|
ტკივილით მიმდინარე ავადმყოფობების და მდგომარეობები მართვა ორსულობის
ამონარიდები მონოგრაფიიდან: ”ორსულობა და უსაფრთხო წამალი” გიორგი გეგელაშვილი. თბილისი, 2011 წიგნი გამოცემულია ”პალიტრა L”-ის მიერ. მასვე ეკუთვნის გაზიარებული საავტორო უფლებები. ამონარიდებს გაწვდით სამუშაო ვერსიიდან. ავტორი. ფარმაკოუსაფრთხოება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ყველა განვითარებულ ქვეყანაში შეისწავლება. კვლევები მიმდინარეობს მანამ, ვიდრე პრეპარატი დღის „სინათლეს იხილავს” ანუ ვიდრე მისი ფართო გამოყენება დაიწყება პრაქტიკაში, მაგრამ ექსპერიმენტული მონაცემები ყოველთვის ვერ ასახავს რეალობას. წამლისა და ადამიანის ორგანიზმის ურთიერთობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ამის საშუალებას ექსპერიმენტული მოდელირება იძლევა. ფარმაცევტულ კომპანიებს პრეპარატის შესწავლის 10-15 წელი არ ყოფნით აღნიშნული მონაცემების სრულყოფილად შესაგროვებლად. იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად იფარგლებიან გამაფრთხილებელი ჩანაწერით ინსტრუქციაში: „მოერიდეთ ორსულობისას” ან „მიიღეთ თქვენი ექიმის პასუხისმგებლობით”. დაკვირვებები გრძელდება პრეპარატის კლინიკური გამოყენების შემდეგაც და უახლესი მონაცემების მოპოვება წამლის მავნეობის შესახებ მუდმივადაა შესაძლებელი. შესაბამისად, მოწინავე ქვეყნებში ექიმს ორსული ან მეძუძური დედისათვის დანიშნულების მიცემის მომენტში შეუძლია გადაამოწმოს ბოლო ინფორმაცია ტოქსიკურობის ან ტერატოგენობის შესახებ. საქართველოში ამის საშუალება ბოლო დრომდე არ არსებობდა. ექიმი ორ უკიდურესობაშია მოქცეული: ფრთხილი მკურნალი საერთოდ ერიდება დანიშნულების მიცემას, „გაბედული” კი გაუმართლებელ რისკზე მიდის. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შეხედულება არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში. ამავე დროს, საქართველოში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების დიდი ნაწილი შეუსწავლელია ამ კუთხით და საერთოდ არ არის წარმოდგენილი ასეთ მონაცემთა ბაზებში.
|
|
|