|
ტკივილის შეფასების და გაზომვის ზოგადი მეთოდები კახაბერ ჭელიძე, ნატალია მუჩაიძე, გიორგი გეგელაშვილი
პაციენტის პირველი ვიზიტის, ასევე მართვის პროცესის ეფექტურობაზე დასაკვირვებლად აუცილებელია ტკივილის ინტენსიურობის შეფასება. ყველაზე გავრცელებულია ვიზუალური ანალოგური სკალა ციფრული რეიტინგის სკალა ვერბალური რეიტინგის სკალა ღიმილის (Smiley) სკალა ”ღიმილაკები”
ვიზუალური ანალოგური სკალა წარმოადგენს ორპოლუსიან (ტკივილი არ არის - უძლიერესი ტკივილი) 10 სმ-იან ფირფიტას.
სკალა არ არის დაყოფილი. პაციენტი ირჩევს ტკივილის დონეს საკუთარი შეხედულებისამებრ. სკალის გამოყენება შესაძლებელია მწვავე, მათ შორის, ოპერაციის შემდგომ ტკივილზე დასაკვირვებლად. [1]
ციფრული რეიტინგის სკალით პაციენტები ტკივილის ინტენსივობას 0-დან 10-მდე აფასებენ, სადაც 0 შეესაბამება ტკივილის არარსებობას, ხოლო 10 კი - უძლიერეს ტკივილს. [2]
ვერბალური რეიტინგის სკალა დისკრეტულად გრადუირებული ფირფიტაა, რომლითაც ხდება ტკივილის ინტესივობის შეფასება შემდეგი ტერმინებით: ტკივილი არ არის მსუბუქი ტკივილი ზომიერი ტკივილი ძლიერი ტკივილი უძლიერესი ტკივილი ”ამაზე მეტი ტკივილის წარმოდგენა შეუძლებელია”. ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ ამ სკალით შესაძლებელია ტკივილის ინტენსივობის მხოლოდ 5 დონის განსაზღვრა, შესაბამისად იგი ნაკლებად მგრძნობიარეა. [3] სამაგიეროდ ტერმინები ნათელი და ადვილად გასაგებია. სკალის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე ტკივილზე ხანგრძლივი დაკვირვების დროსაც. [4]
ღიმილის (Smiley) სკალა (Wong-Baker Faces Pain Rating Scale) სპეციალურად შემუშავდა ბავშვებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ კითხვა. იგი გვიჩვენებს ემოციურად ხუთ განსხვავებულ სახეს. სკალაზე ტკივილის სხვადასხვა ინტენსივობას შეესაბამება სხვადასხვა გამოსახულება. პირველი მათგანი
მცინარე სახეა, რომელიც მიგვანიშნებს - ”ტკივილი არა მაქვს”. მეხუთე სახე მტირალაა და გამოხატავს ”უძლიერეს ტკივილს”. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ავტორები გულისხმობენ ტკივილს, რომელზე მეტის წარმოდგენაც კი არ შეიძლება. ”ღიმილაკები” შეესაბამება ზრდასრულ ასაკში გამოსაყენებელ ვერბალური რეიტინგის სკალას. ბავშვებში მისი მოხმარება შეიძლება უკვე 3 წლიდან. ზოგიერთი ავტორი გვირჩევს ”ღიმილაკების” გამოყენებას გერიატრიულ პრაქტიკაშიც [Helme RD, 2001; Ferrel BA, 1995].
[1]
Jensen MP, Chen C, Am Brugger. Interpretation of visual analog scale ratings and change scores: a reanalysis of two clinical trials of postoperative pain. J Pain 2003;4:407–14.
|
|
|