პაციენტის და ექიმის ურთიერთობა

    დეა ცუცქირიძე, გიორგი გეგელაშვილი

ტკივილის მართვის საკითხებზე ექიმთან შეთანხმება  

ტკივილის მართვის დეტალებზე ექიმისა და პაციენტის შეთანხმება ტკივილის დასამარცხებლად გადადგმული პირველი სწორი ნაბიჯია. სასურველი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია, რომ პაციენტი აქტიურად იყოს ჩართული მკურნალობაში, გააანალიზოს ექიმის მიერ შემუშავებული სტრატეგია და გაიაზროს, შეძლებს თუ არა ის მისი რეკომენდაციების შესრულებას.


ეფექტური მოლაპარაკება ვერ შედგება, როდესაც ერთი მხარე, ამ შემთხვევაში პაციენტი:

თავს უხერხულად, შებოჭილად გრძნობს,

ვერ ახერხებს ექიმის რეკომენდაციების გააზრებას,

არ სვამს კითხვებს,

არ შეუძლია თამამად გამოხატოს საკუთარი აზრი,

შიშობს, რომ ზედმეტ კითხვებს დასვამს.


შეუძლებელია შეთანხმება იქ, სადაც არ სვამენ კითხვებს და არ იღებენ პასუხებს


ექიმთან ვიზიტზე მისული ავადმყოფების უდიდეს ნაწილს, როგორც წესი, თავად აქვს საკუთარი ტკივილის მართვის გამოცდილება. ექიმი ვალდებულია წაახალისოს პაციენტი აქტიურობისკენ, გაიზიაროს მისი გამოცდილება, თუკი ის გონიერების ფარგლებს არ სცილდება.


თუ ზემოთქმულს ყურადღებით ჩაიკითხვთ, დაგვეთანხმებით, რომ 

ექიმთან ერთი შეხვედრა სულაც არ არის საკმარისი ყველა საკითხზე შესათანხმებლად. 


დეტალების დაზუსტებას, პაციენტის გამოცდილების გაცნობით მისი პროტოტიპის წარმოდგენას და მისთვის მოსახერხებელი რეკომენდაციების ჩამოყალიბებას მოთმინება და დრო ორივე მხრიდან თანაბრად სჭირდება.


ექიმთან ღია და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის პაციენტი ვალდებულია:


მიაწოდოს ექიმს სრულყოფილი ინფორმაცია;

გულდასმით მოუსმინოს ექიმის რჩევებს;

დასვას შეკითხვები, თუ რაიმე გაუგებარია;

გამოხატოს საკუთარი აზრი;

მოიწონოს ან არ მოიწონოს რეკომენდაციები;

დააზუსტოს ექიმთან კონტაქტის მოსახერხებელი გზები და ფორმატი.

შემდეგი ვიზიტი, ტელეფონის ნომრები, დარეკვის დრო, ელექტრონული წერილი, sms-შეტყობინება.


პაციენტები და ექიმები ერთმანეთს "ზედმეტ" კითხვებს არასდროს უსვამენ


რამდენიმე სასარგებლო რჩევა  

თუ თქვენ უკვე გყავთ ექიმი და იცით როგორ გაუმკლავდეთ ტკივილს, მაგრამ საკუთარ ორგანიზმში აღმოაჩინეთ ისეთი მოვლენები, რომელზეც ადრე ყურადღება არ გაგიმახვილებიათ შეატყობინეთ ეს ექიმს. ამისათვის გამოიყენეთ თქვენთვის და თქვენი ექიმისთვის მისაღები ყველაზე ეფექტური საკონტაქტო საშუალება:

ჩაეწერეთ ექიმთან მიღებაზე;

გაუგზავნეთ ექიმს ელექტრონული წერილი, sms-შეტყობინება;

თუ თქვენი ექიმი შვებულებაში ან მივლინებაშია - შეხვდით იმავე სამკურნალო დაწესებულების სხვა ექიმს ან დაწესებულების სამკურნალო საქმის პასუხისმგებელ პირს;

თუ საცხოვრებელ ადგილას არ იმყოფებით და ვერც თქვენს ექიმს უკავშირდებით, მიმართეთ სხვა სამკურნალო დაწესებულებას.

ნუ დაეყრდნობით მეხსიერებას, სცადეთ ექიმთან ვიზიტისას თან იქონიოთ:

ძველი ჩანაწერები,

გამოკვლევების დასკვნები (ასლები),

სამედიცინო რეკომენდაციები და დანიშნულებები,

გამოყენებული სამკურნალო საშუალებების სია.

გაითვალისწინეთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ქსელში ბევრია დასახელებით მსგავსი მედიკამენტი და არცთუ იშვიათია წამლის შეცდომით ან სხვა დოზით შეძენის შემთხვევები.

სასურველია და სულაც არ არის ზედმეტი, რომ ექიმს პერიოდულად უჩვენოთ თქვენს მიერ უკვე გამოყენებული ან გამოსაყენებელი წამლის კოლოფები ან ფლაკონები.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც წამლის მიღების რეკომენდაცია ტელეფონით გაქვთ მიღებული.

სიტყვიერი რეკომენდაციების სისწორე აუცილებლად გადაამოწმეთ ექიმთან.


როდესაც ხელში ექიმის დანიშნული აბი გიჭირავთ და ჭიქით ხელში ელით როდის გაცივდება წყალი ონკანში, იფიქრეთ იმაზე რომ ახლა, ამ წუთას თქვენ საკუთარი თავის და საკუთარი ექიმის წინაშე ერთნაირად აგებთ პასუხს – თქვენ ორნი ხართ და ერთ საქმეს ემსახურებით. ამიტომ,


ყურადღებით ჩახედეთ ინსტრუქციას, 

დახედეთ წამლის ფლაკონზე გაკეთებულ წარწერას... 


ახლა შეგიძლიათ დალიოთ წამალი...

სუსტი რგოლი  

ჩვენი ჯანდაცვის სისტემაში მიღებული წესის თანახმად, ექიმის წერილობითი კონსულტაციის დასკვნა პირადად პაციენტს გადაეცემა. ეს ბუნებრივია, რადგან ეს დანიშნულება პაციენტისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში მიღებულია, რომ ასეთი სახის კონსულტაციას პაციენტთან ერთად მისი ოჯახის ექიმიც იღებს და ის ხელმისაწვდომია ყველა სხვა დაინტერესებული ექიმისთვისაც.



განსაკუთრებული ანალიზის უნარი არ არის საჭირო, რომ მივხვდეთ, რატომ ,,იწვალებს თავს’’ მკურნალი ექიმი იმისათვის რომ მისი დანიშნულება საჯარო გახდეს. ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეცდომის ალბათობას, ზრდის ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის განცდას და აიოლებს სხვა ექიმების ჩართულობას პაციენტის მკურნალობის პროცესში.


ასეა თუ ისე, ჯერჯერობით, ჩვენი ექიმები ყველაფერს მხოლოდ პაციენტს ან უკეთეს შემთხვევაში, პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს განუმარტავენ ანუ თავის დასკვნას სხვა ექიმთან პაციეტს ”აბარებენ,” რაც ხშირად გაუგებრობის საფუძველი ხდება, იწვევს ზედმეტ დანახარჯებს, გვაკარგვინებს დროს.


ამას ჩვენი სამედიცინო სივრცის გარკვეული მახასიათებლებიც ემატება – 


პირველადი ჯანდაცვის რგოლის სისუტე და რეცეპტის ინსტიტუტის უქონლობა


ფარმაცევტების ,,გააქტიურება’’ და ალტერნატიული პრეპარატის შეთავაზება მაღალი კლინიკური ფარმაცევტული კულტურით და გულთბილობითაც შეგვიძლია ავხსნათ, მაგრამ ზოგჯერ ექიმის დანიშნულებისადმი ეჭვის გაჩენის საბაბი ხდება და კითხვებს უჩენს პაციენტს.


ყველაფრის მიუხედავად, გონიერების წყალობით, შესაძლებელია პირველადი ჯანდაცის რგოლის ამ სისუსტემ უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს თქვენი მკურნალობის ხარისხზე.

სხვა მიმართულების ექიმთან ვიზიტისას თან იქონიეთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულება, ანალიზის პასუხები და დასკვნა.

ექიმის დანიშნულება წაიკითხეთ მისი თანდასწრებით

გამოიყენეთ ფარმაცევტის ”აქტიურობა” თვენს სასარგებლოდ

ყურადღებით მოუსმინეთ, მაგრამ გადაამოწმეთ

არ არის საჭირო ექიმის დანიშნულებას თქვენი მეგობრის ნაცადი ”უკვდავების წამალიც” მიახმაროთ.


კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ სწორად წარმართოთ თქვენი მკურნალობის პროცესი: დაურეკეთ ექიმს ტელეფონით და ჩაიწერეთ რჩევები. თუმცა, ვიდრე ამ თემას შევუდგებოდეთ...

პატარა სახალისო ექსკურსი  

ჩვენს ქვეყანაში სოციალური და სამედიცინო სისტემის მოწყობის თავისებურებები სატელეფონო კომუნიკაციის ”ქართულ თავისებურებასაც”განაპირობებენ. საქართველოში მობილური ტელეფონი იმაზე ბევრად სწრაფად გახდა პოპულარული, ვიდრე ამას რომელიმე წინასწარმეტყველი ივარაუდებდა. 90-იანი წლების დასაწყისის კომუნიკაციური პრობლემების საპასუხოდ, ქართველი ექიმები სასწრაფოდ ”შევიარაღდით” მობილურები ტელეფონებით და მას შემდეგ ის პაციენტებისთვის ჩვენთან დასაკავშირებელი საიმედო საშუალებაა.. დასავლეთის ქვეყნებში პაციენტებს ამგვარი ”ფუფუნება” ნამდვილად არა აქვთ.



ჩვენი გენოტიპის განსაზღვრა ახლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველში გენეტიკურად ჩადებული სტუმარ-მასპინძლობის კოდი ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებას თავისებურ, განსაკუთრებულ კვალს აჩნევს, ოჯახის ფარგლებს სცდება და საკმაოდ შორს, სამსახურის კედლებამდეც აღწევს.


სტუმარი ღვთისაა და წვეულ სტუმარს ჩვენც დღის და ღამის ნებისმიერ მომენტში სიხარულით ვუღებთ კარს, გულს, სულს, ვუწვდით ხელს და რითაც შეგვიძლია ვმასპინძლობთ, ვიზიარებთ მის სიხარულსა თუ მწუხარებას, ვიფარებთ საკუთარ ჭერქვეშ და მის სამსახურად, მზად ვართ გადავდოთ ნებისმიერი საქმე, გავაცდინოთ სამსახური, დავკარგოთ ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დრო... და ვერ ვაცნობიერებთ, ან ვაცნობიერებთ კიდეც, მაგრამ თავმოყვარეობის შელახვად, წინაპრების წესის ღალატად მივიჩნევთ, რომ ვაღიაროთ – ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ დედამიწაზე, დროის ჩამორჩენას თავად დრო არ გვაპატიებს...

სატელეფონო კომუნიკაციის "ქართული თავისებურებანი"  

ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მობილური კომუნიკაცია ჩვენთან ესოდენ პოპულარული გახდა, ისევ ჩვენი ერის ხასიათში უნდა ვეძიოთ. უკიდურესად მძიმე სოციალურმა ფონმა ბუნებრივად მოიტანა გადაადგილების სირთულე, სტუმრად წვევის საშუალების უქონლობა, ხალისიც... ყოფამ შეცვალა ცნობიერება, მაგრამ რადგან, საბედნიეროდ, ვერაფერი დააკლო ჩვენს სიყვარულს მოყვასის მიმართ, ერთად ყოფნის სიხარულის განსაცდელად ჯერ მობილური ტელეფონი მოგვევლინა დამხმარედ, მოგვიანებით კი ინტერნეტ სივრცეც.


სტუმარი ღვთისაა და მას, დღისა დაღამის ნებისმიერ მონაკვეთში კარი ფართოდ უნდა გაუღო. მეგობრის ზარს დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სიხარულით უნდა უპასუხო. მაგრამ 


შეიძლება თუ არა, რომ დღე–ღამის ნებისმიერ მომენტში, უცერემონიოდ დავურეკოთ ექიმს? 


შეიძლება, რაღა თქმა უნდა შეიძლება საჭიროების შემთხვევაში, ყველაზე უხერხულ მომენტშიც კი დავურეკოთ მას, მაგრამ ეს საჭიროება 


აუცილებლად გადაუდებელი უნდა იყოს!


სატელეფონო კონსულტაცია  

თუკი თვლით რომ ექიმთან ვიზიტი განსაკუთრებულად საჭირო არ არის, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გჭირდებათ მცირე ინსტრუქტაჟი, თუ ეს შესაძლებელია, დღის იმ მონაკვეთში (უფრო ხშირად შუადღის შემდეგ ან დილით) როდესაც ფიქრობთ რომ ის მეტად თავისუფალია, დაურეკეთ მას.

პრობლემის გაჩენისას

ნუ ენდობით ნურც სხვა ექიმის,

ნურც ოჯახის მეგობრის რჩევას,

საკუთარ გულისთქმასაც არ ენდოთ

და აუცილებლად დაურეკეთ ექიმს!


მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ექიმის პროფესია მძიმე პროფესიათა ჩამონათვალში შემთხვევით არ მოხვედრილა და არ არის საჭირო მისი ზედმეტად დაღლა. ამიტომ ჯერ მოხერხებულად მოეწყვეთ, ჩამოაყალიბეთ შეკითხვა, მოიმარჯვეთ საწერი საშუალებები, სთხოვეთ ოჯახის წევრებს ხმა ჩაუწიონ ტელევიზორს, დაიცვან სიწყნარე და მხოლოდ ამის შემდეგ აკრიბეთ ტელეფონის ნომერი.


გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ექიმი გიპასუხებთ - ეს უკვე ნიშნავს, რომ იგი, სულ მცირე, მოკლე საუბრისთვის უკვე მზადაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას განუსაზღვრელი დრო აქვს.

იცოდეთ, როგორ უნდა წარუდგეთ ექიმს

ნუ წარუდგებით მას როგორც ,,თამარი’’ ან ,,გიორგი’’,

,,მე ის ვარ იმ დღეს რომ ვიყავი’’,

,,ყვითელ კაკლებს რომ მასმევდით, ის ავადმყოფი გაწუხებთ’’,

,,გუშინ რომ დაგირეკეთ, ისევ ისა ვარ’’...რადგან მას ასე მხოლოდ დააბნევთ და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებთ.


დამერწმუნეთ, მეორე მესამე ვიზიტის შემდეგ, თქვენი ექიმი ხმის ტემბრითაც მშვენივრად ამოგიცნობთ, მანამდე კი, ექიმისთვის თქვენს ვინაობაზე მეტად საინტერესო თქვენი დიაგნოზი და იმ წამლების ნუსხაა, რომელიც თავად დაგინიშნათ, ამიტომ დანიშნულების ფურცელი, რომელიც თქვენი სამუშაო იარაღია ავადმყოფობის დაძლევაში, აუცილებლად იქვე უნდა გქონდეთ.


დასვით სასურველი კითხვა?


მაღალი რანგის ინფორმაცია ყოველთვის საჭიროებს დაზუსტებას და უკუშეკითხვებს.

ამიტომ, ნუ გაიოცებთ თუ ექიმმა გაჩენილი პრობლემის გადასაწყვეტად, საპასუხო კითხვები დასვას.

გაიხსენეთ რამდენჯერ იმეორებთ ტელეფონის ნომერს ჩაწერისას, იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ შეცდომა – მაშინ წამალმა ”რა დააშავა?”

მზად იყავით რომ უპასუხოთ კითხვებს, დააზუსტოთ დანიშნული პრეპარატის დოზა, მიღების ხანგრძლივობა, გამოვლენილი ეფექტი...

ექიმის დასმულ კითხვაზე – რამდენ მილიგრამს იღებთ ამა თუ იმ პრეპარატს, უხერხულია პასუხი – როგორც დამინიშნეთ ზუსტად ისე ვიღებ.’’

რადგან ნებისმიერი პრეპარატის დოზირება მეტად ინდივიდუალურია.

ელოდით, რომ ექიმი ტელეფონით გადაგიწყვეტდათ პრობლემას, მაგრამ მან ვიზიტზე დაგიბარათ? ჩათვალეთ, რომ ამ სატელეფონო ზარით უკვე მიიღეთ შედეგი.


თქვენი ჩართულობა ჯანდაცვის სისტემის მოცემულ ფორმატში, თავიდან აგაცილებთ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაც ზოგჯერ შეუძლებელი ხდება.



  Copyright 2012