დემენცია და ტკივილი

      გიორგი გეგელაშვილი

დემენცია ანუ ჭკუასუსტობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს უჭირს განსჯა, შეფასება და დამახსოვრება. ჭკუასუსტობის დროს სახეზეა მეხსიერების დაქვეითება და ერთ-ერთის შეფერხება ჩამოთვლილთაგან

აზრის გამოტანა ნათქვამიდან ან წაკითხულიდან

შეჩვეული ანუ ნაცნობი გარემოს აღქმა

თუნდაც მარტივი, მაგრამ მრავალსაფეხურიანი ამოცანის დაგეგმვა და განხორციელება.


ეპიდემიოლოგია  

ჭკუასუსტობის ყველაზე ხშირი და გამორჩეული მიზეზებია:

ალცჰაიმერის ავადმყოფობა (60%-მდე)

სისხლძარღვოვანი დემენცია (დაახლოებით 15%)

შერეული დემენცია

დემენციის ორი ან მეტი სახეობის შეუღლება

დემენცია ლევის სხეულებით

პარკინსონული დემენცია

დემენცია პარკინსონის ავადმყოფობასთან ერთად

ფრონტო-ტემპორული დემენცია

ადრე ეწოდებოდა პიკის ავადმყოფობა

სხვა მიზეზით გამოწვეული დემენცია

ქრონიკული ალკოჰოლიზმი

ვიტამინების დეფიციტი

თავის ტვინის მძიმე და განმეორებითი ტრავმები 

და სხვა.


ჭკუასუსტობის ანუ დემენციის განვითარების სიხშირე იმატებს ასაკის პროპორციულად. ამ ასაკობრივ ჯგუფებში კი ხშირია ქრონიკული ტკივილის თანაარსებობა. ალცჰაიმერის დემენციის ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი არის ასაკი.


ჭკუასუსტობის სიხშირე

>80 წელი - 10%

>85 წელი - 20%

>95 წელი - 40-45%


ტკივილის სიხშირე

>75 წელი - 90%


ალცჰაიმერის ავადმყოფობა  

ალცჰაიმერის ავადმყოფობა თავის ტვინის ნერვული უჯრედების, ნეირონების მზარდი დაზიანებით მიმდინარე პროგრესული ავადმყოფობაა. ყველაზე ხშირად გვხვდება 65 წლიდან, თუმცა იშვიათად უფრო ადრეც იწყება. ქალებში რამდენადმე უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.


მცირე ისტორიული ექსკურსი: 


1901 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა ალოის ალცჰაიმერმა (1864-1915) ფრანქფურტის თავშესაფარში ინახულა 51 წლის პაციენტი ქალბატონი ავგუსტე დ. და კლინიკურად აღწერა ხანმოკლე მეხსიერების დარღვევის შემთხვევა. გერმანელმა ფსიქიატრმა და ნეირომორფოლოგმა ემილ კრეპელინმა 1906 წელს ამ პაციენტის თავის ტვინის მორფოლოგიური შესწავლით აღმოაჩინა ავადმყოფობის მორფოლოგიური სუბსტრატი: ამილოიდური ფოლაქები და ნეიროფიბრილური გორგლები. 1907 წელს ალცჰაიმერმა ავადმყოფობას პრესენილური დემენცია უწოდა. 1915 წელს, ალცჰაიმერის სიკვდილის შემდეგ კრეპელინმა შემოიღო ტერმინი "ალცჰაიმერის ავადმყოფობა".


ადრეული სიმპტომებია:

ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითება (ახალი ფაქტების დავიწყება)

გუნება-განწყობის ცვალებადობა

დაბნეულობა

ორიენტაციის უნარის დაქვეითება

უცნაური ქცევა

აგრესიულობა


მოგვიანებითი სიმპტომებია:

შენელებული აზროვნება

დეზორიენტაცია

ქცევის ცვლილებები

ცნობიერების აბნევა

აგრესიულობა

მეტყველების, ყლაპვის, სიარულის გაძნელება.



სურათზე: ალცჰაიმერის ავადმყოფობით დაავადებული მსახიობი ჩარლტონ ჰესტონი (1923-2008) და ამერიკის პრეზიდენტი (1981-1989) რონალდ რეიგანი (1911-2004)


კოგნიტიური მოშლის დადგენა  

გამოიყენება ფოლშტეინის მინი-მენტალური მდგომარეობის კვლევა, ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს 30 კითხვას ან სავარჯიშოს (თარიღი ან დრო, სამეტყველო სავარჯიშოები, მარტივი ზეპირი არითმეტიკა და ხატვის სავარჯიშოები). სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით. 24 ქულაზე ნაკლები მიუთითებს სავარაუდო დემენციაზე და საჭიროა შემდგომი კვლევის წარმოება.


ტკივილის განცდა და კომუნიკაცია  

ადრე ეგონათ, რომ ჭკუასუსტობის მქონე ადამიანებს არ აწუხებდათ ტკივილი. დღეს კი ცნობილია, რომ ასეთი პაციენტები ტკივილს ნამდვილად შეიგრძნობენ, თუმცა მათ უჭირთ განცდის გამოხატვა. მიმდინარე კვლევები ადასტურებენ, რომ დემენციის მქონე პაციენტებში ტკივილის მწირი ვერბალური გამოხატულება განპირობებული უნდა იყოს ტკივილის აღქმის დარღვევით ან/და მისი გამოხატვის დეფიციტით.


ტკივილის განცდის დარღვევები  

ექსპერიმენტული კვლევებით დადასტურდა, რომ ალცჰაიმერის დემენციით შეპყრობილ პაციენტებში ტკივილის ზღურბლი [1] და სენსორული კომპონენტი უცვლელია, ხოლო ტკივილის ასატანობა (ტოლერანტობა) [2] და ავტონომური ნერვული რეაქციების ზღურბლი [3] სრულყოფილად მოაზროვნე პაციენტებთან შედარებით გაზრდილია.


სიტყვიერი ურთიერთობის დეფიციტი  

ალცჰაიმერის დემენციით შეპყრობილ პაციენტებში დარღვეულია არა მარტო ტკივილის განცდა, არამედ ტკივილის კომუნიკაციაც. პაციენტთა ნაწილს არ ძალუძს ტკივილის ადექვატური აღწერა ისეთი კოგნიტიური შეზღუდვების გამო, როგორიცაა: აფაზია (დისფაზია), სენსორული მოშილობები და ა. შ.


ტკივილი და ქცევითი ცვლილებები  

ქცევაზე დაკვირვება აქტუალობას იძენს იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს ძალა არ შესწევს გამოიყენოს ტკივილის ან დისკომფორტის შესახებ სკალა ან უპასუხოს მარტივ კითხვებზე. დემენციით დაავადებულ პაციენტებში ქცევითი ცვლილებები ავტონომურ ნერვულ სიმპტომატიკასთან [4] ერთად შეიძლება მიუთითებდეს ტკივილის არსებობაზე.


ტკივილის გამოხატულებები  

ვერბალური გამოხატულებები

წუწუნი

კვნესა

ყვირილი.


არავერბალური გამოხატულებები

სიჩუმე და მოცილება

ემბრიონის პოზა

ხელების მიჭერა მტკივნეულ ადგილზე

მიმიკა

წარბების შეჭმუხვნა 

ფართოდ გახელილი თვალები

გაშტერებული მზერა

მოუსვენრობა ან აგრესია

კუნთოვანი დაჭიმულობა.


ტკივილის შეფასება  

დემენციის მქონე პირებში ტკივილის ინტენსივობა უნდა შეფასდეს სტანდარტიზებული სკალებით, შესაძლებელია ”ღიმილაკების” გამოყენებაც.


ქცევითი სკალები:

ECPA-სკალა - Echellecomportementale de la douleur pour personne agee [5]

DOLOPLUS-სკალა [6]

PAINAD-სკალა [7]


ECPA  

ECPA წამოადგენს ტკივილთან ასცოცირებული ქცევითი ცვლილებების შეფასების ინსტრუმენტს. იგი განკუთვნილია უშუალოდ ხანდაზმული პაციენტების მოვლის პროცესში ჩართულ პირთათვის.

პირველი განზომილებით ფასდება

ვერბალური და მიმიკური ექსპრესია და

პაციენტის იმობილიზაცია.

მეორე განზომილებით ფასდება

შფოთვითი დაცვითი რეაქციები

საპასუხო ქცევა მობილიზაციაზე

მტკივნეული ზონების დათვალიერებაზე რეაქცია და

ვერბალური გამოხატულებები ზრუნვის პროცესში.

მესამე განზომილებით ფასდება

მადა

ძილი

მოძრაობა და

კომუნიკაცია/კონტაქტი.

დაგროვილი ქულებით ხდება ტკივილის ინტერპრეტაცია

ტკივილი არ არის = 0

ძალიან ძლიერი ტკივილი = 44.


DOLOPLUS  

DOLOPLUS2 შედგება შემდეგი კატეგორიებისგან: ტკივილის ვერბალური გამოხატულება, სხეულში დაცვითი პოზები, მტკივნეულ ადგილებზე შეხებისგან თავდაცვა, ექსპრესია, ძილი, დაბანაზე და ჩაცმაზე დაკვირვება, კომუნკაციური კომპონენტები, სოციალური ქცევები და ქცევითი დარღვევები.


PAINAD სკალა  

PAINAD სკალა (Pain Assessment in Advanced Dementia - ტკივილის შეფასება შორსწასული დემენციის დროს) მოიცავს დაკვირვების ხუთ კატეგორიას:

სუნთქვა

ნეგატიური ხმიანობები

მიმიკური გამოხატულებები

სხეულის ენა

ნუგეშიცემის მიღება.


კატეგორიები ფასდება სამქულიანი რეიტინგული სკალით (0, 1 და 2). ტოტალური 10 ქულა მიუთითებს მაქსიმალურ ტკივილზე. თითოეულ კატეგორიაზე დაკვირვების დრო შეადგენს 5 წუთს.



განმარტებები და ლიტერატურა  

[1] სტიმულის ინტენსივობა, რომელიც აღიქმება, როგორც ტკივილი.

[2] სტიმულის ინტესივობა, რომელიც აღიქმება, როგორც გაუსაძლისი.

[3]  ტკივილის ინტენსივობა, რომლის დროსაც იზრდება სისხლის წნევა და გულისცემის სიხშირე.

[4]  ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, ზედაპირული სუნთქვა და ა.შ. 

[5] Morello R., Jean A., Alix M.; L´ECPA ; une èchelle comportementale de la douleur pour personnes âgèes non communicantes. Infokara 1998 ;51:22-9.

[6] www.doloplus.com

[7] Warden V, Hurley AC, Volicer L. Development and Psychometric Evaluation of the Pain Assessment in Advanced Dementia (PAINAD) Scale. J Am Med Dir Assoc 2003;4:9-15.

  Copyright 2012