|
ციკლოოქსიგენაზას იზოენზიმები გიორგი გეგელაშვილი
ენზიმი ციკლოოქსიგენაზა წარმოდგენილია ორი იზოენზიმით: ცოგ-1 და ცოგ-2. ცოგ-1 ფართოდაა წარმოდგენილი ქსოვილებში, განსაკუთრებით კუჭში, თირკმლებში და თრომბოციტებში. ცოგ-1 პასუხს აგებს ფიზიოლოგიური დამცველი პროსტაგლანდინების წარმოქმნაში. ამიტომაც, მას, ნახევრად ხუმრობით, ”დამლაგებელ ენზიმს” უწოდებენ. ცოგ-2 მოიპოვება თირკმელში და სხვადასხვა ქსოვილებში. მისი კონცენტრაცია განსაკუთრებით იმატებს ანთების დროს. არასტეროიდები სხვადასხვა ქიმიურ სუბსტანციებს განეკუთვნებიან, მაგრამ მექანიზმი საერთოა - ამუხრუჭებენ ციკლოოქსიგენაზას - ცოგ და, შესაბამისად, აფერხებენ პროსტაგლანდინის სინთეზს. არასტეროიდების უმრავლესობა არასელექციურია ანუ თრგუნავენ ცოგ-1 და ცოგ-2 ენზიმებს სხვადასხვა პროპორციით. ახალი არასტეროიდები (კოქსიბები) ამორჩევითად თრგუნავენ ცოგ-2-ს. ზოგიერთ სუბსტანციას (მაგ., მელოქსიკამი) შუალედური პოზიცია უჭირავთ არასელექციურ არასტეროიდებს და კოქსიბებს შორის. მათი ცოგ-2 დათგუნვის ინტენსიურობა სჭარბობს ცოგ-1-ისას. ორმაგი (ცოგ/ლოგ) ინჰიბიტორი ლიკოფელონი ამჟამად გადის კლინიკური შესწავლის მესამე ფაზას. [1] რამდენად შეესაბამება in vitro კვლევები კლინიკურ რეალობას? მხოლოდ ცოგ-2 სელექციურობა განსაზღვრავს ნაკლებ გასტრო- და მაღალ კარდიო-ტოქსიკურობას? შენიშვნა: სქემიდან ამოღებულია პრეპარატები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული არ არის.
სქემაზე გამოხატულია დოზის, გულ-სისხლძართვთა და კუჭ-ნაწლავის დაზიანების რისკების ასოციაცია ცოგ-1 სელექციურ, არასელექციურ და ცოგ-2 სელექციურ არასტეროიდებს შორის. არასტეროიდების კარდიო-ვასკულური უსაფრთხოება: მეტაანალიზის შედეგები. [3] ავტორებმა ნაშრომში შეადარეს 2009 წლის ივლისამდე ლიტერატურაში გამოქვეყნებული მაღალი სარწმუნოობის ყველა რანდომიზებული კვლვევა, სადაც არასტეოიდი შედარებული იყო პლაცებოსთან ან სხვა არასტეროიდთან. პირდაპირი გამოსავლად ჩათვლილი იყო მიოკარდიუმის ინფარქტი, ხოლო მეორად გამოსავლად: 1) ინსულტი, 2) კარდიოვასკულური სიკვდილი და 3) ნებისმიერი მიზეზით სიკვდილი. სულ ანალიზს დაექვემდებარა 31 კვლევა. პაციენტების ჯამური რაოდენობა შეადგენდა 116.429-ს. პაციენტები განაწილდა შემდეგ ჯგუფებში: ნაპროქსენი იბუპროფენი დიკლოფენაკი ცელეკოქსიბი ეტორიკოქსიბი როფეკოქსიბი ლუმირაკოქსიბი პლაცებო. კვლევამ აჩვენა, რომ ცოგ-სელექტიურობა არ განსაზღვრავს გულ-სისხლძარღვთა უსაფრთხოებას.
მიოკარდიუმის ინფარქტის ყველაზე მაღალი რისკი პლაცებოსთან შედარებით აღმოაჩნდა როფეკოქსიბს, ყველაზე დაბალი ეტორიკოქსიბს. ინსულტის ყველაზე მაღალი რისკი პლაცებოსთან შედარებით აღმოაჩნდა იბუპროფენს, ყველაზე დაბალი როფეკოქსიბს. კარდიოვასკულური სიკვდილობის ყველაზე მაღალი რისკი პლაცებოსთან შედარებით აღმოაჩნდა ეტორიკოქსიბს და დიკლოფენაკს, ყველაზე დაბალი ნაპროქსენს. ზოგადი სიკვდილობის ყველაზე მაღალი რისკი პლაცებოსთან შედარებით აღმოაჩნდა დიკლოფენაკს და, ყველაზე დაბალი ნაპროქსენს.
[1]
http://www.drugdevelopment-technology.com/projects/licofelone/
|
|
|