უსაფრთხოება - არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები

      გიორგი გეგელაშვილი

პარაცეტამოლი  

უიშვიათესი, მაგრამ დამახასიათებელი გართულებაა ღვიძლის მწვავე უკმარისობა, რომელიც კლინიკურად ვლინდება ორი სინდრომით:

ენცეფალოპათია

კოაგულოპათია.


ღვიძლის მწვავე უკმარისობის მაღალი რისკი პოპულაციაში უკიდურესად იშვიათია. გართულების ალბათობის ზრდის მიზეზებია: [1]

ზედოზირება (ინტოქსიკაცია)

ზედოზირება ყალიბდება, როდესაც მოზრდილთა დოზა აჭარბებს 4გ/დ

ფატალური დოზაა: 8-10გ (200მგ/კგ/დ)

ალკოჰოლთან ერთად მიღება

ალკოჰოლზე დამოკიდებულების ანამნეზი

ღვიძლის ფარული უკმარისობა

ღვიძლის გამოვლენილი უკმარისობა.


ღვიძლის მწვავე უკმარისობის რისკის შესაფასებლად გამოიყენება King's College School of Medicine–ის კრიტერიუმები: [2]

არტერიული pH < 7.3

INR >6.5

კრეატინინი >300 მკმოლ/ლიტრი

ენცეფალოპათია (III-IV ხარისხის).


ღვიძლის ტოქსიკურობის პათოგენეზი  

პარაცეტამოლის უდიდესი ნაწილი ექსკრეტირდება გლუკურონიდაციის და სულფატაციის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტების სახით.



პარაცეტამოლის გარკვეული ნაწილი განიცდის ოქსიდაციას, გარდაიქმნება ბენზოქინონემინად (benzoquinoneimine), კონიუგირდება გლუტათიონ-S-ის (glutathione-S) მეშვეობით, გარადაიქმნება მერკაპურის მჟავას არატოქსიკურ წარმოებულებად და ექსკრეტირდება თირკმლებით.





იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზმში არ მოიპოვება საკმარისი რაოდენობით გლუტათიონი (glutathione), ბენზოქინონემინის გაუვნებლობა ”ეკისრება” ჰეპატოციტების პროტეინებს - ნუკლეინის მჟავებს.



ღვიძლის დაზიანების მკურნალობა ან პრევენცია შესაძლებელია აცეტილცისტეინით. იგი ამ შემთხვევაში წარმოადგენს სულფჰიდრილურ (SH) დონორს, რომელსაც შესწევს გლუტათიონის საკმარისი რაოდენობით მიწოდების უნარი. შესაბამისად, აცეტილცისტეინის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ორგანიზმში პარაცეტამოლის ტოქსიკური პროდუქტების არა-ტოქსიკურ მეტაბოლიტებად გარდაქმნის დამატებითი რესურსის გაჩენა.



სამახსოვრო პაციენტებისთვის  

მაქსიმალური დღიური დოზა: ≤4გ/დ

შესაძლებელია ბავშვებში, ორსულებში და ძუძუთი კვების დროს გამოყენება

დღიური დოზა ალკოჰოლის ფონზე: ≤2გ/დ

უიშვიათესი გართულებაა ღვიძლის მწვავე უკმარისობა

გართულების თავიდან ასაცილებლად ერთჯერადად მიღებული დოზა უმჯობესია 325-500 მილიგრამზე მეტი არ იყოს და თანაბრად განაწილდეს დღის განმავლობაში

საქართველოში პარაცეტამოლის “ტკივილგამაყუჩებლობის” მიმართ გარკვეული ”უნდობლობა” შეიმჩნევა, რაც შესაძლებელია მისი არასაკმარისი დოზით გამოყენებით აიხსნას.


მეტამიზოლი  

გასული საუკუნის 70-იან წლებში მეტამიზოლს ”შეამჩნიეს” იშვიათი, მაგრამ საშიში გართულება - აგრანულოციტოზი. [3] ამ მიზეზით პირველად იგი ხმარებიდან შვედეთში 1974 წელს ამოიღეს, შემდეგ - აშშ-ში, 1977 წელს. ამ აკრძალვას მოგვიანებით შეუერთდა 30-ზე მეტი ქვეყანა. [4] უფრო გვიან გაირკვა, რომ მეტამიზოლით გამოწვეული აგრანულოციტოზი უკიდურესად იშვიათია. ამავე დროს, გართულებების საერთო რისკის მიხედვით, იგი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ბევრი სხვა ტკივილგამაყუჩებელი. ამიტომ შვედეთის წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ, 1999 წელს, მოხსნა შეზღუდვა პრეპარატზე და დააბრუნა იგი სამედიცინო მოხმარებაში.

აგრანულოციტოზის რისკის პროფილი  

2002 წელს გამოქვეყნდა შვედეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც ნაჩვენები იყო, რომ აგრანულოციტოზი ამბულატორიულ პრაქტიკაში ყოველი 1400-დან, ხოლო საავადმყოფოში - 31 ათასიდან ერთ შემთხვევაში ვითარდებოდა. ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამბულატორიულ პრაქტიკაში გართულების უფრო მაღალი სიხშირე გამოწვეული უნდა ყოფილიყო პრეპარატის დასაშვებზე უფრო ხანგრძლივი და მაღალი დოზით მოხმარებით.


2005 წელს გამოქვეყნებული ესპანური კვლევა მიუთითებს, რომ მეტამიზოლის გართულებები უკიდურესად დაბალია 10 დღეზე უფრო ნაკლები ხნით მოხმარებისას.

1 შემთხვევა ყოველ 1,000.000 მომხმარებელს შორის 1 კვირაში ყოველწლიურად

Kaufman et al. 1986

1 შემთხვევა ყოველი 1431 დანიშნულებიდან

Hedenmalm et al. Eur J Clin Pharmacol 2002; 58(4):265-274

0.56 შემთხვევა ქვეყნის ყოველი 1,000.000 ადამიანიდან ყოველწლიურად : 1 000 000

Ibanez L et al. Eur J Clin Pharmacol. Jan 2005;821-829


თუ მხედველობაში არ მივიღებთ აგრანულოციტოზს, სხვა გვერდითი მოვლენების მიხედვით მეტამიზოლი ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე არასტეროიდები. მას არ გააჩნია არასტეროიდების ”აქილევსის ქუსლი” და არ იწვევს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას


მეტამიზოლი გაიცემა ურეცეპტოდ შემდეგ ქვეყნებში:

ბულგარეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ისრაელი, პოლონეთი, ბალტიის, ბალკანეთის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, თურქეთი, რუსეთი და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობა, საქართველო.


მეტამიზოლი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით შემდეგ ქვეყნებში:

გერმანია, უნგრეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, შვედეთი.

"ანალგინის სკანდალი"  

საქართველოში რამდენიმე წლის წინ დიდი აჟიოტაჟი იყო მეტამიზოლის ირგვლივ, რასაც კულუარებში “ანალგინის სკანდალი” უწოდეს. მცირეხნიანი აკრძალვის შემდეგ მეტამიზოლი და მისი შემცველი მედიკამენტები კვლავ დააბრუნეს მიმოქცევაში.

სამახსოვრო პაციენტებისთვის  

მეტამიზოლი მოიხმარეთ მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.

მეტამიზოლის ხანგრძლივად მოხმარება სახიფათოა.

მოარიდეთ მეტამიზოლი ბავშვებს და ორსულებს.

მეტამიზოლით ინდუცირებული ჰემოპოეზის დათრგუნვა უკიდურესად იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიშია. [5]

მეტამიზოლის სინონიმებია: Algozone, Algocalmin, Analgin, Dipirona, Novalgin, Neo-Melubrina, Optalgin.

შედის სხვადასხვა კომბინირებული ტკივილგამაყუჩებლის შემადგენლობაში: Baralgin, Buscopan compositum, Benalgin, Spasmalgon, Algopyrin, Sedalgin და სხვ.

წამლის დანიშნულების ან გაცემის შეცდომის რისკი დასახელებით მსგავსების გამო: მეტიმაზოლი (თირეოტოქსიკოზის სამკურნალო საშუალება)!

 

ლიტერატურა  

[1] Morgan O, Majeed A. Restricting paracetamol in the United Kingdom to reduce poisoning: a systematic review. J Public Health (Oxf) 2005;27:12–8.
[2] Polson J, Lee W. "AASLD position paper: the management of acute liver failure.". Hepatology 2005,41 (5): 1179–97
[3] Ibanez L, Vidal X, Ballarin E, et al. Agranulocytosis associated with dipyrone (metamizol). Eur J Clin Pharmacol2005;60:821–9.
[4] WHO Pharmaceuticals Newsletter No. 1, 2002 • 1
[5] Bonkowsky JL. Metamizole Use by Latino Immigrants: A Common and Potentially Harmful Home Remedy PEDIATRICS Vol. 109 No. 6 June 2002, pp. e98

  Copyright 2012