ცენტრალური სენსიტიზაცია

      კახაბერ ჭელიძე

ცენტრალურ სენსიტიზაციას ტკივილის სიგნალის პერსისტირება განაპირობებს. აღნიშნულ პროცესში, სავარაუდოდ, გადამწყვეტ როლს თამაშობს ნმდა-რეცეპტორების [1] აქტივაცია. პარალელურად მიმდინარეობს ცენტრალური ნეირონების პლასტიკური ცვლილებები. სენსიტიზაციის პროცესი ზრდის ცენტრალური ნეირონების სპონტანურ აქტივობას და ტკივილის სტიმულებზე მათი რეაქციის უნარს.


სურათზე: ცენტრალურ სენსიტიზაცია

 

სპინალური სენსიტიზაციას ახასიათებს მეორადი ჰიპერალგეზია. ეს უკანასკნელი დაზიანების ირგვლივ ინტაქტურ ქსოვილებში ტკივილის გაზრდილ შეგრძნებას გულისხმობს.


ნოციცეპტიური სტიმულის მეშვეობით ჭარბად გამოიყოფა აგზნების ნეირომედიატორები:

გლუტამატი

პროტეინოგენური ამინომჟავა

სუბსტანცია P

ტაქიკინინის ოჯახის ნეიროტრანსმიტერი

ნეიროკინინი A [2]

ტაქიკინინის ოჯახის ნეიროტრანსმიტერი

კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდი - CGRP

კალციტონინის ოჯახის პეპტიდი

 

ზ.ა. აქტიური სუბსტანციები უკავშირდებიან რა დორზალური რქის ნეირონებს, ხელს უწყობენ მოქმედების პოტენციალის ”დაბადებას” და გადაცემას თავის ტვინისკენ.


ზურგის ტვინის ძირითადი გადამცემი, სავარაუდოდ, გლუტამატია. იგი უკავშირდება მეტაბოტროპულ გლუტამატის რეცეპტორებს, ნმდა- და არა-ნმდა-რეცეპტორებს. სენსიტიზაციის პროცესის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე ნმდა-რეცეპტორი ნორმაში ბლოკირებულია Mg++ იონებით, რის გამოც გლუტამატი არ იწვევს მის ფიზიოლოგიურ აქტივაციას.


ტკივილის რეკურენტული სტიმული განაპირობებს ნმდა-რეცეპტორების აქტივაციას (მაგნიუმის ბლოკის მოხსნით) და პროლონგირებული პოსტსინაფსური პოტენციალის ინდუქციას. სწორედ ნმდა-რეცეპტორების აქტივაცია თამაშობს ძირითად როლს ცენტრალური სისტემის „მომართვა - დაქოქვაში“.


სურათზე: ცენტრალურ სენსიტიზაცია - 2

 

დორზალური რქის ნეირონების პერსისტიული, ინტენსიური აგზნება განაპირობებს სტრუქტურულ ცვლილებებს.


სურათზე: ცენტრალურ სენსიტიზაცია -3

 

ნმდა-რეცეპტორებისა და სხვა ნეიროპეპტიდური რეცეპტორების აქტივაცია ზრდის უჯრედშიდა კალციუმის კონცენტრაციას, რაც განაპირობებს ცილის სინთეზზე პასუხისმგებელი დაუყოვნებელი ადრეული გენების (მაგ., c-fos და c-jun) ექსპრესიას. ყოველივე ამის შედეგად რეცეპტორთა გაზრდილ სიმკვრივეს მოჰყვება ნეირონული მგრძნობელობის (ქემოსენსიტიურობა) მატება.


სურათზე: ცენტრალურ სენსიტიზაცია - 4

 

 

[1] NMDA = N-methyl-D-aspartate
[2] ლიტერატურაში მოიხსენიება ასევე, როგორც "სუბსტანცია K"

  Copyright 2012