სხვა ადიუვანტური პრეპარატები და ტკივილის თერაპიის კორექტორები

      გიორგი გეგელაშვილი

სხვა ადიუვანტური პრეპარატები  
კორტიკოსტეროიდები  

კორტიკოსტეროიდებს ტკივილის თერაპიაში მთელი რიგი ჩვენებები აქვთ, რაც დამყარებულია მათ შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაზე. კორტიკოსტეროიდებს იყენებენ ნერვის და რბილი ქსოვილების კომპრესიის, ძვლის მეტასტაზების, კაფსულური ტკივილის, თავის ტვინის შეშუპების და სხვა მდგომარეობების დროს.


ავთვისებიანი სიმსივნეების დროს კორტიკოსტეროიდები ავლენენ ღებინების საწინააღმდეგო, ეიფორეულ და მადის აღმძვრელ მოქმედებას.

დექსამეტაზონი  

დექსამეტაზონი სუსტი გლუკოკორტიკოიდია.


გვერდითი მოვლენები:

ჰიპერგლიკემია

ინფექციის განვითარებიადმი მიდრეკილების გაჩენა

წონაში მატება

შეშუპება

თრომბოზის რისკი

კუჭ-ნაწლავის წყლულის გამწვავება

ჭრილობის შეხორცების შეფერხება.


ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს კუშინგის სინდრომი, ოსტეოპოროზი, მუცლისმიერი სიმსუქნე.


არასტეროიდებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში იზრდება კუჭ-ნაწლავის დაწყლულების და სისხლდენის რისკი.

კალციუმის მეტაბოლიზმის რეგულატორები  

კალციუმის მეტაბოლიზმის რეგულატორებია ბისფოსფონატები და კალციტონინი. [1]


ძვლის პირველადი სიმსივნეების და მეტასტაზების (ძუძუს კიბო, ბრონქების და პროსტატის კიბო) დროს იზრდება ოსტეოკლასტების აქტივობა, რასაც მოჰყვება ჰიპერკალცემია და თანხლებული სიმპტომები (ღებინება, თირკმლის უკმარისობა, დაღლილობის სინდრომი, პრეკომა). ძვლის სიმსივნურ დესტრუქციას თან ახლავს ძალიან ძლიერი ტკივილი. კალციუმის რეგულატორები ამცირებენ კალციუმის შემცველობას სისხლში და ძვლის ტკივილს. ძირითადი წარმომადგენლებია

ალენდრონატი

კალციტონინი

კლოდრონის მჟავა

პამიდრონის მჟავა


ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზერები  

ბენზოდიაზეპინებს გააჩნიათ გაემ-რეცეპტორების მიმართ აგონისტური მოქმედება, რითაც ააქტივებს ნეიროტრანსმიტერ გაემ-ის დამთრგუნავ მოქმედებას ტკივილზე. ისინი ავლენენ დამამშვიდებელ, შფოთვის მომხსნელ, კუნთების მომადუნებელ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას. ადვილად ვითარდება დამოკიდებულება. ძლიერი სედაციური ეფექტის, რეაქციების შესუსტების და დამოკიდებულების რისკის გამო შეზღუდულად იხმარება.


ყველაზე გავრცელებული ბენზოდიაზეპინური ადიუვანტებია ოქსაზეპამი და მიდაზოლამი. ტეტრაზეპამი გამოიყენება, როგორც მიორელაქსანტი.


სპაზმის საწინააღმდეგო საშუალებები  

სპაზმის საწინააღმდეგო საშუალებები ნაჩვენებია ღრუ ორგანოების (ნაღვლოვანი, შარდის გამომყოფი, კუჭ-ნაწლავის) კოლიკის სამკურნალოდ. ასევე, გამოიყენება შინაგანი ორგანოების სიმსივნური ტკივილის დროს კლასიკურ ტკივილგამაყუჩებლებთან ერთად.


ძირითადი წარმომადგენლებია: ბუტილსკოპოლამინი და მეტამიზოლი (ანალგინი)

NMDA-ანტაგონისტები  

NMDA-ანტაგონისტები ბლოკავენ NMDA-რეცეპტორებს. ეფექტი გამოიხატება ცენტრალური სენსიტიზაციის შემცირებაში. [2]


ყველაზე ცნობილი NMDA-ანტაგონისტებია დექსტრომეტორფანი, კეტამინი და მისი ენანთიომერი S-კეტამინი.


ტკივილის თერაპიის კორექტორები  

ტკივილის თერაპიის თანმხლები მედიკამენტები – კორექტორები გამოიყენება ძირითადი მკურნალობის დროს აღმოცენებული არასასურველი მოვლენების საკორექციოდ. ძირითადი კორექტორებია:

წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები

ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები

ყაბზობის სამკურნალო საშუალებები (საფაღარათოები).


წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები  

არასტეროიდები ხელს უწყობენ პეპტიკური წყლულის წარმოშობას. ავადმყოფობის ისტორიაში წყლულის არსებობის დროს რეკომენდებულია პარალელურად დაინიშნოს წყლულის საწინააღმდეგო საშუალება.

პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები (”პრაზოლები”)

არასტეროიდების საკორექციოდ ყველაზე მეტად რეკომენდებული ჯგუფი

ომეპრაზოლი - ყველაზე ხარჯთ-ეფექტური წარმომადგენელი

პროსტაგლანდინ-E-ს ანალოგები

მისოპროსტოლი

H2-ანტაგონისტები (”ტიდინები”)

რანიტიდინი.


აქტიური წყლულის არსებობისას უმჯობესია როგორც ტრადიციული, ასევე სელექციური არასტეროიდებისგან საერთოდ თავის შეკავება.



ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები  

გულისრევა და ღებინება ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. ხშირად ეს სიმპტომები მკურნალობის დროს გამოყენებული პრეპარატების პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენის შედეგია. მაგ.: ოპიოიდები, ციტოსტატიკები, რადიოთერაპია, მეტაბოლური დარღვევა (ურემია), ჰიპერკალცემია. 


გულისრევა და ღებინების სამკურნალო ხშირად გამოყენებული საშუალებებია:

დიმენჰიდრინატი

ჰისტამინის რეცეპტორის ანტაგონისტია

არჩევის პრეპარატია მოძრაობის (”ზღვის”) ავადმყოფობის დროს ბავშვებში

გვერდითი მოქმედება: გაბრუება

ურთიერთქმედება: აძლიერებს ცენტრალური დათგრუნვის ეფექტებს ფსიქოტროპული მედიკამენტების უმრავლესობასთან ერთად მოხმარებისას.

ჰალოპერიდოლი

ნეიროლეპტიკია - დოფამინის რეცეპტორის ანტაგონისტი

დოფამინის გარდა თრგუნავს სეროტონინს, აცეტილქოლინს, ნორეპინეფრინს

გვერდითი მოქმედება: დისტონია და სხვა ექსტრაპირამიდული გამოვლინებები; გაბრუება.

რეკომენდებულია გატიტრვა (”დოზის ტიტრაცია”).

მეტოკლოპრამიდი

მიუხედავად ქიმიური მსგავსებისა ნეიროლეფსიური მოქმედება არ გააჩნია

დოფამინის რეცეპტორის ანტაგონისტია

აქვს ცენტრალური და პერიფერიული პროკინეზული მოქმედება

გვერდითი მოქმედება: გაბრუება; მწვავე დისტონია, გვიანი დისკინეზია (tardive dyskinesia) და სხვა ექსტრაპირამიდული გამოვლინებები (განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში)

უმჯობესია – ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ონდანსეტრონი

სეროტონინის რეცეპტორის ანტაგონისტია

ძირითადი ჩვენება რადიოთერაპიით და ციტოსტატიკებით ინდუცირებული ღებინების პრევენცია

გვერდითი მოქმედება: თავის ტკივილი, ყაბზობა.

სკოპოლამინი

მუსკარინის რეცეპტორის ანტაგონისტია

ძირითადად გამოიყენება მოძრაობის (”ზღვის”) ავადმყოფობის დროს

ახალი სამკურნალო ფორმა – სალბუნი

გვერდითი მოქმედება: დაღლილობა, პირის სიმშრალე, მიდრიაზი, გაბრუება.



ღებინების საფეხურეობრივი მკურნალობა 



ყაბზობის სამკურნალო საშუალებები: საფაღარათოები  

ყაბზობა შეიძლება ძირითადი ავადმყოფობით ან მკურნალობით გამოწვეული იყოს. ყაბზობა ოპიოიდური თერაპიის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა. ნაწლავების მოქმედების გაიშვიათებას იწვევენ ტცა და ნეიროლეფსიური საშუალებებიც. 


ყაბზობის გავრცელებული მიზეზებია: საერთო სისუსტე, აზროვნების აბნევა, სითხეების შეზღუდული მიღება, გაუწყლოვნება, ფიზიკურად ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი.


ზ.ა. მდგომარეობების დროს ტკივილის პირდაპირი მკურნალობის პარალელურად აუცილებელი ხდება საფაღარათო საშუალებების გამოყენება.


საფაღარათოების კლასიფიკაცია  

საპოხი და დამარბილებელი

თხევადი პარაფინი

დოკუსატი

ნაწლავის კონტაქტური სტიმულატორები

ბისაკოდილი

Na-პიკოსულფატი

სენას ფოთლები, რეის ფესვები, ფრანგულას ქერქი, ალოე

აბუსალათინის ზეთი, კასკარა, ფენოლფტალეინი

მოცულობითი (უჯრედისით მდიდარი საკვები და დანამატები):

ცელულოზა, ქატო, ხორბლის ღივი, სელის თესლი, ფსილიუმი, აგარ-აგარი, კარბოქსიმეთილ-ცელულოზა, მეთილ-ცელულოზა, გუარის ფისი.

ოსმოსურად აქტიური – ოსმოსური საფაღარათოები

ლაქტულოზა, მაკროგოლი, ლაქტიტოლი, მანიტოლი, სორბიტოლი

Mg-ის მარილები (სულფატი,ჰიდროქსიდი, ოქსიდი, პეროქსიდი, კარბონატი, ციტრატი)

Na-სულფატი, K/Na-ტარტრატი, K-ბიტარტრატი, K-ციტრატი

ოყნით შესაყვანი

ბისაკოდილი, დანტრონი, გლიცეროლი, ზეთები, სორბიტოლი, Na-ლაურისულფატი, Na-ფოსფატი, პენტაერითრიტოლი

პერიფერიული ოპიოიდური ანტაგონისტები

ალვიმოპანი, მეთილნალტრექსონი

პროსტაგლანდინები

ლუბრიპროსტონი

სხვა საფაღარათოები

ლინაკლოტიდი.


საფაღარათო საშუალებების გამოყენების საფეხურები ოპიოიდური ყაბზობის დროს 



 

ლიტერატურა  

[1] Russell RG. Bisphosphonates: mode of action and pharmacology. Pediatrics 2007;119 Suppl 2:S150-62.
[2] Suzuki M. Role of N-methyl-D-aspartate receptor antagonists in postoperative pain management. Curr Opin Anaesthesiol 2009;22:618–22.

  Copyright 2012