პაციენტთა უსაფრთხოება

      გიორგი გეგელაშვილი

"და აქიმი ეგეთი ხამს, რომელ აქიმობაი კარგად და სრულად იცოდეს, და მრავალი სააქიმოი წიგნი წაეკითხოს მეცნიერთა ოსტატთა აქიმთათანა, და მრავალჯერ კურნებასა დამხუდარიყოს, და პირმართალი, და მისანდობელი, და უხარბო იყოს. და დიდის გემოი, და ზანტი არ იყოს, და გლახაკთა უნუკუარი იყოს, და უამისო თუ იქნების, სჯობს რომელ სნეულსა ზედა არა მიიყვანონ, და არავინ მიენდობოდეს"


"წიგნი სააქიმოი" XIII საუკუნე



უნებლიე ზიანი


პაციენტის ჯანმრთელობის უნებლიე დაზიანება სამკურნალო პროცესის დამახასიათებელი თვისებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი საავადმყოფოში მოთავსებული ავადმყოფების დაახლოებით 10% იღებს ისეთ დაზიანებებს, რომელთა უმრავლესობის თავიდან აცილება შესაძლებელია.



“უპირველესად, არ ავნო”


ტრადიციული სამედიცინო ფიცი – “უპირველესად, არ ავნო” – ექიმების, ექთნების ან სხვა პრაქტიკოსების მიერ თითქმის არასდროს ირღვევა შეგნებულად, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველდღე ყოველ ქვეყანაში პაციენტებს მიეყენებათ უნებლიე ზიანი სამედიცინო დახმარების მიღების პროცესში.


პირველ რიგში უნდა მოხდეს ამ სამწუხარო სიმართლის აღიარება, არსებული ვითარების მისაღებობის უარყოფა და, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედება – სამედიცინო დახმარების საფრთხის შემცველობის ხელშემწყობი პრობლემების მოსაგვარებლად, რასაც, შესაძლებელია, შეცდომებზე სწავლის პრინციპი ვუწოდოთ.


მკურნალობის პროცესით და არა თავად ავადმყოფობით მიყენებული ზიანის (ძველ წყაროებში – იატროგენია) მიზეზები და გამოსავალი მეტად მრავალფეროვანია. 


ხშირად იგი უმნიშვნელო ან პაციენტისთვის შეუმჩნეველია; ზოგჯერ იწვევს ინვალიდობას, იშვიათად სიკვდილსაც კი.



”ვინ არის დამნაშავე?”


მკურნალობის არასასურველი შედეგის დადგომისას მთავარ “დამნაშავედ” ხშირად მკურნალი ექიმი გვევლინება. არადა, ამ ბრალდების გამოტანის დროს ხშირად ივიწყებენ, რომ ექიმსაც აქვს უდანაშაულობის პრეზუმფცია.


თუ პრობლემას მეორე მხრიდან შევხედავთ, სრულიად გასაგებია ოჯახის ან მთლიანად საზოგადოების ვნებათაღელვა, როდესაც ახლობელი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამკურნალო პროცესი მეტად რთულია. კიდევ უფრო რთულია “მედიცინის კულისები”.


ბუნებრივია ისმის კითხვები

ვინ უნდა შეიხედოს ამ კულისებში?

უნდა იყოს თუ არა ჯანმრთელობის დაცვა გამჭვირვალე?

ვეძებოთ დამნაშავე, თუ გავაუმჯობესოთ პირობები და მთლიანად სისტემა, სადაც მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი?



ზოგიერთი რამ ისტორიიდან  

ძველი ბერძნები და რომაელები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში აღნიშნავდნენ, რომ მკურნალობას შეიძლებოდა პაციენტის დაზიანება გამოეწვია


„მთავარია არ ავნო“ („პრიმუმ ნონ ნოცერე“) შეახსენებდნენ ექიმებს ჰიპოკრატე (ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნე) და კლაუდიუს გალენი (ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნე).


ძველ ქართულ სამკურნალო წიგნებში სიფრთხილეს დიდი ყურადღება ექცეოდა. “აქიმი მეცნიერი და ფრთხილი უნდა რომე შეიტყოს” - ვკითხულობთ „უსწორო კარაბადინში” (X საუკუნე). ქართულ ზეპირსიტყვიერებაშიც არსებობდა გამოთქმა „წამალი შეიძლება საწამლავი გახდეს“


გერმანელი ექიმი თეოფრასტ პარაცელსი (XV საუკუნე) გვაფრთხილებს, რომ წამალი და საწამლავი ერთი და იგივეა, განსხვავება მხოლოდ დოზაშია.


მიუხედავად ამისა, საუკუნეები დასჭირდა მედიცინის არასასურველი გამოსავლისადმი სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას, სამედიცინო შეცდომების ანალიზის ინსტიტუციონალიზაციას და მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს მიიღო დამოუკიდებელი მოძღვრების სახე.



ექიმები პაციენტთა უსაფრთხოებისათვის  

1982 წელს ტელემაუწყებლობა ABC-ის პროგრამა “20/20”-ში მომზადდა გადაცემა „ღრმა ძილი”. ანესთეზიის დროს მომხდარი უბედური შემთხვევების წარმოდგენით პროდიუსერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ყოველწლიურად, ამ მოვლენების გამო 6000 ამერიკელი „ვერ გამოდის ნარკოზიდან“ ან იღებს თავის ტვინის შეუქცევად დაზიანებას. აღნიშნულის საპასუხოდ 1984 წელს ამერიკელმა ანესთეზიოლოგებმა დააარსეს ფონდი „პაციენტთა უსაფრთხოება ანესთეზიაში“ (Anesthesia Patient Safety Foundation).


ამრიგად, ექიმებმა პირველად გამოიყენეს ტერმინი “პაციენტთა უსაფრთხოება” და თავად დაიწყეს სამედიცინო შეცდომების შესწავლა და მართვა.

”შეცდომა ადამიანური ქმედების დამახასიათებელი თვისებაა”

”ვისწავლოთ შეცდომების სამყაროში ცხოვრება”

”შეცდომა შეიძლება დაუშვას ყველა ადამიანმა”

”შეცდომების სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია მათი მნიშვნელოვანი შემცირება”.


1999 წელს, აშშ მეცნიერების ნაციონალური აკადემიის მედიცინის ინსტიტუტმა (IOM) გამოსცა ნაშრომი "შეცდომა ადამიანური თვისებაა: როგორ გავხადოთ ჯანდაცვის სისტემა უფრო უსაფრთხო" (To Err is Human: Building a Safer Health System). 




მედიცინის ინსტიტუტმა დიდი ეროვნული ძალისხმევით შექმნა პაციენტთა უსაფრთხოების ცენტრი, ხელი შეუწყო არასასურველი მოვლენების შეტყობინების (რეპორტირება) დანერგვას, უზრუნველყო ჯანდაცვის ორგანიზაციების უსაფრთხოების პროგრამების შექმნა, მიიპყრო მარეგულირებლების, სამედიცინო სერვისების შემსყიდველების და პროფესიული საზოგადოებების ყურადღება. სწორედ ამ ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა საკითხისადმი პოლიტიკოსთა ინტერესი, რასაც მოჰყვა პაციენტთა უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს გააქტიურება.


პაციენტთა უსაფრთხოება მედიცინის ფუძემდებლური პრინციპების აღორძინებით შეიქმნა. მისი მიზანია მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და სამედიცინო შეცდომების თავიდან აცილება


პაციენტის უსაფრთხოება ავლენს მკურნალობის და მოვლის პროცესთან დაკავშირებულ რისკებს, აანალიზებს სამედიცინო შეცდომებს, ზრუნავს ავადმყოფის, ექიმის, ექთნის უსაფრთხოებაზე და პაციენტისთვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე შემცირებაზე.


პაციენტის უსაფრთხოების პრიორიტეტებია:

პაციენტის ინტერესების უზენაესობა

ექიმის ღირსების ამაღლება

უსაფრთხოების ზომების განუხრელი დაცვა

გუნდური მუშაობა

პაციენტის, ექთნის, ფარმაცევტის მეტი ჩართულობა სამკურნალო პროცესში

სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის განათლება

სამკურნალო დაწესებულებათა სისუფთავე

სამედიცინო პერსონალის და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვა.



რა არის პაციენტთა უსაფრთხოება




  Copyright 2012