ტკივილის ეპიდემიოლოგია

      გიორგი გეგელაშვილი

გადაუდებელი დახმარების სამსახურს ადამიანების 50% ტკივილის მიზეზით აკითხავს. ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მისვლის გადაწყვეტილებასაც თითქმის ყოველი მესამე პაციენტი სწორედ ტკივილის გამო იღებს.[1]

თავის ტკივილი  

საქართველოს მოსახლეობის (18-65წ) ნახევარზე მეტს წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო 7.6%-ს ყოველთვიურად ≥15 დღე აწუხებს თ/ტკივილი.[2]  ეს მონაცემი 1.9-2.3-ჯერ აჭარბებს საშუალო ამერიკულ (4%) და ევროპულ (3,3%) ანალოგიურ მაჩვენებელს ამდენად, მეტად საგანგაშოა და გადაუდებელ ქმედებებს მოითხოვს.

ქრონიკული ტკივილი  

სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევებით ქრონიკული ტკივილის გავრცელება 12-დან 80%-მდე მერყეობს  [Abu-Saad Huijer H, 2010].[3]


ევროპის ზრდასრული  მოსახლეობის 19%-ს ზომიერი და ძლიერი ინტენსივობის ქრონიკული ტკივილი აწუხებს, ნიშანდობლივია, რომ მათგან   მხოლოდ  უმნიშვნელო ნაწილი მკურნალობს ტკივილის მართვის სპეციალისტთან. ამას ისიც ემატება, რომ პაციენტების ნახევარი  სამედიცინო დახმარების ხარისხით უკმაყოფილოა [Breivik H, 2006]. [4] ეს მაშინ, როდესაც ქრონიკული ტკივილი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს როგორც პაციენტის, ასევე მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხზე - უზღუდავს რა სოციალური აქტივობის და მუშაობის შესაძლებლობას.

ქრონიკული ტკივილის გავრცელება ევროპაში ქვეყნების მიხედვით 
წყარო: Breivik H, Collett B, Ventafridda V, Cohen R, Gallacher D. Survey of chronic pain in Europe: prevalence, impact on daily life, and treatment. Eur J Pain. 2006 May;10(4):287-333.

ნეიროპათიული ტკივილი  

ნეიროპათიული ტკივილი ქრონიკული ტკივილის ერთერთი გავრცელებული ფორმაა. იგი ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში და მოსახლეობის 7-8%-შია გამოვლენილი [Bouhassira D, 2008].[5] 

 
ნეიროპათიული ტკივილი სომატოსენსორული სისტემის დაზიანებით მიმდინარე სხვადასხვა მდგომარეობის და ავადმყოფობის დროს გვხვდება [Treede RD, 2008].[6] 

 
ნეიროპათიული ტკივილის ქსელის [The Neuropathic Pain Network][7] მონაცემებით, ნეიროპათიული ტკივილის გავრცელება (პრევალენტობა)  ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

გერმანია - 6.0%

საფრანგეთი - 6.4%

დიდი ბრიტანეთი - 7.5%

ესპანეთი - 7.7%.6.

საქართველოში ანალოგიური კვლევები არ ჩატარებულა.

პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილის გავრცელება  

პერიფერიული ნეიროპათია ცხოვრებაში ყოველი 10-დან შესაძლებელია ერთ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ნებისმიერ მოცემულ მომენტში დაავადებული უნდა იყოს 50 ადამიანიდან ერთი.

სურათზე: ნეიროპათიული ტკივილის გავრცელება ნიდერლანდების პირველადი ჯანდაცვის ერთი მონაცემთა ბაზის მაგალითზე.

პოპულაციურ კვლევაში ჩართული იყო 362 693 პაციენტი; პაციენტზე დაკვირვების პერიოდი - საშუალოდ 3 წელი [Dieleman JP].[8]


შენიშვნა: აღნიშნული მონაცემები არ ასახავს აივ-ნეიროპათიის შემთხვევებს; სავარაუდოდ, იმის გამო, რომ აივ ინფექციის დიაგნოზზე  და მკურნალობაზე პასუხისმგებელნი არიან არა ზოგადი პროფილის, არამედ სპეციალურად ამ ავადმყოფობაზე ორიენტირებული პროფესიონალები.


კვლევაში, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სფეროს მოიცავს, კიდურების მონონეიროპათია ყველაზე ხშირია.


 მაჯის გვირაბის სინდრომი - Carpal tunnel syndrome პერიფერიული ნეიროპათიის მეორე გამომწვევი მიზეზია. 
მსგავსი შედეგია აღნუსხული სხვა კვლევების დროსაც, რის საფუძველზეც შეიძლება დავასკვნათ, რომ პერიფერიული ნეიროპათიის სინდრომი გარკვეულწილად ყოველი 10-დან შესაძლებელია ერთ ადამიანს შეეეხოს და ნებისმიერ მოცემულ მომენტში კი დაავადებული უნდა იყოს 50-დან ერთი.[9]


მიუხედავად იმისა, რომ ნეიროპათიის ძირითად გამომწვევ მიზეზად შაქრიანი დიაბეტია მიჩნეული, ტკივილის სინდრომის რეგისტრირების საერთო რაოდენობა ამ ტიპის პაციენტებში არცთუ ბევრია.


აღნიშნულის მიზეზად მხოლოდ ის შეიძლება მოიაზრებოდეს, რომ ეს პაციენტები სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ მას შემდეგ მიმართავენ, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება.[10]


ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ ნეიროპათიას, ნიდერლანდების მონაცემთა ბაზაში, პერიფერიული ნეიროპათიის გამომწვევ მიზეზთა შორის მესამე ადგილი უკავია. 


ლიტერატურა  

[1] Hasselström J, et al. Prevalence of pain in general practice. Eur J Pain. 2002; 6(5):375–85.
[2] Katsarava Z, Dzagnidze A, Kukava M, Mirvelashvili E, Djibuti M, Janelidze M, Jensen R, Stovner L J, Steiner T J, Primary headache disorders in the Republic of Georgia: prevalence and risk factors. Neurology 2009;73(21):1796-803
[3] Abu-Saad Huijer H. Chronic pain: a review. J Med Liban. 2010; 58(1):21–7.
[4] Breivik H, et al. Survey of chronic pain in Europe: prevalence, impact on daily life, and treatment. Eur J Pain. 2006 May; 10(4):287-333.
[5] B ouhassira D, et al. Prevalence of chronic pain with neuropathic characteristics in the general population. Pain 2008; 136:380–387. Torrance N, et al. The epidemiology of chronic pain of predominantly neuropathic origin. Results from a general population survey. J Pain 2006; 7: 281–289.
[6] Treede RD, et al. Neuropathic pain: Redefinition and a grading system for clinical and research purposes. Neurology 2008; 70(18):1630–1635.
[7] http://www.neuro.med.tu-muenchen.de/dfns/e_index.html
[8] Dieleman JP, et al. Incidence rates and treatment of neuropathic pain conditions in the general population. Pain 2008; 137(3):681–688.
[9] Management of carpal tunnel syndrome. Drug Ther Bull 2009;47(8):86–89. http://dtb.bmj.com/content/47/8/86.full.pdf+html
[10] Duby JJ, et al. Diabetic neuropathy: An intensive review. Am J Health Syst Pharm 2004;61(2):160–173.

  Copyright 2012