ქრონიკული მენჯის ტკივილი


მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი ქალებში: ზოგადი მიმოხილვა

 ბესარიონ ტყეშელაშვილი

მენჯის ღრუს ქრონიკულ ტკივილი ეწოდება 6 თვის ან მეტი ხანგრძლივობის არაციკლურ (არამენზესურ) ტკივილს მენჯში, მუცლის წინა ნაწილში ჭიპის ზემოთ ან ქვემოთ, ზურგში გავა-წელის შესახსრების დონეზე ან დუნდულოების მიდამოში, რომელიც იმდენად მძაფრია, რომ იწვევს ფუნქციურ უუნარობას ან საჭიროებს სამედიცინო მეურვეობას. [1]

აქ არ იგულისხმება ვულვის და ციკლური ტკივილი, ანუ დისმენორეა, თუმცა ეს სიმპტომები შეიძლება თან ახლდეს ამ სინდრომს.

მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი ფართოდ გავრცელებული ავადმყოფობაა, იგი შეიძლება სიცოცხლის განმავლობაში 7-დან ერთ ქალს შეეხოს.[2] პირველადი ამბულატორიული დახმარების პრაქტიკაში ეს დიაგნოზი რეპროდუქციული ასაკის ქალთა 39%-ს შეიძლება დაუდგინდეს.[3] გინეკოლოგთან მიმართული პაციენტების საერთო რაოდენობის 10%-ში მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი დიაგნოზი ისმება. 18-დან 50 წლამდე ქალთა მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის მხოლოდ ამბულატორიული მეურვეობა ამერიკელ ხალხს 1 მილიარდ დოლარამდე უჯდება ყოველწლიურად. [4] [5]

მენჯის ღრუს ქრონიკულ ტკივილი წარმოადგენს სინდრომს ანუ ავადმყოფობების ერთობლიობას – ე.წ. „ქოლგას“, რომელშიდაც გაერთიანებულია სხვადასხვა გინეკოლოგიური და არაგინეკოლოგიური ნოზოლოგიები. ამ დიაგნოზის დროს ჰისტერექტომია უკეთდება პაციენტთა 12%-ს, ხოლო დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია – 25-40%-ს.

ცხრილი: ფაქტები ქალთა მენჯის ღრუს ქრონიკულ ტკივილის შესახებ

Capture.JPG

რისკის ფაქტორები

დემოგრაფიული მონაცემები

მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი შესაძლებელია შეგვხვდეს ნებისმიერი ასაკის ქალებში, მაგრამ რეპროდუქციულ პერიოდში მისი გავრცელება განსაკუთრებით ხშირია. ავადობა პიკს აღწევს 26-დან 30 წლამდე პერიოდში. რამდენადმე უფრო მეტად შავი რასის წარმომადგენლები ავადდებიან.[3]

ფიზიკური და სქესობრივი ძალადობა

დაავადებული ქალების მნიშვნელოვან ნაწილს წარსულში ფიზიკური ან სქესობრივი ძალადობის ფაქტი აღენიშნებათ, მაგრამ ამ ფაქტორების სპეციფიკურობა და პათოგენეზური მექანიზმი ცნობილი არ არის.

მენჯის ღრუს ანთებითი ავადმყოფობები

მენჯის ღრუს ქრონიკული ანთებითი ავადმყოფობების დროს ქალების 18-35%-ს უვითარდება ქრონიკული ტკივილი, ამ ფაქტის ზუსტი პათომექანიზმი ცნობილი არ არის, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ რეპროდუქციული ორგანოების ანთებითი ავადმყოფობები აღნიშნული სიმპტომის განვითარებას უწყობს ხელს. ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევებია ქლამიდია და გონორეა. მარტივი ჰერპესის დროს მენჯის ძლიერი ტკივილი თანხლებულია ლორწოვანზე წყლულების არსებობასთან.[6]

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის ჯირკვლოვან-სტრომული ჰეტეროტოპიების არსებობაა ენდომეტრიუმის შრის გარეთ, სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. იგი შესაძლოა დისმენორეის და მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის პირდაპირი მიზეზი იყოს შემთხვევათა 5-40%-ში. ენდომეტრიოზთან ასოცირებული ტკივილი ყოველთვის იწყება მენზესურ ტკივილთან ერთად, პროგრესირებისას ვრცელდება ლუთეურ ფაზაში, მწვავდება მენზესის წინ და უშუალოდ მენზესის დროს.

ენდომეტრიოზთან დაკავშირებული მენჯის ტკივილის მქონე ქალებს აქვთ მძიმე დისმენორეა, ხოლო დისპარეუნია აღინიშნება 40%-ში. კლინიკური დიაგნოზი დაფუძნებულია ანამნეზზე და ფიზიკურ დათვალიერებაზე. შემთხვევათა დაახლოებით 85%-ში მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის დროს ადგილი აქვს ენდომეტრიოზს, თუმცა ამ დიაგნოზის დამტკიცება ჰისტოლოგიურად ხდება, ხოლო ლაპარასკოპიისას ვიზუალური დიაგნოზი გარკვეულ შემთხვევებში ცრუ-დადებითია.

სამეანო ანამნეზი

ორსულობა და მშობიარობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მენჯის ღრუს ქრონიკულ ტკივილთან. ხელშემწყობი ფაქტორებია:

ძვალ-კუნთოვანი ტრავმა

დიდი ნაყოფი

ვაკუუმით ექსტრაქცია

მაშების გამოყენება.

ქირურგიული ჩარევა

ანამნეზში მენჯის და მუცლის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული შეიძლება გახდეს მენჯის ღრუს ქრონიკულ ტკივილის გამომწვევი. სხვადასხვა მიზნით საშვილოსნოს ყელზე ჩატარებული ოპერაცია ზრდის ენდომეტრიოზის განვითარების და, შესაბამისად, მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის განვითრების რისკს. შემთხვევა-კონტროლის კვლევებით დადგინდა, რომ საკეისრო კვეთა ასევე შესაძლებელია იყოს მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის განვითარების რისკის ფაქტორი.

პათოგენეზი

მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი საწყის ეტაპზე პერიფერიული წარმოშობისაა და არა ცენტრალური. მრავალი სომატური ავადმყოფობა ასევე წარმოადგენს პერიფერიული ქრონიკული ტკივილის მიზეზს. ტკივილი ქრონიკულად გარდაისახება, იმ შემთხვევებში, სადაც არ არსებობს ავადმყოფობის ეთიოტროპული მკურნალობა, მაგ.: ინტერსტიციული ცისტიტის ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შემთხვევაში. სხვა დროს ვითარდება ნეიროგენული ტკივილი, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციასთანაა დაკავშირებული.

ითვლება, რომ მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის პოტენციური მიზეზები რეპროდუქციული, საშარდე და კუჭ-ნაწლავის ავადმყოფობებია. ტკივილის სომატური მიზეზი ასევე შეიძლება იყოს მენჯის ძვლების, იოგების, კუნთების და ფასციების პათოლოგიები. გინეკოლოგმა უნდა განასხვავოს გინეკოლოგიური და არაგინეკოლოგიური მიზეზები ერთმანეთისგან. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ მართვასა და მკურნალობაში.

მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის გამომწვევი, ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზებია

ენდომეტრიოზი

ინტერსტიციული ცისტიტი და

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის დროს, ტკივილი სიმძიმის მიხედვით შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი და მძიმე. შემოღებულია კითხვარის ფორმა (McGill), რომელიც აჯამებს ტკივილის სახეობის და სიმძიმის მონაცემებს.

ცხრილი: მენჯის ღრუს ქრონიკულ ტკივილთან ასოცირებული ავადმყოფობები

Capture.JPG

დიაგნოზი

მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის დროს ზუსტი დიაგნოზის დასმას შესაძლო დიაგნოზების სიმრავლე ართულებს. ტკივილის ლოკალიზაცია, ანამნეზი და ფიზიკური დათვალიერება ზუსტი დიაგნოსტიკის და მკურნალობის, ასევე ძვირადღირებული ლაბორატორიული კვლევების თუ ოპერაციული ჩარევების მინიმიზაციის საწინდარია. გასათვალისწინებელია, რომ რუტინული საშოსმხრივი დათვალიერებაც კი ასეთ პაციენტებზე სტრესულად მოქმედებს.

პოტენციური ეტიოლოგიური ფაქტორების სიმრავლე მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს. სპეციალური კითხვარების საშუალებით აუცილებელია პაციენტებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება და სწორი ანალიზი.

ტკივილის ლოკალიზაციის დადგენა გადამწყვეტი მომენტია ავადმყოფობის დიაგნოსტიკაში. აუცილებელია ტკივილის რუქის შედგენა, რომელიც გვიჩვენებს ტკივილის ძირითად კერას და მის გავრცელებას როგორც მუცლის, ასევე ზურგის მიდამოებში.

საშვილოსნოს ყელს, საშვილოსნოს და დანამატებს იგივე ინერვაცია აქვთ, რაც შარდის ბუშტს, შარდსაწვეთს, თეძოს, სწორ და სიგმოიდურ ნაწლავებს. ამიტომ მენჯის ღრუს ორგანოების ტკივილის დროს რთულია გინეკოლოგიური, უროლოგიური და ნაწლავური გენეზის ტკივილის ერთმანეთისგან გარჩევა. მნიშვნელოვანია ტკივილის ირადიაციის დადგენა. ტკივილი, რომელიც ვრცელდება საშვილოსნოს ყელიდან ან საშვილოსნოდან ქვევით და უკან, დისმენორეად ითვლება და ხშირად ასოცირებულია ძვალ-კუნთოვან პრობლემებთან. ტკივილის სიმძიმის განსაზღვრა ნაკლებად მნიშვნელოვანია ქრონიკული ტკივილის დიაგნოსტიკისთვის, სამაგიეროდ, აუცილებელია მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის.

ანამნეზიდან დასაზუსტებელია აქვს თუ არა პაციენტს გადატანილი ოპერაციული ჩარევა, რომელიც ამ ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია ფსიქოსოციალური ისტორიის შედგენა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეპრესიის გამოვლენას. Zung და Beck-ის მიერ შედგენილი HANDS კითხვარის სკალა გვეხმარება დეპრესიის სკრინინგში.

ასევე მნიშვნელოვანია ტკივილის პერიოდულობის დადგენა. მენზესთნ დაკავშირებული ტკივილის ციკლურობა გვაფიქრებინებს გინეკოლოგიურ ავადმყოფობაზე, თუმცა ეს არ არის პათოგნომური ნიშანი, რადგან იგივე პერიოდულობა შეიძლება შეგვხვდეს კუჭ-ნაწლავის, უროლოგიური და ძვალ-კუნთოვანი ტკივილის დროსაც. მაგ: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან ინტერსტიციური ცისტიტი ხშირად მძაფრდება წინამენზესურ პერიოდში.

McGill-ის ტკივილის კითხვარის მოკლე ფორმა გვეხმარება განვსაზღვროთ ტკივილის ხასიათი. მაგ., ნეიროპათიული ტკივილი ხშირად აღწერილია როგორც მწველი, მჭრელი და გამჭოლი, ელექტრული დარტყმის მსგავსი. კუნთოვანი ტკივილი ხასიათდება როგორც მწვავე, ბასრი, რომელიც იცვლის პოზიციას. მსგავსი ხარისხის და ირადიაციის შესაძლოა იყოს ვისცერული ტკივილიც.

ფიზიკური დათვალიერება პალპაციის დახმარებით და პოზიციის შეცვლით, გვეხმარება მოვძებნოთ ტკივილის ზუსტი ადგილმდებარეობა. მგრძნობიარე ადგილების ე. წ. ,,ტკივილის რუქა’’ სისტემური და მეთოდური გასინჯვის შედეგად დგება. დათვალიერებისას ვაფასებთ ძვალ-კუნთოვან, კუჭ-ნაწლავის, საშარდე და ნერვულ სისტემებს, ნაწილობრივ რეპროდუქციულ ტრაქტს. გამოკვლევა ტარდება მდგომარე, მჯდომარე, გულაღმა მწოლიარე და ლითოტომიის პოზიციებში. ცხრილი: ქრონიკული მენჯის ღრუს ტკივილის სადიაგნოზო ტესტები

ცხრილი: ქრონიკული მენჯის ღრუს ტკივილის სადიაგნოზო ტესტები

Capture.JPG

,,ტკივილის რუქის’’ შედგენისას გამოიყენება წელის, მუცლის და მენჯის არეში ერთი თითით პალპაცია. შესაბამისი კუნთების ტონუსის, სპაზმის და მიალგიის შესაფასებლად, ასევე, საშვილოსნოს ყელის და ყელის მიმდებარე ქსოვილების მგრძნობელობის დასადგენად შეიძლება ჩატარდეს საშოდან და უკანა ტანიდან თითით გასინჯვა. სარკეებში დათვალიერება და ბიმანუალური გასინჯვა აუცილებელია, ისევე, როგორც საშვილოსნოს ყელის, პარაცერვიქსის, საშოს თაღების, საშვილოსნოს და დანამატების ღრმა პალპაცია.

ლაპარასკოპიული მეთოდი მენჯის ღრუს ტკივილის ზუსტი დიაგნოზის დასმის ალბათობას 40%-ზე მაღლა სწევს.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია და შემთხვევათა 50-80%-ში გვხვდება.

საეჭვო სიმპტომებია:

ნაწლავების მოქმედება კვირაში სამზე ნაკლებჯერ

ნაწლავების მოქმედება დღეში სამზე მეტჯერ

მყარი ან დიდი განავლოვანი მასა

თხელი ან წყლისებრი განავალი

მუცლის დაჭიმულობა ნაწლავების მოქმედების დროს

ნაწლავების მოქმედების გადაუდებელი მოთხოვნილება

დაუკმაყოფლების განცდა ნაწლავების მოქმედების შემდეგ

ლორწოს პასაჟი

მუცლის შებერილობა და სიმძიმე.

ცხრილი: მენჯის ღრუს ტკივილის და მოშარდვის სიხშირის სკალა [11]

Capture.JPG
ინტერსტიციური ცისტიტი

ინტერსტიციური ცისტიტი არის შარდის ბუშტის გაურკვეველი ეტიოლოგიის ქრონიკული ანთება, რომელსაც ახასიათებს:

მოშარდვის გადაუდებელი მოთხოვნილება ხშირი შარდვა მენჯის ღრუს ტკივილი ცისტოსკოპიით დადგენილი ჰემორაგიები ლორწოვანზე.
მენჯის ღრუს ანთებითი ავადმყოფობები

მენჯის ღრუს ანთებითი ავადმყოფობების 15-30% ში ვითარდება მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი. დიაგნოზი დაფუძნებულია ანამნეზურ მონაცემებზე

გადატანილი მენჯის ღრუს ანთებითი ავადმყოფობები

ამ მიზეზით გადატანილი ოპერაციული ჩარევა

დანამატების შეხორცებები

ტუბო-ოვარიული კომპლექსი

მილის შეხორცება და ფიმოზი

ჰიდროსალპინქსი.

იმ შემთხვევაში, როცა არის ეჭვი მწვავე გენიტალურ ინფექციაზე, ტუბერკულოზით გამოწვეული მენჯის ღრუს ანთებითი ავადმყოფობებიც უნდა გვახსოვდეს. ასეთ შემთხვევებში გაზრდილია აივ-ინფექციასთან კომბინაციის რისკი. 25%-ზე მეტ შემთხვევაში, ფილტვის ტუბერკულოზის დროს აღინიშნება მენჯის ღრუს ორგანოთა ტუბერკულოზი, მათგან 25%-ს აღენიშნება მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი.

მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზი

მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზი შეიძლება იყოს მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის მიზეზი, რომელიც ძირითადად წინამენზესური და მენზესური ტკივილის სახით ვლინდება. ტკივილი მონოტონურია, დისპარეუნია და კოიტუსის შემდგომი ტკივილი წარმოდგენილია 65%-ში. მუცლის პალპაცია იწვევს მენჯის ტკივილს ქალების 80%-ში, დიაგნოზი მტკიცდება მენჯის ვენოგრაფიით, რომელიც გვიჩვენებს ვენურ სტაზს, დილატაციას და საკვერცხის ან საშვილოსნოს სისხლძარღვების წნულების ფორმირებას.

შეხორცებები

შეხორცება არის შეცვლილი ფიბროზული ქსოვილი, რომელიც არასწორად აერთებს ერთ ანატომიურ სტრუქტურას მეორესთან. ძირითადი გამომწვევია მუცლის და მცირე მენჯის ღრუში ქირურგიული ჩარევა. სხვადასხვა ოპერაციის შემდეგ შეხორცებები 67%-ში ვითარდება. შეხორცებები ხშირად ყალიბდება შემდეგი ავადმყოფობების დროს წარმოებული ოპერაციის შემდგომ:

აპენდიციტი

ენდომეტრიოზი

ნაწლავის ქრონიკული ანთებითი ავადმყოფობა

ნეოპლაზია.

ზოგადად მიღებულია, რომ შეხორცებებმა შეიძლება გამოიწვიონ ნაწლავური გაუვალობა და უნაყოფობა, მაგრამ მათი როლი ქრონიკული მენჯის ტკივილის გამოწვევაში არ არის საბოლოოდ გარკვეული. არსებობს კავშირი შეხორცებებსა და მენჯის ღრუს ქრონიკულ ტკივილს შორის, რადგან ინტრააბდომინური და მენჯის ღრუს შეხორცებები უფრო ხშირად იმ ქალებში გვხვდება, რომელთაც აღენიშნებათ ქრონიკული მენჯის ტკივილი.

ლაპარასკოპიული კვლევებით გაირკვა, რომ შეხორცებების მქონე პაციენტთა სულ მცირე ერთ მესამედში აღინიშნება ადგილობრივი, ზედმეტად მომატებული მგრძნობელობა ტკივილის რუქის დადგენისას, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შეხორცებები იწვევს ტკივილს მხოლოდ გარკვეულ ჯგუფში და არა ყველა ქალში, ვისაც მენჯის ღრუში შეხორცებები აქვს.

მენჯის ღრუში შეხორცებებით გამოწვეული ტკივილი როგორც წესი, თანხვედრილია მის ლოკალიზაციასთან, ძლიერდება უეცარი მოძრაობის, სქესობრივი კავშირის ან გარკვეული ფიზიკური აქტივობის დროს.

ანამნეზში გენიტალიების და ნაწლავების ქრონიკული ანთებითი ავადმყოფობა, ენდომეტრიოზი, პერფორირებული აპენდიციტი, გადატანილი მუცლის ან მენჯის ღრუს ქირურგიული ოპერაცია შემთხვევათა 50%-ში იწვევს მენჯში შეხორცებითი პროცესის განვითარებას.

არაინვაზიური მეთოდები (CT, MRI, ულტრაბგერითი კვლევა) საშუალებას გვაძლევს მხოლოდ ვივარაუდოთ შეხორცებითი პროცესის არსებობა-არარსებობის შესახებ. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ლაპარასკოპია.

დეპრესია

გაურკვეველია ეტიოლოგიური ურთიერთკავშირი დეპრესიასა და ქრონიკულ ტკივილს შორის, მიუხედავად ამისა, დეპრესია მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის ერთ-ერთ ძირითად სადიაგნოზო კრიტერიუმად რჩება.


ლიტერატურა

[1] American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG). Chronic pelvic pain. Washington (DC): American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG); 2004 Mar. 17 p. (ACOG practice bulletin; no. 51).

[2] Mathias SD, Kuppermann M, Liberman RF, et al. Chronic pelvic pain: prevalence, health-related quality of life, and economic correlates. Obstet Gynecol. Mar 1996;87(3):321-7.

[3]Jamieson DJ, Steege JF. The prevalence of dysmenorrhea, dyspareunia, pelvic pain, and irritable bowel syndrome in primary care practices. Obstet Gynecol. Jan 1996;87(1):55-8.

[4]Reiter RC. A profile of women with chronic pelvic pain. Clin Obstet Gynecol. Mar 1990;33(1):130-6.

[5] Zondervan KT, Yudkin PL, Vessey MP, et al. Prevalence and incidence of chronic pelvic pain in primary care: evidence from a national general practice database. Br J Obstet Gynaecol. Nov 1999;106(11):1149-55.

[6] Ness RB, Soper DE, Holley RL, all. Effectiveness of inpatient and outpatient strategies for women with pelvic inflammatory disease. AM J Obstet Gynecol 2002;186(5):929-937.

[7] Reiter RC, Shakerin LR, Gambone IC, Milburn AK. Correlation between sexual abuse and somatization in women with somatic and nonsomatic chronic pelvic pain. Am J Obstet Gynecol 165: 104–109, 1991.

[8] Walker EA, Katon WJ, Hansom J, et al. Psychiatric diagnoses and sexual victimization in women with chronic pelvic pain. Psychosomatics 36:531–540, 1995.

[9] Hillis SD, Marchbanks PA, Peterson HB. The effectiveness of hysterectomy for c h ronic pelvic pain. Obstet Gynecol 86: 941–945, 1995

[10] Harrop - Griffiths J, Katon W, Walker E, et al. The association between chro n i c pelvic pain, psychiatric diagnoses, and childhood sexual abuse. Obstet Gynecol 7 1 : 589–594, 1998.

[11] PUF Patient Symptom Scale © 2000 C. Lowell Parsons, MD

http://imaging.ubmmedica.com/all/editorial/obgyn/pdfs/obgyn-puf-scale.pdf





მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის მართვა ქალებში

ბესარიონ ტყეშელაშვილი, გიორგი გეგელაშვილი


მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის მართვა კომპლექსურია და მოითხოვს მრავალი პრობლემის ერთდროულად მოგვარებას. [1] [2]

ქრონიკული ტკივილის მართვის სამიზნეებია:

ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

რეციდივის პრევენცია

ტკივილის ქრონიკულად გარდასახვის თავიდან აცილება.

მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ მოწოდებულია 2 ძირითადი მიდგომა:

ეტიოლოგიური მკურნალობა

გამომწვევი ავადმყოფობის მკურნალობა

სიმპტომური მკურნალობა

ტკივილის გაყუჩება

ეტიოლოგიური მკურნალობა

ენდომეტრიოზის მკურნალობა

ენდომეტრიოზის სამკურნალოდ შესაძლებელია როგორც ქირურგიული, ასევე მედიკამენტური მკურნალობის ან ორივე ამ მეთოდის კომბინაციის გამოყენება.

ქირურგიული მკურნალობა

ლაპარასკოპიულ-ქირურგიული მკურნალობისას ხდება ენდომეტრიული უბნების დესტრუქცია და შეხორცებების ლიზისი. ენდომეტრიოზის რეციდივის მინიმიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ყველა ენდომეტროიდული კერის რეზექცია ან დესტრუქცია. რანდომიზებული, კლინიკურ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ლაპაროსკოპიული მკურნალობიდან 6 თვის თავზე პაციენტების 63%-ში ჩნდება ტკივილის სინდრომი.

ენდომეტრიოზთან დაკავშირებული მენჯის ტკივილის მკურნალობისას შესაძლოა ნევროლიზური პროცედურების გამოყენება, კერძოდ გავა-საშვილოსნოს იოგების ტრანსსექცია, და პრესაკრალური ნევრექტომია. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, პრესაკრალური ნევრექტომია გარკვეულად ამცირებს ტკივილის ინტენსივობას, ხოლო გავა-საშვილოსნოს იოგების ტრანსსექცია არაეფექტურად ითვლება ენდომეტრიოზთან ასოცირებული მენჯის ტკივილის მკურნალობის დროს.

ენდომეტრიოზის მკურნალობის მეთოდად ასევე გამოიყენება ჰისტერექტომია და ბილატერალური სალპინგოოოფორექტომია, თუმცა, მათი ეფექტურობის შესაფასებლად არცერთი მაღალი რანგის კლინიკური კვლევა არ ჩატარებულა.

მედიკამენტური მკურნალობა

ენდომეტრიოზთან ასოცირებული მენჯის ტკივილის მედიკამენტური მკურნალობისთვის გამოიყენება ჰორმონული პრეპარატები

შიგნით მისაღები (ორალური) კონტრაცეპტივები

დანაზოლი

პროგესტინები

გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონების აგონისტები – GnRH.

FDA-ს მიერ რეკომენდებულია დანაზოლი და GnRH ანალოგები. ისინი მოქმედებენ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ რგოლზე და ამცირებენ მალუთეინიზებელი და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონების პროდუქციას, რაც დაღმავალი რეგულაციით იწვევს ესტრადიოლის დონის შემცირებას.

რანდომიზებულ, კონტოლირებად კვლევებზე დაყრდნობით დადგინდა მხოლოდ დანაზოლის და GnRH-ების თანაბარი ეფექტურობა. GnRH-აგონისტები გამოიყენება არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, ესტროგენთან ან პროგესტინთან ერთად. ასევე დადგენილია, რომ მიფეპრისტონის ანტიპროგესტინული ეფექტი განაპირობებს ენდომეტრიოზთან ასოცირებული მენჯის ტკივილის ინტენსივობის შემცირებას. დანაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ანდროგენული ტიპის გვერდითი ეფექტები.

მედიკამენტური მკურნალობისას გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს

სისხლდენა

გუნება-განწყობის შეცვლა

დეპრესია

წონის ცვლილება

გაღიზიანებადობა.

ინტერსტიციული ცისტიტის მკურნალობა

FDA-ს რეკომენდაციით მოწოდებულია DHSO-Dimethylsulfoxide, როგორც პირველი რიგის პრეპარატი ინტრავეზიკულური თერაპიისთვის 4-8ჯერ 1-2 კვირის ინტერვალით, რომლის ფონზე მიიღწევა ხანგრძლივი რემისია და არა სრული განკურნება.

შიგნით მისაღები საშუალებებიდან გამოიყენება:

ნატრიუმის პენტოზან-პოლისულფატი

ციკლოსპორინი

L-არგინინი

ჰიდროქსიზინი.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა

უპირველესი ღონისძიებაა დიეტა: ლაქტოზის, ფრუქტოზის და სორბიტოლის შემცველი საკვების ამოღება კვების რაციონიდან. მნიშვნელოვან შედეგს იძლევა არაფარმაკოლოგიური მეთოდები:

ფსიქოთერაპია

სტრესის თავიდან აცილება და მართვა

კუნთების მოდუნება (რელაქსოთერაპია)

მედიკამენტებიდან გამოიყენება

ნაწლავების მოქმედების დამარეგულირებელი საშუალებები

საფაღარათოები ან

ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებები

სპაზმის მომხსნელი საშუალებები

ანტიდეპრესიული საშუალებები

ტცა

სუმსი.

დაწვრილებით იხ., http://www.pain.org.ge/branch/therapy/syndromes/annoyed.php

შეხორცებების მკურნალობა

ტრადიციული მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას. უპირატესობა ენიჭება ლაპარასკოპიული მეთოდის გამოყენებას.

ტკივილის სიმპტომური მკურნალობა

ტკივილის გაყუჩება გადამწყვეტი კომპონენტია მკურნალობის პროცესში. იგი მოიცავს როგორც მედიკამენტურ (ფარმაკოლოგიურ), ისე არამედიკამენტურ (არაფარმაკოლოგიურ) მეთოდებს:
მედიკამენტური მკურნალობა

არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები

პარაცეტამოლი და სხვ.

იხ., http://www.pain.org.ge/drugs/analgesic/noopioid/

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

იბუპროფენი, ასპირინი, ნაპროქსენი და სხვ.

იხ., http://www.pain.org.ge/drugs/arasteroidebi/

ანტიდეპრესანტები

არჩევის ტცა: ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი

არჩევის სუმსი: ფლუექსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი

ასევე: დოქსეპინი, დესიპრამინი, პროტრიპტილინი, ბუსპირონი.

იხ., http://www.pain.org.ge/drugs/adiuvantebi/antidepressants/

ანტიკონვულსანტები

გაბაპენტინი, პრეგაბალინი

იხ., http://www.pain.org.ge/drugs/adiuvantebi/anticonvulsants/

მიორელაქსანტები

ტიზანიდინი

იხ., http://www.pain.org.ge/drugs/adiuvantebi/miorelaksantebi/

ოპოიდური ტკივილგამაყუჩებლები

ოპიოიდები და ბარბიტურატები შეზღუდულად გამოიყენება მიჩვევის და დამოკიდებულების საფრთხის გამო

იხ., http://www.pain.org.ge/drugs/analgesic/opioid/

კომბინირებული საშუალებები

პარაცეტამოლი + ოპიოიდი

არასტეროიდი + ოპიოიდი

ტცა + ოპიოიდი

კომბინირებული საშუალებები უფრო ეფექტურია, მაგრამ შესაძლებელია გვერდითი მოვლენებიც მეტი ჰქონდეს.

არამედიკამენტური მკურნალობა

ფიზიკური თერაპია

სითბოს ან სიცივის აპლიკაცია

პოზიციური თერაპია

გაჭიმვის ვარჯიშები

გაჭიმვის მანიპულაციები – ტრაქცია

მენჯის ფუძის ტრენირება

ულტრაბგერითი მკურნალობა

ელექტროთერაპიული მეთოდები

მაგნიტური ველით მკურნალობა

ნერვის კანგავლითი ელექტრული სტიმულაცია – TENS

სხვა მეთოდები http://www.pain.org.ge/managment/araparmakologia/stimulation/

ფსიქოლოგიური მეთოდები

კუნთების თანმიმდევრული რელაქსაცია

აუტოგენური ტრენირება

წარმოდგენათა აღძვრა

შთაგონება

ბიოლოგიური უკუკავშირით მკურნალობა (ბიოფიდბეკი)

ტკივილის მართვის ტრენინგი

სტრესის დაძლევის ტრენინგი

ფსიქოთერაპია

მედიკამენტური მკურნალობა + ფსიქოთერაპია ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა. [1]

იხ., http://www.pain.org.ge/managment/araparmakologia/psychologicalmethods/

კომპლემენტური და ალტერნატული თერაპია [1]

მცენარეული საშუალებები

ნუტრიციული საშუალებები

აკუპუნქტურა, აკუპრესურა

მტკიცებულებები არასაკმარისია. [3]

იხ., http://www.paulchristomd.com/wp-content/themes/flowhub/pdf/Current-Pain-and-Headache-Reports.pdf

ლიტერატურა

[1] American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG). Chronic pelvic pain. Washington (DC): American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG); 2004 Mar. 17 p. (ACOG practice bulletin; no. 51).

[2] Chronic pelvic pain. In: Fall M, Baranowski AP, Elneil S, Engeler D, Hughes J, Messelink EJ, Oberpenning F, Williams AC. Guidelines on chronic pelvic pain. Arnhem, The Netherlands: European Association of Urology (EAU); 2008 Mar. p. 8-62.

[3] Carinci AJ, Pathak R, Young M, Christo PJ. Complementary and alternative treatments for chronic pelvic pain. Curr Pain Headache Rep. 2013 Feb;17(2):316.



  Copyright 2012