ დაზიანებას ვერ ვპოულობთ. ყველაზე ხშირი ფორმებია შაკიკი ან დაძაბული ტიპის თავის ტკივილი. არც თუ იშვიათად ორთავე ერთად გვხვდება. სხვა პირველადი თავის ტკივილი ბავშვებში იშვიათია. მეორადი თავის ტკივილი ასეთი თავის ტკივილი სხვა ავადმყოფობას ან ჯერ კიდევ განუვითარებელ დაავადებას ანუ ავადმყოფურ მდგომარეობას (გაციებას, თავის მსუბუქ ტრავმას, შიმშილს, გადაღლას) ახლავს თან. იგი სხვა სიმპტომებს შორის ერთერთია და არა ერთადერთი. მაგ., გაციების ან გრიპის დროს ბავშვებს ხშირად აწუხებთ საერთო სისუსტე, სურდო, კუნთების და სახსრების ტკივილი და ამავე დროს სტკივათ თავი.
სერიოზული მიზეზით გამოწვეული თავის ტკივილი ბავშვთა ასაკში ძალზე იშვიათია, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას ყურადღებით არ მოვეკიდოთ პატარების ჩივილებს.
ბავშვთა ასაკში თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზებია: ვირუსული და ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციები მეორადი თავის ტკივილი გაციება, ალერგია, მწვავე ფარინგიტი, ყურის ინფექცია, ცხვირის დანამატი წიაღების ანთება (რინოსინუსიტი) არაჯანსაღი სიტუაცია (ჯანმრთელობის თვალსაზრისით) სტრესი, გადაღლილობა, პრობლემები ოჯახში ან სკოლაში, შიმშილი, გაუწყლოვნება იგულისხმება ხანმოკლე და მსუბუქი თავის ტკივილი, რომელიც ადვილად უკუიქცევა და, ჩვეულებრივ, სამედიცინო მსჯელობის საგანი არ ხდება რეტროსპექტული ანალიზით იგი პირველადი, მეორადი ან შერეული ფორმის თავის ტკივილია. თავის მსუბუქი ტრავმა მეორადი თავის ტკივილი შაკიკი პირველადი თავის ტკივილი დაძაბული ტიპის თავის ტკივილი პირველადი თავის ტკივილი ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი პირველადი თავის ტკივილი სერიოზული მიზეზით (თავის ტვინის სიმსივნე, საცოცხლისათვის საშიში ინფექცია) განპირობებული თავის ტკივილი ძალზე იშვიათია.
ბავშვებში თავის ტკივილის სიმპტომები დამოკიდებულია ასაკსა და თავის ტკივილის ფორმაზე. ყველაზე გავრცელებული ფორმებია: მეორადი თავის ტკივილი (არატრავმული ან ტრავმული) დაძაბული ტიპის თავის ტკივილი შაკიკი ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი.
ვირუსული ან ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციები ბავშვთა ასაკში თავის ტკივილის ხშირი მიზეზია. თავის ტკივილი შეიძლება წინ უსწრებდეს ინფექციის სხვა გამოვლინებებს და მანამდე გაგრძელდეს, ვიდრე სრულიად არ ალაგდება ავადმყოფობის სხვა სიმპტომები. სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები იშვიათია, მაგრამ აუცილებელია მათი კლინიკური ნიშნების ცოდნა, რათა დროულად მოხდეს პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა. ბაქტერიული მენინგიტის დროს ძლიერ თავის ტკივილთან ერთად გამოხატულია: ცხელება (სხეულის ტემპერატურის მომატება), შუქის აუტანლობა, კისრის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა), გულისრევა, ღებინება, ფორიაქი, გაღიზიანებადობა, ძილიანობა.
ბავშვები ტრავმებს სახლში, სკოლაში, ვარჯიშის ან სპორტული შეჯიბრისას ღებულობენ. როდესაც ბავშვი ტრავმის მიღების დროს კარგავს გონებას და თავის ტკივილთან ერთად აქვს გულისრევა ან ღებინება
ბავშვები ამ დროს უჩივიან სიმძიმეს შუბლის არეში ან ამბობენ, რომ თავის ირგვლივ სალტისებური მოჭერის შეგრძნება აქვთ. ტკივილის ინტენსიურობა ხშირად მსუბუქი ან ზომიერია; არ არის მფეთქავი ხასიათის; შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთიდან რამდენიმე დღემდე. ბავშვებს ამ დროს ზომიერად აწუხებთ სინათლე და ხმაური, შეიძლება ჰქონდეთ მსუბუქი თავბრუ და დაღლილობის შეგრძნება.
ბავშვებში შაკიკის სიმპტომები ასაკთან ერთად იცვლება. მისი ნიშნები შეიძლება მოზრდილებისგან განსხვავებული იყოს. ჩვილებში შაკიკის შეტევას ვარაუდობენ, როდესაც ბავშვი უმიზეზოდ იწყებს ტირილს, გაფერმკრთალდება, მივარდება. უფრო მოზრდილი ბავშვები ტირილთან ერთად მოუსვენრები ხდებიან, ბორგავენ ან, პირიქით, ტკივილს უყუჩდებიან, ბალიშში თავს ჩარგავენ; აწუხებთ გულისრევა ან ღებინება; ზოგჯერ ვერ იცავენ წონასწორობას, თითქოს სიარულის ეშინიათო. მცირეწლოვან ბავშვებში ტკივილი ხშირად შუადღის შემდეგ იწყება. ტკივილი ძირითადად შეტევითი და მფეთქავი ხასიათისაა, გრძელდება ერთიდან ორ საათამდე. ტკივილი მთელ თავს ან მხოლოდ ნახევარს მოიცავს, ხშირად თან ახლავს გულისრევა, სინათლისა და ხმაურის აუტანლობა. შესაძლებელია ერთჯერადი ან მრავალჯერადი ღებინება. მოზარდებში ტკივილი, როგორც წესი, თანდათანობით ძლიერდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათის განმავლობაში და ტკივილის გადავლაც ნელ–ნელა ხდება. ტიპურ შემთხევევებში ტკივილი დასაწყისში ყრუ და მსუბუქია, თუმცა თანდათან ძლიერდება, შეიძლება მიიღოს მფეთქავი და დარტყმითი ხასიათი. შაკიკურ ტკივილს ამძაფრებს მკვეთრი შუქი, ხველა, დაძაბვა, თავის მოძრაობა, ფიზიკური აქტივობა. ტკივილი ძირითადად რამდენიმე საათიდან ერთ დღემდე, იშვიათად ორ-სამ დღემდე გრძელდება. მოზრდილებთან შედარებით ბავშვთა შაკიკი უფრო იშვიათადაა ცალმხრივი (დამახასიათებელი მთლიანი თავის ტკივილი) და უფრო ნაკლები ხანი გრძელდება (არ არის აუცილებელი 4-72 სთ გრძელდებოდეს). ამავე დროს ბავშვებში უფრო გამოხატულია კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (გულისრევა, ღებინება) ტკივილის თანმხლები სიმპტომებიდან აღსანიშნავის გულის წასვლა, ტკივილი მუცლის არეში, ბარბაცით სიარული. შაკიკზე ეჭვის მიტანის დროს საჭიროა მემკვიდრეობითობის ანუ გენეტიკური განწყობის დადგენა. ოჯახის წევრებს და უახლოეს სისხლით ნათესავებს შეიძლება ჰქონდეთ დადგენილი შაკიკი ან პერიოდულად აღმოცენებადი ”დაუდგენელი მიზეზის” თავის ტკივილები. ”დაუდგენელი” თავის ტკივილები ხშირად შაკიკი ან დაძაბული ტიპის თავის ტკივილი აღმოჩნდება ხოლმე. შაკიკის ნაცვლად ყველაზე ხშირად შეცდომით სვამენ დიაგნოზებს: ”ქალასშიდა წნევის მომატება” (”შიდა ქალის წნევა”) ”წიაღების ანთება” ”მარილების დაგროვება” (ოსტეოქონდოზი) თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროება (სპაზმი). თავის ტკივილს შეიძლება, წინ უძღოდეს ან თან ახლდეს მხედველობითი ან სხვა ნევროლოგიური დარღვევები (დაბუჟება, მეტყველების გაძნელება) წუთების განმავლობაში, რასაც აურა ეწოდება. აურით წარმოდგენილი ”კლასიკური შაკიკი” ართცუ ხშირია. კიდევ უფრო იშვიათია შაკიკი თავის ტკივილის გარეშე, როდესაც შეტევა მხოლოდ აურით ან შაკიკის წინმსწრები პერიოდული სინდრომებითაა (თაბრუხვევა, მუცლის ტკივილი, ღებინება) წარმოდგენილი. შაკიკის შეტევას ხშირად გვამცნობს მანიშნებელი (წინასწარ შემატყობინებელი) სიმპტომები, რომლებიც ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციების უჩვეულო მატება ან დაქვეითებაა. შეტევის მანიშნებლებს არაფერი საერთო არა აქვს აურასთან, თუმცა შეცდომით ”აურას” უწოდებენ. მხედველობითი აურის სიმპტომებია: კაშკაშა, მბრწყინავი, ბრჭყვიალა ”მოგზაური” ლაქები ზიგზაგისებური ან ”დატეხილი” ხაზები მხედველობის დაქვეითება ან ჩაბნელებული წერტილები.
ამ ფორმას ახასიათებს ძალიან ძლიერი თავის ტკივილის მცირეხნიანი (15 წუთიდან 3 საათამდე) შეტევები. მეორდება დღეში რამოდენიმეჯერ. ქრონოლოგიურად ტკივილები ჯგუფდება, დღეების ან კვირეების განმავლობაში მეორდება და შემდეგ გაჩერდება, ”შეისვენებს” და ამიტომ - ”ავტომატის ჯერსაც” კი ადარებენ. ახასიათებს სეზონურობა. განსხვავებით სხვა თავის ტკივილებისგან - ღამითაც გვხვდება. დაჯგუფებულ თავის ტკივილებს, ”კლასტერებს” - ხანგრძლივი უტკივილო პერიოდი ენაცვლება. ჯგუფური თავის ტკივილი განსაკუთრებით ძლიერი, მტანჯველი და როგორც წესი, ცალმხრივია. მისი ეპიცენტრი ძირითადად თვალბუდის მიმდებარედაა. ტკივილის მხარეს თვალი გაწითლდებული და ჭარბცრემლიანია. დამახასიათებელია ცალხრივად ”გაგუდული ცხვირი“, ოფლიანობა, ზოგადი სიფერმკრთალე (გარდა წითელი თვალებისა), შესაძლოა თვალის უპეების შეშუპება. შაკიკისგან განსხვავებით ამ დროს ბავშვი ფორიაქობს, ”ღმუის”, დადის და ”კედელზე თავს ახლის”. 10 წლამდე ასაკში ამ ტიპის თავის ტკივილი ძალზე იშვიათია. ოდნავ ხშირია 10-18 წლის ბავშვებში, მაგრამ აქაც მხოლოდ 0,1%–ში ვლინდება. უფრო მეტად გავრცელებულია ვაჟებში. ბავშვთა ასაკში აღწერილია ამავე ხასიათისა და თვისებების უფრო ხანმოკლე სხვა ტკივილების შეტევებიც, რომლებიც რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება.
ქრონიკული თავის ტკივილი თვეში 15 დღეზე უფრო ხშირია და სულ მცირე, 3 თვე გრძელდება. როდესაც უტკივილო დღე საერთოდ არ გვხვდება ამას ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი ეწოდება. ეს უკანასკნელი თავის ტკივილის დამოუკიდებელ ფორმაზე კი არა მის უწყვეტობასა და გაჭიანურებაზე მიუთითებს. ბავშვებში უმრავლეს შემთხვევაში ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი შაკიკის ან დაძაბული ტიპის თავის ტკივილის გაჭიანურებული ფორმაა. ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი ტკივილგამაყუჩებლების დიდ რაოდენობას ”ითხოვს”, რაც მეორადი თავის ტკივილის ერთერთი არასასურველი ფორმის - ”მედიკამენტების ჭარბი მოხმარების თავის ტკივილის” განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს.
თუ ბავშვი სხვამხრივ თავს კარგად გრძნობს და შემაშფოთებელ ნიშნებსა და სიმპტომებს არ ამჟღავნებს, არ არის აუცილებელი სამედიცინო დაწესებულებაში მისი მოთავსება.
ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯოს ექიმმა, როდესაც: ტკივილი უკავშირდება თავის ტრავმას ტკივილი ძლიერია ან თან ახლავს საყურადღებო სიმპტომები: გულისრევა მხედველობის ცვლილება ან გაორება კისრის ტკივილი ან რიგიდობა განსაკუთრებული ფორიაქი წონასწორობის დარღვევა ტემპერატურის მატება (38ºC და მეტი) ტკივილი აღვიძებს ბავშვს და გრძელდება გაღვიძების შემდეგაც ტკივილი გამეორდა ერთი თვის განმავლობაში ბავშვი სამ წელზე ნაკლებისაა თავის ტკივილი განვითარდა სერიოზული ავადმყოფობის ფონზე: ნამგლისებრ–უჯრედოვანი ანემია იმუნოდეფიციტი სისხლდენა ნეიროფიბრომატოზი ტუბეროზული სკლეროზი.
თავის ტკივილის მიზეზის დასადგენად ხშირად მხოლოდ გასინჯვა, დეტალური გამოკითხვა და ელემენტარული ანალიზებია საკმარისი. მაგრამ ზოგჯერ დიაგნოზის დასმა ძნელია და საჭირო ხდება თვეების მანძილზე დაკვირვება.
თავის ტკივილის მდებარეობა და ხასიათი ტკივილის წინმსწრები და თანმხლები სიმპტომები ტკივილის ხელშემწყობი ან შვების მომგვრელი ფაქტორები ყველა გამოყენებული მედიკამენტის დასახელების, დოზის და რაოდენობის აღნუსხვა. დაკვირვებაში მშობლის გარდა შეიძლება ოჯახის ნებისმიერი წევრი, მეურვე ან მასწავლებელი მონაწილეობდეს.
უმჯობესია მშობელი არ ენდოს მეხსიერებას და ყველა ინფორმაცია ტკივილის შესახებ თავის ტკივილის დღიურში შეიტანოს. (ჩამოტვირთეთ: ”თავის ტკივილის დღიურის ფორმა” და ”თავის ტკივილის დღიურის შევსების ინსტრუქცია”)
ბავშვთა ასაკის თავის ტკივილის უმეტეს შემთხვევებში ინსტრუმენტული გამოკვლევები ანუ ”თავის გადაღება” აუცილებელი არ არის. თუმცა, პაციენტის მდგომარეობის, სიმპტომების, ავადმყოფობის ისტორიისა და სხვა მონაცემების გავალისწინებით ექიმი ზოგჯერ საჭიროდ თვლის დამატებით რადიოლოგიურ კვლევას. მათგან ყველაზე მეტ ინფორმაციას ნეიროგამოსახვა იძლევა. ნეიროგამოსახვის ძირითადი მეთოდებია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია - CT თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა - MRI. ნეიროგამოსახვა აუცილებელია, როდესაც სახეზეა: უძლიერესი თავის ტკივილი თავის ტკივილის ახალი, უჩვეულო ეპიზოდი შემაშფოთებელი ნიშნები და სიმტომები ნევროლოგიური დარღვევები. ნეიროგამოსახვას მიმართავენ მაშინაც, როდესაც ბავშვის მდგომარეობა შემაშფოთებელია და რაიმე მიზეზის გამო ვერ ხერხდება კვალიფიციური ნევროლოგიური კონსულტაცია. თავის ქალას რენტგენოგრაფია ნეიროგამოსახვის მეთოდი არ არის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი ვერ გამოსახავს ანუ ვერ ”აჩვენებს” თავის ტვინს. თავის ქალას, სახის ძვლების, ყბების და კბილების რენტგენოგრაფია ინფორმატიულია ყბა-სახის და სტომატოლოგიური პათოლოგიების დროს.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა შაკიკის პრევენციის, შეტევების გახშირების და ქრონიკულ ფორმად გარდასახვის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. ასეთი რეკომენდაციები ყველა ადამიანისთვის სასარგებლოა: რეგულარული ვარჯიში საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება კვების ჰიგიენა ძილის მოწესრიგება კოფეინის მოხმარების შეზღუდვა მავნე ჩვევებზე უარის თქმა.
თავის ტკივილის მკურნალობის მოცულობა ბავშვის ასაკზე, ტკივილის ფორმაზე, სიხშირეზე და სხვა მონაცემებზეა დამოკიდებული.
ამ დროს მთავარი ყურადღება ძირითად დაავადებას უნდა დაეთმოს. მთავარია, არ გამოგვრჩეს ისეთი სიმტომები, რომლებიც სერიოზულ ავადმყოფობაზე მიუთითებენ. თავად თავის ტკივილის სამკურნალო ღონისძიებები იგივეა, რაც დაძაბული ტიპის თავის ტკივილის დროს.
არახშირი (იშვიათი) ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი არახშირად ითვლება ტკივილი, როდესაც მისი სიხშირე თვეში ერთზე ნაკლებია. მკურნალობა რეკომენდებულია ისეთი ”უბრალო” მედიკამენტებით, როგორიცაა საბავშვო პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ასპირინი და ასპირინის შემცველი კომბინირებული მედიკამენტები არ არის რეკომენდებული იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულების რეიეს სინდრომის შესაძლო განვითარების გამო. მნიშვნელოვანია: თავის ტკივილის დღიურზე დაყრდნობით იმ ფაქტორთა გამოაშკარავება და, შემცირება, რომელიც იწვევს ან აძლიერებს ტკივილს გადაღლილობა, არასაკმარისი ძილი, კვებასთან დაკავშირებული ფაქტორები ექიმის ინფორმირება ყველა საგანგაშო სიმპტომის შესახებ ცხელება, კისრის რიგიდობა, მხედველობის გაუარესება ან გაორება მოსვენება სთხოვეთ ბავშვს იწვეს მშვიდად და დაადეთ შუბლზე გრილი, სველი საფენი გამოკითხეთ, ხომ არაფერი აქვს სანერვიულო სკოლაში ან სახლში სასურველია მსუბუქი მასაჟი, თუ კისრის კუნთები დაძაბული ან მოდუნებულია თუ ბავშვს რაღაც პერიოდი საკვები არ მიუღია, შესთავაზეთ წაიხემსოს შიმშილი ხშირად იწვევს თავის ტკივილს. ხშირი ეპიზოდური და ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილი მკურნალობა უნდა დავიწყოთ ისევ საბავშვო პარაცეტამოლით ან იბუპროფენით. მაგრამ დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რაც მწარმოებლს აქვს მითითებული.
ხშირი ტკივილების დროს შეიძლება დიდი რაოდენობით პრეპარატის მიღება გახდეს საჭირო და ბავშვი დადგეს „მედიკამენტების ჭარბი მოხმარების თავის ტკივილის“ განვითარების საფრთხის წინაშე. ანტისტრესული პროგრამები სასარგებლოა ბავშვებში ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილის დროს. ის მოიცავს ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს, მოსვენებით თერაპიას ან ბიოლოგიურ უკუკავშირს. ეს უკანასკნელი აჩვევს ბავშვს დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით აკონტროლოს ორგანიზმის ძირითადი ფუნქციები, როგორებიცაა მაგ. გულისცემა, არტერიული წნევა, კუნთების დაძაბულობა.თუ თავის ტკივილი უბრალო მედიკამენტურ მკურნალობას არ ემორჩილება, შესაძლებელია ბავშვთა ნევროლოგმა საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობა ტრიციკლური ანტიდეპრესანტის, მაგ. ამიტრიპტილინის მცირე დღიური დოზით.
ზოგადი ღონისძიებები თავის ტკივილის შეტევის გამომწვევი (უფრო მართებულია ხელშემწყობი) მიზეზები მრავალფეროვანია და სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია. ხელშემწყობების თავიდან აცილება ზოგჯერ შესაძლებელია, მხოლოდ ნაწილობრივაა შესაძლებელი ან სრულიად შეუძლებელია.
ჩამოტვირთეთ: ”შაკიკის შეტევის ხელშემწყობი ფაქტორები” ბავშვებმა, რომელთაც შაკიკის ხშირი და ძლერი შეტევები აღენიშნებათ, სასურველია დამოუკიდებლად ან მშობლის დახმარებით აწარმოონ თავის ტკივილის დღიური.
ჩამოტვირთეთ: ”თავის ტკივილის დღიურის ფორმა” და ”თავის ტკივილის დღიურის შევსების ინსტრუქცია” თავის ტკივილის დღიური საშუალებას მოგვცემს გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა შეტევის გამომწვევი რომელიმე განსაზღვრული მიზეზის თავიდან აცილება. შეტევის მკურნალობა შაკიკის შეტევის მოხსნა ხშირად შესაძლებელია პარაცეტამოლით ან იბუპროფენით. აუცილებელია მკურნალობის დაწყება შეტევის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე. გულისრევის ან ღებინების დროს უპრიანია ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობა (მაგ., დომპერიდონი). ძლიერი და შეუპოვარი შემთხვევების დროს ექიმმა შეიძლება სუმატრიპტანი დანიშნოს.
პრევენციული მკურნალობა შაკიკის პრევენციული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. ამ დროს იყენებენ სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებს, რომელთაც უნარი შესწევთ შეაფერხონ შეტევის აღმოცენება. პროფილაქტიკური მკურნალობა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. რისკისა და სარგებელის თანაფარდობის გააზრების შემდეგ გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებენ პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, მშობელი და თავად პაციენტი (ბავშვის ასაკის გათვალისწინებით).
ბავშვთა ასაკში შაკიკის პრევენციისთვის იყენებენ შემდეგ პრეპარატებს: პროპრანოლოლი მეტოპროლოლი ციპროჰეპტადინი ამიტრიპტილინი ტოპირამატი ფლუნარიზინი. ”მენზესური შაკიკი” შაკიკის შეტევები მოზარდ გოგონებში საკმაოდ ხშირად მენზესის წინა დღეებში ან მისი დაწყებისთანავე (იშვიათად დამთავრებისას) ვითარდება. ასეთ შაკიკს ”მენზესურს” უწოდებენ. სინამდვილეში ”მენზესური შაკიკი” არ არის შაკიკის დამოუკიდებელი ფორმა, უბრალოდ ამით ხაზი ესმება ტკივილის აღმოცენების პერიოდს. ”მენზესური შაკიკის” შეტევის მკურნალობა იგივეა რაც ჩვეულებრივი შაკიკის. თუ მენზესური შაკიკი არაპროგნოზირებადი გრაფიკით ხასიათდება და მძიმედ მიმდინარეობს, შესაძლებელია პრევენციული მკურნალობის ჩატარება. მკურნალობას ციკლის დაწყებამდე რამდენიმე დღით იწყებენ. იყენებენ არასტეროიდებს ან სუმატრიპტანს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები უნდა დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს. |
|
|