ტკივილის კლასიფიკაცია ნოციცეპტორების მონაწილეობის მიხედვით

       გიორგი გეგელაშვილი

ტკივილის კლასიფიკაცია ნოციცეპტორების მონაწილეობის მიხედვით

ნოციცეპტური

არანოციცეპტური

სომატური ვისცერული ნეიროპათიული სიმპათიკური
ნოციცეპტური ტკივილი  

ნოციცეპტური ტკივილი მწვავე ტკივილის ”პროტოტიპია”. ქსოვილის დაზიანება პირდაპირი გზით ახდენს ტკივილის რეცეპტორების სტიმულაციას. ტკივილის აღმოცენების ადგილის მიხედვით იგი სომატური და ვისცერული გავრცელების შეიძლება იყოს. ნოციცეპტური ტკივილის სამკურნალოდ მიმართავენ ოპიოიდურ და არაოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებს და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

სომატური ტკივილი  

სომატური ტკივილი შეიძლება იყოს ზედაპირული და ღრმა.

ზედაპირული სომატური ტკივილი მომდინარეობდეს კანიდან, კანქვეშა ზელედ მდებარე ქსოვილებიდან, ლორწოვანი გარსებიდან (მუკოზური მემბრანებიდან). იგი დასაწყისში მჭრელია და თანდათან შეიძლება ყრუ ხასიათი მიიღოს.


ღრმა სომატური ტკივილი სათავეს იღებს კუნთებში, ფასციებში, მყესებში, სახსრებში, ძვლებში. იგი, ჩვეულებრივ, ყრუ ხასიათისაა.

ვისცერული ტკივილი  

ვისცერული ტკივილი ძირითადად ყრუ ხასიათისაა და მისი წარმოშობის ზუსტი ადგილის განსაზღვრა მარტივი არ არის. ვისცერული ტკივილი ხშირად აიყოლიებს ხოლმე ავტონომიური ნერვული სისტემის სტრუქტურებს და "ვეგეტატიური შეფერილობისაა". მას, ასევე, ახასიათებს კანის სხვადასხვა ზონებში გადაცემა ("რეფერალური ტკივილი"). გამოცდილი კლინიცისტის ხელში ეს "დამაბნეველი" გარემოებები ხშირად დიაგნოზის ზუსტი დასმის "გასაღებებია".

არანოციცეპტური ტკივილი  
ნეიროპათიული ტკივილი  

ნეიროპათიული ტკივილი წარმოიქმნება ნერვული ბოჭკოების დაზიანების შედეგად და ვრცელდება ნერვული გზების მეშვეობით. ამ პროცესში ნაკლებად არიან ჩართულები ნერვული დაბოლოებები. მიუხედავად ამისა, ტკივილი პროეცირდება სწორედ იმ რეგიონში, რასაც აინერვირებს შესაბამისი ნერვი. ("პროეცირებული ტკივილი").


ნეიროპათიული ტკივილის კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია დაზიანებულ სტრუქტურაზე: პერიფერიული ნერვი, ნერვის ფესვი, ცენტრალური ნერვული სისტემა (ზურგის ტვინი, თავის ტვინი). აფერენტული ნერვის გადაჭრა ან გაწყვეტა იწვევს დეაფერენტაციულ ტკივილს, რაც ასევე ნეიროპათიულ ტკივილად კლასიფიცირდება.


ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალოდ ძირითადად იყენებენ ანტიდეპრესიულ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს. ოპიოდური ტკივილგამაყუჩები ნაკლებად ეფექტურია.

სიმპათიკური ტკივილი  

სიმპათიკური ტკივილი ნერვული ტკივილის სახეობაა და აღმოცენდება არანორმალურად მოფუნქციონირე სიმპათიკური ნერვული სისტემისაგან. ეს უკანასკნელი ავტონომიური ნერვული სისტემის ნაწილია, რომელიც ადამიანის "ნების გარეშე" ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს ორგანიზმის მწვავე სტრესულ ("ბრძოლის და სრბოლის") მზაობას. ასეთი აქტივობა დაბალანსებულია მოსვენების (სიამოვნების და კვების) პროცესებზე განპირობებული პარასიპათიკური ნერვული სისტემით.


სიმპათიკური ტკივილის მართვა საკმაოდ რთულია. მკურნალობის გარეშე პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. სიპატიკურ ტკივილს ყველაზე "არასიმპატიურ ტკივილს" უწოდებენ.

  Copyright 2012